ელენე ხოშტარია: 4 საათზე ვგეგმავთ სცენის დადგმას ნებისმიერ შემთხვევაში

18 ივლისი, 2015

აქცია STOP RUSSIA-ს ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მთავრობის კანცელარიასთან სცენის დადგმას 4 საათზე გეგმავენ.

„სამწუხაროდ იმ თემაზე, რომელზეც მთელი ქვეყანა უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული, როდესაც ვაპროტესტებთ რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას,  ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ხელოვნურად და აბსოლუტურად უკანონოდ შეგვიშალოს ხელი ამ აქციის გამართვაში. ჩვენ აქ კანონის სრული დაცვით და პატივისცემით მოვედით, დავიწყეთ მზადება, სცენის ინსტალაცია და ყველანაირი ახსნა- განმარტების გარეშე, პირდაპირ, შსს გვემუქრება, რომ არ დაგვადგმევინებს სცენას. ჩვენი ქმედება არის კანონთან შესაბამისობაში და მოვითხოვთ მათგან განმარტებას. 4 საათზე ვგეგმავთ სცენის გამართვას ნებისმიერ შემთხვევაში“ – ამბობს ხოშტარია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანიზატორებს არ აძლევს სცენის დადგმის საშუალებას და სთხოვს, რომ ნებართვა წარმოადგინონ. ნებართვის წარდგენას საქართველოს კანონდებლობა არ ითვალისწინებს და, შესაბამისად, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მიუთითებენ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე. ტაბულამ, მიუხედავად მცდელობისა, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განმარტება ვერ მოისმინა.

http://www.tabula.ge/ge/story/98227-elene-xoshtaria-4-saatze-vgegmavt-scenis-dadgmas-nebismier-shemtxvevashi