logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

10 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან: საჭიროა ახალი გერმანული „აღმოსავლური პოლიტიკა“

admin-ajax (1).png
12 ოქტომბერი, 2018
 0

აატა გაფრინდაშვილი, მარიამ აშვლი

2018 წლის 23-25 აგვისტოს შედგა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პირველი

რეგიონული ტურნე სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მოიცავდა ვიზიტებს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. გერმანიის კანცლერის ვიზიტს არა მხოლოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნული ქვეყნებისთვის, არამედ ასევე წარმოადგენდა რეგიონის მიმართ გერმანიის (და ფართო გაგებით ევროკავშირის) სტრატეგიული ინტერესის არსებობის დემონსტრირებას. ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი აგვისტოს ომის 10 წლისთავს დაემთხვა, რომლის შედეგები დღესაც იგრძნობა. საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ვხედავთ, რომ ანექსიის საფრთხე დღეს ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელმა აღიარა უკანასკნელი ათი წლის მანძილზე საქართველოს მიერ დემოკრატიასა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესი და საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა. თუმცა, კანცლერი ჯიუტად იკავებდა თავს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების „რუსეთის მიერ ოკუპირებულად“ მოხსენიებისგან და სანაცვლად შექმნილ ვითარებას აღწერდა როგორც „უსამართლოს“, იქამდე სანამ სტუდენტებთან შეხვედრაზე დანებებამ და ტერმინ ოკუპაციის პირველად გამოყენებამ არ მოუწია.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მოსახლეობა იმედგაცრუებული დარჩა კანცლერის გზავნილებით საქართველოს ნატოში წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებით. გასული ორი ათწლეულის მანძილზე, საქართველო მტკიცედ აფიქსირებდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სურვილს და უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებით, ქვეყნის მოქალაქეთა 75% მხარს უჭერს ქვეყნის გაცხადებულ მიზანს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. თუმცა საქართველოს მისწრაფებებს გერმანიის მხრიდან საპასუხო ენთუზიაზმი არ გამოუწვევია, როდესაც ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში იგი ვერ ხედავდა საქართველოს ნატოში სწრაფად გაწევრიანების პერსპექტივას. საინტერესოა, აღინიშნოს, რომ ეს განცხადება გააკეთა იმ ქვეყნის მთავრობის მეთაურმა, რომლის ქვეყანაც მაშინ ან სულაც იმიტომ შეუერთდა ნატოს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული.

ევროკავშირთან დაკავშირებით კანცლერის განცხადება, რომ საქართველო და უკრაინა განიხილებიან იმ სახელმწიფოთა წყვილად, რომელთანაც ევროკავშირმა შესაძლოა დაიწყოს მოლაპარაკებები დასავლეთ ბალკანური სახელმწიფოების გაწევრების შემდეგ, უფრო იმედისმომცემია, ვიდრე ნატოს შესახებ გაკეთებული განცხადება. აღნიშნული გზავნილი არ იყო საქართველოს ოფიციალური „ევროპული პერსპექტივის“ მხარდაჭერა, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების თვალსაზრისით ყველა დაინტერესებული მხარისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან მოტივატორს. საქართველოს ევროპული მომავალი

კი საქართველოს გარდა, თავის მხრივ, გერმანიისა და თავად ევროკავშირის გრძელვადიან ინტერესებში შედის.

კანცლერმა გულწრფელად და პრაგმატულად განაცხადა, რომ გერმანიას არ შეუძლია რუსეთთან ენერგოთანამშრომლობაზე უარის თქმა და აუდიტორიას შეახსენა, რომ ცივი ომის დროსაც კი, ევროპა და რუსეთი ანუ მაშინდელი საბჭოთა კავშირი ენერგოსექტორში მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდნენ. თუმცა, ანგელა მერკელმა ასევე სცადა დაერწმუნებინა ისინი, ვინც რუსეთთან მიმართებაში მკაცრ პოლიტიკას მოელის და განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინს სურს ევროპაში ბუნებრივი გაზის ექსპორტი, მაშინ მას მოუწევს მინიმალური პოლიტიკური სტანდარტების დაკმაყოფილება.

ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ გერმანია და ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინაში არსებულ კონფლიქტებს აღიქვამდნენ ერთი მედლის ორ მხარედ. ეს იმპლიციტურად აღინიშნა კანცლერის განცხადებაში, რომ უკრაინის საზღვრების ურღვევობაზე საუბრისას იგი ასევე გულისხმობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აღნიშნული თვალსაზრისით, საჭიროა რომ გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა გააფართოვონ კრემლზე დადებული სანქციები, თუკი რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს საქართველოში და არ უზრუნველყოფს გამყოფ ხაზებზე ადამიანებისა და ტვირთის თავისუფალ გადაადგილებას. ეს უკანასკნელი შესაძლოა მიჩნეულ იქნას იმ მინიმალურ პოლიტიკურ სტანდარტად, რომელიც მერკელის სიტყვებითვე, რუსეთმა უნდა დააკმაყოფილოს. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებზე, ევროპარლამენტის რეზოლუციით მხარდაჭერილ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში შეყვანილ ადამიანებზე შეზღუდვების დაწესება ამ მიმართულებით გერმანიის მიერ გადადგმული პირველი სწორი ნაბიჯი იქნებოდა.

იმ ფაქტის მიუხედავად, რომ გერმანია საქართველოს სუვერენულობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და ორმხრივი განვითარების თანამშრომლობის უდიდესი პარტნიორია, საქართველოსთან მიმართებით გერმანიის პოლიტიკის განსაზღვრისას ყოველთვის არსებობს რუსეთის ფაქტორი. მერკელის ვიზიტამდე, საქართველოში არსებობდა იმედის სხივი, რომ გერმანიის კანცლერი მხარს დაუჭერდა საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასის მიერ გაჟღერებულ „ახალ აღმოსავლურ პოლიტიკას“, რომელიც მიზნად ისახავს ყველა ევროპული სახელმწიფოს ინტერესების გათვალიწინებით რუსეთთან თანამშრომლობის ახალი გზების ძიებას და საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერებას. თუმცა, თბილისში მყოფმა კანცლერმა თავი შეიკავა მისივე საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციის ღიად გაზიარებისგან და განაცხადა, რომ გერმანიის აღმოსავლეთ ევროპულ პოლიტიკაში ახალი ორიენტირები არ იკვეთებოდა. ანგელა მერკელის ინტერპრეტაციით, ჰაიკო მაასის სიტყვებში ხაზგასმული იყო, ერთი მხრივ, გერმანიისთვის რუსეთთან კარგი ურთიერთობების მნიშვნელობა და, მეორე მხრივ, აღმოსავლეთ ევროპასთან მიმართებაში უფრო მკაფიო პოლიტიკის არსებობა.

პარადოქსია, თუმცა ჩანს, რომ მერკელი დიდწილად ემხრობა ტრადიციული აღმოსავლური პოლიტიკის პრინციპებს, მაშინ როდესაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინისა და ბრიუსელის აღმოსავლური პოლიტიკაში ახალი მიდგომების დანერგვის გაბედულ იდეას ახმოვანებს. საქართველო გერმანიისა და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა არა მხოლოდ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით შეტანილი უწყვეტი წვლილის (ავღანეთში ნატოს მისიებში საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტინგენტითაა წარმოდგენილი) ან საერთო ევროპული იდეისადმი ერთგულების გამო, არამედ უფრო მნიშვნელოვან კონტექსტში, რაც ევროპის გრძელვადიან ენერგოუსაფრთხოებას უკავშირდება. შესაბამისად, გერმანიის ინტერესებში შედის საქართველოსთან (და უკრაინასთან) დასავლეთ ბალკანურ სახელმწიფოებთან ბერლინის მიდგომის მსგავსი, რუსეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის შემუშავება. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი რეგიონს საკუთარ „გავლენის სფეროდ“ განიხილავს, ახალმა პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს დასავლურ ამბიციებს. ევროპელმა პარტნიორებმა, კონკრეტულად კი გერმანიამ, უნდა გააცნობიერონ აღნიშნული საკითხის მაღალი მნიშვნელობა და არ უნდა გარისკონ მნიშვნელოვანი მოკავშირის დაკარგვა იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს ბედად რევიზიონისტული სახელმწიფოს მეზობლობა ერგო.