logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ევრაზიის კონტინენტის შესახებ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში სერგი კაპანაძე პრობლემას ვერ ხედავს

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2014/09/Sergi-Kapanadze1.jpg
02 სექტემბერი, 2015
 0

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებლის სერგი კაპანაძის განცხადებით, ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი, პრიორიტეტი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იყოს.

ამის შესახებ კაპანაძემ "ინტერპრესნიუსს" იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რამდენად სწორია მიდგომა, საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარ ამოცანად ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება დაისახოს.
"ბოლო წლების განმავლობაში, 2008-2012 წლებში აქცენტი ყოველთვის კეთდებოდა იმაზე, ეკონომიკური დიპლომატია ყოფილიყო პირველ პლანზე, რადგან ინვესტიცია და ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია, მაგრამ გარდა ეკონომიკური საკითხებისა, სხვა ბევრი პრიორიტეტი არსებობს, მათ შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, დეოკუპაცია და ა.შ. მარტო ერთ საკითხზე ყურადღების გამახვილება, ბუნებრივია, არასწორია მაგრამ იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იყოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ცუდს ვერაფერს ვხედავ", - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, გიორგი კვირიკაშვილს თავის გამოსვლაში ცოტა მეტი აქცენტი გაეკეთებინა დეოკუპაციაზე. რაც შეეხება კვირიკაშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე მიმდინარე პროცესებს ეხებოდა და საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, კაპანაძე აცხადევს, რომ პრობლემას ვერ ხედავს.

"გულწრფელები და სამართლიანები რომ ვიყოთ, ეს თქვა მას შემდეგ, რაც გამოყო სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, ანუ ევროპული ინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ცოტა მეტი აქცენტი შეიძლებოდა დეოკუპაციაზე. ასე რომ, არ ვიცი, რა იგულისხმა კონკრეტულად, თუმცა ამ კონკრეტულ განცხადებაში პრობლემა ვერ დავიჭირე", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ზოგადად კი, სერგი კაპანაძის აზრით, ჯერ ნაადრევია იმის შეფასება, თუ რამდენად სწორი საკადრო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი უმთავრესი პრიორიტეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება და ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
"ეს იქნება პირველი პრიორიტეტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში პროდასავლური მიმართულების გარდაც. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე და ჩვენ მაქიმალურად შევეცდებით, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/politika/343710-sergi-kapanadze-cuds-verafers-vkhedav-imashi-rom-sagareo-utsyebis-erth-erthi-prioriteti-ekonomikuri-urthierthobebis-gaghrmaveba-iyos.html?ar=A