logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ელენე ხოშტარია - უკრაინის ელჩის დაბარება განმარტებებისთვის ძალიან უხეში დიპლომატიური ჟესტია

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2015/02/elene-khoshtaria1.jpg
16 თებერვალი, 2015
 0

elene-khoshtariaსაქართველოს რეფორმების ასოციაციის თანათავჯდომარის ელენე ხოშტარიას შეფასებით, ოპონენტისადმი პირადი დამოკიდებულების გამო უკრაინასთან დაპირისპირება ამორალურია.
როგორც ხოშტარიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ელჩის დაბარება განმარტებებისთვის ძალიან უხეში დიპლომატიური ჟესტია, რომელიც მტრული სახელმწიფოების მიმართ ხორციელდება ხოლმე.
"ამით ჩვენ მოვახდინეთ იმის დემონსტრირება, რომ პიროვნული დამოკიდებულებების გამო, პრაქტიკულად მტრულად ვუდგებით უკრაინას და ეს ხდება იმ სიტუაციაში, როდესაც უკრაინა არის სახელმწიფოებრიობის კრიზისის პერიოდში ჩვენი საერთო მტრის მხრიდან. ეს საგარეო პოლიტიკურად აბსოლუტურად მცდარი, ამორალური ნაბიჯია და ძალიან ცუდ, კომიკურ სიტუაციაში აყენებს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ახლა რუსეთის საფრთხის სწორედ უკრაინასთან ერთად არიდებაზე უნდა იყოს გადასული. ეს მეტყველებს ერთი იმაზე, რომ ჩვენ ისევ არასწორ ადგილას ვდგევართ უკრაინის მოვლენების შეფასებაში და ძალიან ცუდი გაგრძელება იმ მესიჯებისა, რაც მაგალითად ღარიბაშვილმა გააჟღერა, რომ არ უნდა გადასცენ უკრაინას შეიარაღება, რადგან ეს კონლფიქტს გაამწვავებს; რომ ჩვენ ვემიჯნებით სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში... ასეთი ტიპის დისტანცირება, ან პირიქით დაპირისპირებაც კი, უკრაინის მოვლენების აბსოლუტურად მცდარ შეფასებაზე მეტყველებს. მეორე, ეს ჩვენ ძალიან ცუდად და კომიკურად გვახასიათებს იმიტომ რომ, პირადი ნეგატივის გამო, პირადი დამოკიდებულების გამო ოპონენტების მიმართ, სასწორზე დებენ უსაფრთხოებას და სტრატეგიულ მეგობრობას. ვერ გაარჩიო პირადი გრძნობა სახლემწიფო ინტერესებისგან, წარმოუდგენელია და ამორალურია ამ სიტუაციაში, როდესაც სრულიად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ უკრაინის მხარდაჭერაზე, მათ შორის იმ რეფორმების გაზიარებით, რაც საქართველოში განხორციელდა", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
რაც შეეხება უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს და რამდენად მართებულია თუნდაც ის, რომ უკრაინაში იმყოფება ინტერპოლით ძებნილი ზურაბ ადეიშვილი, ხოშტარია აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ადეიშვილის და სააკაშვილიც პოლიტიკური დევნილები არიან.
"პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საერთაშორის თანამეგობრობა ჩვენს სამართლებრივ პროცესებს ცალსახად, წლების განმავლობაში ნეგატიურად აფასებს და ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. კონკრეტულ სიტუაციაში ვის რა დანაშაული აქვს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ რა ფორმითაც წარმართა საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანების დაკავება, ციხეში ჩასმა და გამოძიებები, საერთაშორისო თანამეგობრობაში ცალსახად შეფასებულია, როგორც პოლიტიკური დევნა. შესაბამისად, პოლიტიკური დევნილია მათთვის ადეიშვილი, პოლიტიკური დევნილია მათთვის სააკაშვილი და ამ მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენს დამოკიდებულებას არ იაზრებს. შესაძლოა, ძალიან არ მოგწონდეს სააკაშვილი და ძალიან მწვავე ოპონირებაში იყო მასთან, მაგრამ ამის გამო დაუპირისპირდე უკრინას, წარმოუდგენელია. სწორად თქვა უკრაინის ელჩმა, რომ უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და თავად იღებს გადაწყვეტილებებს და აქ პრობლემა საქართველოშია - მხარს დაუჭერს ამ სირთულეების პერიოდში უკრაინას თუ ასეთი პირადი, ნეგატიური დამოკიდებულების გამო დაუპირისპირდება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩევლად მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა. დღეს უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილ ციბენკო საგარეო უწყებაში განმარტებისთვის დაიბარეს. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ციბენკომ განუცხადა, უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და რა საკადრო გადაწყვეტილებებს მიიღებს, მისი შიდა საქმეა.

სტატიის ბმული