logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ელენე ხოშტარიას ვარაუდით, საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2015/07/elene.jpg
06 ივლისი, 2015
 0

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებლის ელენე ხოშტარიას ვარაუდით, საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს , რასაც, მოკლევადიან პერსპექტივაში, ნეგატიური მხარე ევროკავშირისთვისაც ექნება.
ელენე ხოშტარიას აზრით, საბერძნეთს დღესდღეობით უპასუხისმგებლო და პოპულისტი ხელმძღვანელობა ჰყავს და თუ მყისიერად არ შეიცვალა მათი დამოკიდებულება ან თავად ხელისუფლება, რესურსი, რომ ქვეყანამ სწორი ნაბიჯები გადადგას როგორც თავისი, ისე ევროკავშირის განვითარებისთვის, პრაქტიკულად აღარ არსებობს. ამასთან, ხოშტარია აღნიშნავს, რომ მსგავსი შიდა კრიზისები ევროკავშირში, საქართველოსთვისაც არ არის კარგი, ვინაიდან ორგანიზაციის გაფართოებას აფერხებს.
"საბერძნეთს, ალბათ, მოუწევს ევროზონის დატოვება. მოკლევადიანად ეს, რა თქმა უნდა, ევროს დააზიანებს. ასევე, როგორც ევროკავშირის ერთიანობის და წარმატებულობის გარკვეული რღვევის პრეცედენტი, თავისთავად ნეგატიურია. თუმცა გრძელვადიანად, გაკვეთილის გამოტანაც არის მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირში ყოფნა არ არის უბრალოდ კარგი ლუკმის ჭამა, არამედ ეს არის სერიოზული პასუხისმგებლობა ყველას მიმართ. არ შეიძლება, უბრალოდ იმის ხარჯზე, რომ სხვისი ფული აიღო, ასე არაგონივრულად მართო შენი ქვეყანა, პრაქტიკულად მოატყუო შენი მოსახლეობა, გადაიხადო იმდენი, რამდენიც რეალურად არ გაქვს. ჩვენთვისაც ეს არ არის კარგი პრეცედენტი, იმიტომ რომ რაც მეტი მსგავსი შიდა კრიზისია ევროკავშირში, ბუნებრივია, ახალი წევრების მიღების თვალსაზრისით ეს არ არის საუკეთესო დრო. მიუხედავად ამის, ვფიქრობ, არაფერი ტრაგიკული და დრამატული არ ხდება _ ევროკავშირი გამოიტანს აქედან გაკვეთილს და თავისი პოლიტიკის კორექტირებას მოახდენს ისე, რომ არ მსგავსი პრეცედენტები განმეორდეს. საბოლოო ჯამში, ევროკავშირს აქვს იმის რესურსი, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს და ეს მოკლევადიანი ეფექტი ორგანიზაციისთვის დამანგრეველი არ იყოს", - განუცხადა ხოშტარიამ "ინტერპრესნიუსს".
საბერძნეთში რეფერენდუმი 5 ივლისს გაიმართა. არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ევროკომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინადადებას. ევროზონის ლიდერების პოზიციაა, ათენმა გადასახადები გაზარდოს და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯები შეამციროს, რასაც ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/337761-elene-khoshtarias-varaudith-saberdzneths-evrozonis-datoveba-moutsevs.html