logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ექსპერტები ხელისუფლებას ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებენ

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2017/07/anti-anqesiuri.png
10 ივლისი, 2017
 0

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლებას ანტიანექსიური სტრატეგიის დაუყოვნებლივ შემუშავებისკენ მოუწოდებენ. სამოქალაქო სექტორში ორი დღის წინ სოფელ ბერშუეთში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ არსებულ ვითარებაში გადასადგმელია ქმედითი ნაბიჯები.

ანალიტიკოსთა განმარტებით, როდესაც ქვეყანა ოკუპაციის რეჟიმში იმყოფება, საჭიროა ანტიანექსიურ სტრატეგიაში გაიწეროს კონკრეტული ნაბიჯები როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით.

მათივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს გეგმა, რომელიც კონკრეტული სამინისტროების მუშაობას ეხება.

ანალიტიკოსების თქმით, საკითხის განხილვა უნდა მოხდეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

„მთავარია დასხდნენ და თუნდაც ის გადაწყვიტონ, რომ საჭიროა ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავება და მისგან გამომდინარე, შემდეგ კონკრეტული ქმედითი გეგმის შემუშავება. თუნდაც ამის გადაწყვეტა და ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ხელს შეუწყობდა სტრატეგიული მიმართულებით ქვეყნის უკეთეს წარმოჩენას. ასევე ძალიან პრაგმატული კუთხითაც, რომ ქართულ საზოგადოებას უფრო მეტი იმედი ექნებოდა, მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ზარალდება, რომ რაღაც სერიოზული ნაბიჯები იდგმება,“ - განაცხადა GRASS-ის დირექტორმა პაატა გაფრინდაშვილმა.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი აცხადებს, რომ გადასახედია საქართველოს ხელისუფლების მიდგომები რუსეთთან მიმართებაში. ონიანის თქმით, საერთაშორისო ფორმატებზე საქართველოს საკითხი გასააქტიურებელია აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატი კი გასაუქმებელი, რადგან მისი აზრით, ის კონტრპროდუქტიულია.

„ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება, არის არაეფექტური. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვაღწევთ შედეგს და ვერანაირად ვერ ვაჩერებთ იმ სიტუაციას, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც იმ რეგიონში ცხოვრობენ, ყოველდღიურად საფრთხის წინაშე დგანან და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ქმედითი ნაბიჯები დაიგეგმოს და გადაიდგას. ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით და დახმარებით,“ - აცხადებს გიორგი ონიანი.

http://rustavi2.ge/news/79741