logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ელენე ხოშტარიას კომენტარი რუსეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე სააგენტო პირველთან.

helen khoshtaria.jpg
17 დეკემბერი, 2013
 0

ელენე ხოშტარია: "რუსეთი კარასინი-აბაშიძის ფორმატს გაძლიერების ფონზე ჟენევის დისკუსიების დასუსტებას შეეცდება"

19:04 16.12.2012

elene-khoshtaria-pirweliსაქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებლის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილის ელენე ხოშტარიას აზრით, "რუსეთი კარასინი-აბაშიძის ფორმატს გაძლიერების ფონზე ჟენევის დისკუსიების დასუსტებას შეეცდება".

ხოშტარიას აზრით, ე.წ. tête-à-tête შეხვედრები საქართველოს წარმომადგენელთან რუსეთისთვის უფრო მისაღებია საერთაშორისო წნეხის შესუსტების თვალსაზირით.

"ზოგადად, მთავარი საფრთხე, რომელიც თან სდევს რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას, ის არის, რომ რუსეთმა, როგორც ძლიერმა ქვეყანამ, ამ მარტო მოლაპარაკებების ფორმატში არ ჩაგითრიოს პროცესში, რომელიც შენთვის საზიანო იქნება. აქ არის ორი საფრთხე: ერთი, რომ არ მოგთხოვოს შენთვის პრინციპული ინტერესების უგულვებელყოფა, როგორიცაა ნატო-ში ინტეგრაციასთან თუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები და მეორე საფრთხე არის ჟენევის მოლაპარაკებების დასუსტება. პირველი ეტაპისთვის მე რაც კითხვის ნიშნებს მიჩენს, არის თავად გრიგორი კარასინის გამოყოფა რუსეთის მხრიდან მომლაპარაკებლად. ეს გარკვეულწილად საფრთხის შემცველია, ვინაიდან ეს არის ადამიანი, რომელიც იგივე ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობს და კონფლიქტის დარეგულირება არის მისი პორტფელი. საკმაოდ დიდი საფრთხე არსებობს, რომ კარასინმა ჟენევის საკითხები გადმოიტანოს ამ ორმხრივ ფორმატში და არ შეიძლება, რომ ამ საფრთხეს არ ვხედავდეთ. მეორე, მენიშნა ის, რომ ჩატარდა ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი, რომელიც პრაქტიკულად ჩავარდა და ორი დღის შემდეგ ჩატარდა კარასინი-აბაშიძის შეხვედრა, რომელმაც, როგორც ითქვა, ნორმალურად ჩაიარა. მაგრამ რუსეთი ხომ იგივეა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ორმხრივ ფორმატშიც და არ შეცვლილა?! ასე რომ, მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი უბრალოდ თამაშობს ამ თამაშს - ასუსტებს ჟენევას და ეცდება, რომ გააძლიეროს კარასინი-აბაშიძის ფორმატი. რა თქმა უნდა, ჯერ ამაზე, როგორც შემდგარ ფაქტზე, საუბარი არ შეიძლება, მაგრამ ტენდენცია იკვეთება. სახეზეა პირველი ნიშნები, რომელიც ქართულმა დელეგაციამ უნდა გაითვალისწინოს და ძალიან ფრთხილად იყოს, რათა ამ სცენარით არ წავიდეთ", - განუცხადა "პირWელს" ხოშტარიამ.

ამასთან, ის მიიჩნევს, რომ ქართულ დელეგაციას ძალიან ბევრი დიპლომატიური მანევრის განხორციელება მოუწევს, რათა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატის აღრევა და საკითხების გადაფარვა არ მოხდეს.

"პირველ რიგში, ქართულმა მხარემ აბაშიძე-კარასინის შეხვედრებზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას იმ თემებზე საუბარი, რა თემებიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე განიხილება. მე ვფიქრობ, კარასინის მცდელობიდან გამომდინარე, ეს გაჭირდება, მაგრამ ქართულმა მხარეს მკაფიო ხაზის გავლება უნდა მოახერხოს. მეორე, ქართულმა მხარემ ძალიან აქტიური საქმიანობა უნდა გააგრძელოს ჟენევის მოლაპარაკებების შენარჩუნების მიზნით. ეს მოლაპარაკებები გულისხმობს როგორც შეხვედრებს, რომელიც ჟენევაში იმართება, ასევე შუალედში თანათავმჯდომარეების მიერ ჟენევის თემატიკაზე მუშაობას და აქ უნდა ვიყოთ ძალიან მოქნილები, ძალიან მობილიზებულები, რომ ჟენევის დისკუსიები, როგორც მნიშვნელოვანი ფორმატი, ჩვენს მეგობრებთან ერთად შევინარჩუნოთ", - აცხადებს ხოშტარია და დასძენს, რომ "ეს არის საკმაოდ რთული ამოცანა, რომელიც ჩვენი დიპლომატიის წინაშე დგას".

