logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

Factcheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის და უზუსტობის დადგენის ყოველკვირეულ სტატისტიკას აქვეყნებს

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2017/04/factcheckgnp-1.png
18 მარტი, 2014
 0

Factcheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის და უზუსტობის დადგენის ყოველკვირეულ სტატისტიკას აქვეყნებს"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) პროექტი, Factcheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის თუ უზუსტობების დადგენის სტატისტიკას აქვეყნებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს რეფორმების ასოციაციიდან" აცნობეს, სტატისტიკის თანახმად, ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე, 10 მარტიდან 17 მარტამდე, რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა. სტატიები პარლამენტის წევრების განცხადებებს ეხებოდა.
ასოციაციის ინფორმაციით, გადამოწმებული გამონათქვამებიდან, ერთი მეტწილად სიმართლედ შეფასდა, ერთი – ნახევრად სიმართლედ, ხოლო ერთი განცხადება მცდარი აღმოჩნდა.
ასოციაციის ცნობით, ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის მიხედვით, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხებოდა.
"პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატმა განაცხადა: "ერთი წლის მანძილზე (2013 წელს) დავით ნარმანიამ დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალზე მხოლოდ 700 მეტრის დაგება ძლივს მოახერხა". გიორგი ვაშაძის მიერ მოყვანილი მონაცემი მოგვიანებით, იმავე სესიაზე, ზურაბ ჯაფარიძემ დააზუსტა. მისი თქმით, "მაგისტრალზე მხოლოდ ორი კილომეტრი იყო დაგებული". ფაქტ-მეტრი დეპუტატების მსგავსი შინაარსის განცხადებების სიზუსტით დაინტერესდა და ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოები გადაამოწმა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტატისტიკის თანახმად, 2013 წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ბიუჯეტი 286 020 250 ლარს შეადგენდა. აქედან, ათვისებული იქნა 267 384 633,03 ლარი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 93,48%-ს შეადგენს. 2013 წელს სამშენებლო სამუშაოები 111 კილომეტრზე მინდინარეობდა, რაც წინა წლის აქტივობას 34 კილომეტრით აღემატება (2012 წელს სამშენებლო სამუშაოები ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 77 კილომეტრზე მიმდინარეობდა)", - აცხადებენ ასოციაციაში.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს საგზაო საფარი 28,1 კილომეტრზე მოეწყო, კერძოდ: რუისი-აგარა 3 კილომეტრი, ქობულეთის შემოვლითი გზა – 12,4 კილომეტრი, ქუთაისის შემოვლითი გზა – 6,2 კილომეტრი და ქუთაისი-სამტრედიის გზის მონაკვეთზე – 6,5 კილომეტრი. მოძრაობა ქობულეთის შემოვლითი გზის 12,4 კილომეტრიან ახალი მიმართულების გზაზე და რუისი-აგარის 3 კილომეტრიან მონაკვეთზე გაიხსნა. 2013 წელს, სულ, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა 15,4 კილომეტრზე გაიხსნა, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 13,9 კილომეტრით მეტია (2012 წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა მხოლოდ 1,5 კილომეტრზე გაიხსნა, კერძოდ ლიახვის ესტაკადებზე).
ფაქტ–მეტრი ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე წინა წლებში გახსნილი გზის სიგრძითაც დაინტერესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2009 წელს ავტომაგისტრალზე მოძრაობა 15,2 კილომეტრზე გაიხსნა, 2010 წელს – 6 კილომეტრზე, 2011 წელს – 11,8 კილომეტრზე, ხოლო 2012 წელს – 1,5 კილომეტრზე.
"ამ სტატისტიკიდან ჩანს, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ყველაზე მეტი სამუშაო 2013 წელს შესრულდა. მიუხედავად ზემოთ მოყვანილი ინფორმაციისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის გეგმა (სხვადასხვა მიზეზების გამო) საბოლოოდ მაინც ვერ შესრულდა. დეპარტამენტის 2013 წლის 6 თვიან ანგარიშში მითითებულია, რომ 2013 წელს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა 52 კილომეტრზე უნდა გახსნილიყო, რეალურად კი 15,4 კილომეტრზე გაიხსნა. ამ ფაქტის შესახებ დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ეს არ იყო ვალდებულება და მხოლოდ პოტენციალის განსაზღვრა მოხდა, თუმცა მონაცემებს შორის დაფიქსირებული ასეთი მნიშვნელოვანი სხვაობა მაინც ეჭვქვეშ აყენებს სამუშაოების ტემპის სისწრაფეს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ გიორგი ვაშაძის განცხადება მცდარია", - ნათქვამია ასოციაციის მონაცემებში.
მათივე ინფორმაციით, გასულ კვირას, ფაქტ–მეტრმა საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, ტარიელ ლონდარიძის განცხადებაც გადაამოწმა. დეპუტატი აცხადებდა, რომ "ომის ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტი მთავრობას დაუბრუნდა, უკვე რამდენიმე თვეა გასული და არაფერი გაკეთებულა, დღეს-დღეობით ხალხიც კი არ არის დანიშნული… ადამიანები 500 ლარიანი დახმარების მისაღებად დღემდე კარდაკარ დადიან და ვერ გაუგიათ ვისთან უნდა მივიდნენ."
