logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

არასამთავრობოებმა გაერო-ს წევრი ქვეყნების მისიებს საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის თხოვნით მიმართეს

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2014/06/kapanadze-sergi-ipn.jpg
05 ივნისი, 2014
 0

kapanadze-sergi-ipn41-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაერო-ს წევრი ქვეყნების მისიებს ნიუ იორკში დევნილების შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის თხოვნით მიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, არასამთავრობოების მიმართვის მიზანს წარმოადგენდა იმის დემონსტრირება, რომ აღნიშნული რეზოლუცია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერითაც სარგებლობს.
"ჩვენი სურვილი იყო გვეჩვენებინა, რომ ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური ინიციატივა, არამედ ზოგადად საზოგადოების მხარდაჭერით მოსარგებლე ინიციატივა და სწორედ ამიტომ 41-მა ორგანიზაციამ ერთად მივმართეთ გაერო-ს წევრ ქვეყნებს, რომ მხარი დაუჭირონ აღნიშნულ რეზოლუციას. ამით იმის თქმა გვინდოდა, რომ არის პრობლემა, რომელიც საზოგადოებას სტკივა, ყველას აწუხებს და არამხოლოდ რამდენიმე ასეულ ათას დევნილს და მთავრობას", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ამასთან, მას იმედი აქვს, რომ რეზოლუციაზე მხარდამჭერთა რაოდენობა ტრადიციულად, გაიზრდება, მითუმეტეს, უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით.
"ვიცით, რომ ამაზე მუშაობს საგარეო საქმთა სამინისტრო, ზოგადად ქვეყნის ხელისუფლება, ჩვენი მისია ნიუ იორკში და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზრდება, რაც ასევე წესით მოსალოდნელია მას შემდეგ, რაც გენერალურმა ასამბლეამ ცოტა ხნის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და თუ ვინმეს ეს კომპლექსი გააჩნდა ანტირუსული რეზოლუციის მხარდაჭერის, ეს კომპლექსი დაძლეული იქნა უკრაინული რეზოლუციის დროს. ამიტომ მე ველოდები, რომ გაიზრდება მხარდამჭერთა რაოდენობა", - აღნიშნა კაპანაძემ.
საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია "აფხაზეთიდან/საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი/საქართველო დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ" გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დღეს, 2008 წლის შემდეგ უკვე მეშვიდედ გავა. რეზოლუციას თავდაპირველად მხოლოდ 14 მხარდამჭერი ჰყავდა, 2008-2013 წლებში კი მათი რაოდენობა 62-მდე გაიზარდა.
რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობას, ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირთა საკუთრების უფლების დაცვისა და მათი დაბრუნების მნიშვნელობას. იგი გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად ძალისხმევა გაააქტიურონ. ამასთან, რეზოლუცია გაერო-ს გენერალურ მდივანს ავალდებულებს, დევნილი მოსახლეობის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ გენერალურ ასამბლეას ყოველწლიურად მოახსენოს.

სტატიის ბმული