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მოახერხებს ქართული მხარე, ერთის მხრივ, რუსეთთან კონსტრუქციულ დიალოგს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რეგულარული ფრენების აღდგენა, უვიზო მიმოსვლა, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღდგენა და მეორეს მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთზე, როგორც ოკუპანტზე წნეხის გაძლიერებას, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ამ ორი პარალელური პროცესის განხორციელება საქართველოს მთავრობისთვის გამოწვევა იქნება.

"ჯერჯერობით, მას შემდეგ, რაც რუსეთთან ურთიერთობებში სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნა, საქართველოს მთავრობა სწორად ახერხებს და აფიქსირებს, რომ არსებობს წითელი ხაზები, კერძოდ, ნატო-ში ინტეგრაცია და სუვერენიტეტი არის გადამწყვეტი საკითხი. არავის მორიდებია, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკაში ტერმინ "ოკუპანტის" გამოყენებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომ ამ კონსტრუქციულობის ფონზე, თუნდაც იმ მიზნით, რომ პატარ-პატარა საკითხები მოგვარდეს, ჩვენ ისეთი სერიოზული მიმართულებები, როგორიცაა არაღიარების პოლიტიკა, დევნილებთან მიმართებაში რეზოლუციები, ტერმინ "ოკუპაციის" დამკვიდრება საერთაშორისო ურთიერთობებში _ ეს მიმართულებები გავაძლიეროთ და გავაგრძელოთ. ეს იქნება ერთგვარი ტესტი იმისა, თუ როგორ გავუმკლავდებით რუსეთის მცდელობას, რომ დაგვათმობინოს ინტერესები. ეს არის პარალელური პოლიტიკა, რომელიც რუსეთზე არ არის დამოკიდებული და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის ისევე აქტიურად, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით. ამ პირობებში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჟენევის ფორმატი არ დასუსტდეს, გავაგრძელოთ იგივე პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც რუსეთს თავის ამოცანას, რა თქმა უნდა, გაურთულებს, თუმცა, მეორეს მხრივ, ამ ახალი ფორმატის [აბაშიძე-კარასინი] არსებობა რუსეთს აძლევს საფუძველს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაზე იმოქმედოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკა გაააქტიუროს. ასე რომ, საშიში დანის წვერზე გავდივართ და ამ ყველაფერში ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრი სპეციალური წარმომადგენლი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი შეხვედრაზე, რომელიც ჟენევის გარეუბანში 14 დეკემბერს გაიმართა, ორმხრივი დიალოგის გაგრძელებაზე შეთახმდნენ. გრიგორი კარასინის მტკიცებით, "კონტაქტების დამყარებისა და ურთიერთობის რეალური შესაძლებლობები არსებობს, კერძოდ, სავაჭრო კავშირების, ტრანსპორტის, ავიამიმოსვლის და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში". საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ დიალოგის ახალი არხი ხელს არ შეუშლის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, რომელიც პრიორიტეტად რჩება. პარალელურად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები ჟენევის დისკუსიებში საკუთარი სტატუსის ამაღლებას და თბილისისა და მოსკოვის მსგავსად, ოფიციალური დელეგაციის ფორმატზე ითხოვენ. ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 22-ე რაუნდის ფარგლებში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფის მოლაპარაკებების მეორე ნაწილი რუსეთის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა არგუმენტის გარეშე დატოვეს. მოგვიანებით, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ “თუ მოლაპარაკებების მონაწილეების ნებისმიერ კონსტრუქციულ წინადადებაზე ქართული მხარის პასუხი კატეგორიული უარი იქნება, ჟენევის დისკუსიებს სამწუხარო და სწრაფი ფინალი ელის".

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 23-ე რაუნდი 2013 წლის 26-27 მარტს დაინიშნა.

ნინო ჩიჩუა
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

სტატიის ბმული