logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ელენე ხოშტარია - მივეცით აფხაზეთს ისეთი ინტერპრეტაციის საშუალება, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2014/10/elene-khoshtaria1.jpg
17 ოქტომბერი, 2014
 0

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანათავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, აფხაზეთთან მიმართებაში ტერმინ "თვითგამორკვევის" გამოყენება "საზიანო ელემენტებს" შეიცავს.
როგორც ხოშტარიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, ეს ზიანის მომტანია, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
"ამ ტერმინის გამოყენება არასწორი და საზიანოა ორი თვალსაზრისით, პირველ რიგში კი - სამართლებრივად. ამ განცხადებით, საქართველოს სახელმწიფომ გასული 25 წელი, ფაქტობრივად, აფხაზების თვითგამორკვევის პროცესად შეაფასა მაშინ, როცა ეს იყო ეთიკური წმენდის საფუძველზე მიმდინარე პროცესი, ანუ სამართლებრივად ჩვენ მივეცით აფხაზეთს ისეთი ინტერპრეტაციის საშუალება, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს შესაძლოა, გამოყენებული იყოს ჩვენს წინააღმდეგ. თვითგამორკვევას აქვს თავისი მკაფიო რეგულირება საერთაშორისო სამართლით: თვითგამორკვევა დაუშვებელია იმ ფონზე, როცა ხდება ადამიანების სახლებიდან გამოყრა", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ხოშტარიას განმარტებით, საერთაშორისო საზოგადოება ვერ მოახდენს რუსეთზე გავლენას, თუ პროცესში მის პასუხისმგებლობაზე საქართველომ არ ისაუბრა.
"ეს პოლიტიკურადაც არასწორია. იმის ნაცვლად, რომ აფხაზეთის ანექსიის პრევენციაზე ვიმუშაოთ და ვცდილობდეთ, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ ამ საკითხთან მიმართებაში საერთაშორისო მობილიზება და რუსეთზე ზეწოლა, ჩვენ მოსკოვის პასუხისმგებლობაზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, არანაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მას არ ვაკისრებთ, ამის გარეშე კი წარმოუდგენელია, რომ საერთაშორისო რეაქცია იყოს სათანადო. თუ ჩვენ თვითონ ვუწოდებთ ამ პროცესს თვითგამორკვევას, თუ რუსეთს არ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას, რა ზეწოლა უნდა მოხდეს მოსკოვზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან? – ვერანაირი ზეწოლა ვერ იქნება, ამიტომ პოლიტიკურადაც პრემიერის განცხადება არის არასწორი", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ქართული მხარისთვის შემაშფოთებელია. სწორედ ამ საკითხზე კომენტირებისას გამოიყენა მან აფხაზეთთან მიმართებაში ტერმინილი "თვითგამორკვევა".
"არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ამ ტექსტის მისამართით",- განაცხადა პრემიერმა.

ბმული სტატიაზე