დამფუძნებლები

სერგი კაპანაძე – „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი. ამჟამად, არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის იყო საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილე, ასევე – სამინისტროს წარმომადგენელი ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს, უძღვებოდა საქართველოს დელეგაციას. ხელმძღვანელობდა ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ჯგუფს. სერგი კაპანაძეს მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაბეშტი, უნგრეთი) მიენიჭა, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. ის არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი საერთაშორისო პოლიტიკისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.

ელენე ხოშტარია – საქართველოს პარლამენტის წევრი. ის იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. ასევე, მუშაობდა საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში. დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალობით. ელენე ხოშტარია ლექციებს კითხულობს კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში.

თამარ თომაშვილი – მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოში. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ჟენევაში. იყო იურიდიულ საკითხთა მრჩეველი გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში. მონაწილეობდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და საქართველოს ევროკავშირთან  ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებებში. ჰუმანიტარული სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში. სწავლობდა ჟენევის ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა აკადემიაში. ფლობს ნოტინგემის უნივერსიტეტის საერთაშორისო სისხლის სამართლის კურსის დიპლომს.

თინათინ გოლეთიანი – მუშაობდა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტად საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატში. იგი, ასევე, მუშაობდა ეროვნული სამართლის ექსპერტად EUJUST THEMIS-ის ფარგლებში (ევროკავშირის მისია საქართველოში). დამთავრებული აქვს ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯი. ფლობს ბოლონიის უნივერსიტეტის მაგისტრისა და კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს.

დალი ხომერიკი – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრი. ასევე, იყო აფხაზეთის მთავრობის განათლების მინისტრი. აქვს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი არის აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფრანკლინის ჯილდოს მფლობელი. მიღებული აქვს აკადემიური ხარისხები კოლუმბიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი.

დავით ნარდაია – მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. სხვადასხვა თანამდებობა ჰქონდა დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. მაგისტრის ხარისხი მიენიჭა ვაშინგტონში, ეროვნული უსაფრთხოების უნივერსიტეტის, საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეთა კოლეჯში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ირაკლი მატკავა – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე. მუშაობდა ტონი ბლერის ასოციაციისთვის. ასევე იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. ამავე სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი და პროგრამის მენეჯერი ევრაზიის ფონდის რეგიონულ ოფისში. მუშაობდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, პოლიტიკის ანალიტიკოსად. აქვს გრენობლის ბიზნესის სკოლის (საფრანგეთი) მაგისტრის ხარისხი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

შოთა უტიაშვილი –  იყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საქმეთა მინისტრის მოადგილე. მუშაობდა მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივი  ურთიერთობის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად. დამთავრებული აქვს კენედის სახელმწიფო სკოლა, ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა.

თინა ბურჯალიანი – მუშაობს საზოგადოებრივი რეფორმების, სამართლისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკონსულტაციო ინსტიტუტში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ეკავა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. გარდა ამისა, მუშაობდა მთავარი პროკურორის ოფისში,“Holland and Knight LLP”-ში, ატლანტაში. თინა ბურჯალიანი ასევე იყო საქართველოს წარმომადგენელი ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. მას მუშაობის გამოცდილება აქვს ბრიტანეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრში, საქართველოს პარლამენტში და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. რაც შეეხება მის აკადემიურ გამოცდილებას, ლექციებს კითხულობდა საერთაშორისო ურთიერთობების ქართულ ინსტიტუტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. მას განათლება მიღებული აქვს ამერიკაში, ვაშინგტონის სამართლის სკოლაში. ასევე აკადემიური ხარისხები აქვს მოპოვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნოტინგემის უნივერსიტეტში (გაერთიანებულ სამეფოში).

ანდრო გიგაური – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის იურისტი და ლექტორი. მუშაობს არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტისთვის. არის სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მონაწილე (UGRAD, MUSKIE). სამი წლის განმავლობაში მუშაობდა USAID საქართველოს დემოკრატიისა და მართვის ოფისში. დაამთავრა ჯორჯ მეისონის საჯარო პოლიტიკის სკოლა, სადაც სხვადასხვა აქტივობაში იღებდა მონაწილეობას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეუერთდა საქართველოს  იუსტიციის სამინისტროს, სადაც ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

ნოდარ ხარშილაძე – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. საჯარო მოხელედ მუშაობდა 2001 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2002-2005 წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის დაგეგმვისა და ნატო-სთან ინტეგრაციის საკითხებზე. 2005 წელს დაინიშნა თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსად. 2009-2012 წლებში მუშაობდა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. ამ თანამდებობაზე მუშაობისას, იგი პასუხისმგებელი იყო სტრატეგიულ დაგეგმვაზე, რეფორმებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, ნატო-სთან ინტეგრაციაზე, მენეჯმენტზე. 2012 წელს მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ და მისი პასუხისმგებლობა იყო საერთაშორისო ურთიერთობები, ნატო, ევროკავშირი, დაგეგმვა, ტრანსფორმაცია. 1995-2000 წლებში სწავლობდა ანკარის პოლიციის აკადემიაში. 2004 წელს დაამთავრა RAND-ის ტრენინგ-პროგრამა პოლიტიკის ანალიზის შესახებ, 2005 წელს კი – კანადის განვითარების ფონდის კურსი „საზოგადო პოლიტიკის დაგეგმვისა და შეფასების პროგრამა“. 2008 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სტრატეგიული უსაფრთხოების კვლევებში ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში.

კამილ მესეი – მუშაობს შემფასებლად ევროპის საბჭოში. ეუთო-ის მისიით სერბეთში იყო საერთაშორისო კონსულტანტი საჯარო ადმინისტრირების რეფორმების სფეროში, ასევე პოლიციის რეფორმის უფროსი სტრატეგიული დაგეგმარების მრჩეველი. შემფასებლად მუშაობდა ეუთო-ის საერთო სამდივნოს ოფისში. იყო ასევე მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო კვლევითი კომისიის კონსულტანტი. მუშაობდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მისიით სხვადასხვა ქვეყანაში. აქვს ორენოვანი მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო განვითარების მენეჯმენტში, ასევე საერთაშორისო სამართალსა და საჯარო პოლიტიკაში.