საკითხის კვლევისას ფაქტ–მეტრმა გაარკვია, რომ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი 2014 წლის 23 იანვრის საქართველოს მთავრობის N102 დადგენილების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურად ჩამოყალიბდა. აღნიშნული სამსახური საქართველოს მთავრობას დაექვემდებარა, როგორც ამას დეპუტატი მიუთითებდა. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი, 2011 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა.
"2014 წლის 14 თებერვალს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად გიორგი ფერაძე დაინიშნა, თუმცა, ეს სამსახური ჯერ-ჯერობით კადრებით არ დაკომპლექტებულა, როგორც ეს ტარიელ ლონდარიძის განცხადებაშია აღნიშნული. დეპუტატის განცხადებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური რამდენიმე თვეა რაც ჩამოყალიბდა. განცხადების ეს ნაწილი არაზუსტია, ვინაიდან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 2014 წლის 23 იანვარს შეიქმნა, დეპუტატმა კი განცხადება 21 თებერვალს გააკეთა. რაც შეეხება სახელმწიფო კომპენსაციას, 2014 წლის 1-ლი იანვრიდან საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ, ისევე როგორც 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22-24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, 500 ლარის ოდენობის სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნათ", - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო კომპენსაციას სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო გასცემს. ამ სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის განმარტებით, სოციალური მომსახურეობის სააგანტომ აღნიშნულ კომპენსაციაზე განცხადებების მიღება 2014 წლის იანვრიდან დაიწყო და მათ, ვისაც შესაბამისი დოკუმენტაციები წარდგენილი ჰქონდა, 500 ლარიანი დახმარება დაენიშნათ.
"მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კომპენსაციის მისაღებად, სოციალური მომსახურეობის სააგენტოში მოქალაქეებმა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა უნდა წარადგინონ. ამ ეტაპზე კი ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის აღება შეუძლებელია, რადგანაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს, რაც თავისთავად, შეუძლებელს ხდის კომპენსაციის მიღებას. ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე ტარიელ ლონდარიძის განცხადება მეტწილად სიმართლედ შეფასდა", - ნათქვამია ასოციაციის მონაცემებში.
ამასთან, ფაქტ–მეტრმა ტარიელ ლონდარიძის კიდევ ერთი განცხადების სიზუსტე შეამოწმა. ამჯერად დეპუტატი ასპინძის რაიონის პრობლემებზე მიუთითებდა. მისი თქმით, "უკვე წელიწადნახევარია, ასპინძის რაიონის ორ სოფელში გაზიფიცირება დასრულებულია, მხოლოდ გაზია მისაწოდებელი და წელიწადნახევრის განმავლობაში ენერგეტიკის მინისტრმა ვერ მიაღწია იმას, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. ასპინძის რაიონს უკვე რამდენიმე თვეა, მთელი ზამთრის განმავლობაში, სასმელი წყალი არ მიეწოდება."
ტარიელ ლონდარიძის განცხადების ამ გადამოწმების შედეგად ფაქტ-მეტრმა გაარკვია, რომ ასპინძის რაიონის 2 სოფელს, საროსა და ხიზაბავრას მართლაც არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, მიუხედავად იმისა, რომ გაზის მილების გაყვანის სამუშაოები დასრულებულია. ენერგეტიკის სამინისტრო და ასპინძის მუნიციპალიტეტი პრობლემის არსებობას ადასტურებენ, თუმცა, მათი განცხადებით, აღნიშნული პრობლემა სამართლებრივი პრობლემებითა და დროში გაწელილი პროცედურებით არის გამოწვეული.
"რაც შეეხება დეპუტატის განცხადების მეორე ნაწილს, სასმელი წყლით მომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით, ის არაზუსტია. ასპინძის გამგებლის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შ.პ.ს "კოლხმა" სასმელი წყლის მილების გაყვანის სამუშაოები კონტრაქტის პირობების დარღვევით შეასრულა და სასმელი წყლის შეფერხებით მიწოდების პრობლემაც ამან გამოიწვია. მისივე თქმით, მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების პრობლემა გასულ წლებშიც არსებობდა, რადგან სასმელი წყლის მილები სტანდარტის დარღვევით იყო გაყვანილი. გარდა ამისა, წელს დაბა ასპინძაში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა 2 კვირიან პერიოდში იყო და არა მთელი ზამთრის განმავლობაში, როგორც ამას დეპუტატი აცხადებს. დეპუტატი ასევე ცდება, როცა ამბობს, რომ ასპინძის მთელი მოსახლეობა წყალს ყიდულობდა. გამგებლის განცხადებით, მოსახლეობა წყალს უფასოდ იღებდა. ამ დროისათვის კი, მოსახლეობის 75%-ს წყლის მიწოდება აღუდგა. აღნიშნულ ფაქტს, როგორც ასპინძის რაიონის გამგებელი, ისე ტარიელ ლონდარიძეც ადასტურებენ.
ფაქტ–მეტრმა ტარიელ ლონდარიძის განცხადება ნახევრად სიმართლედ შეაფასა", - ნათქვამია ასოციაციის მონაცემებში.
Factcheck.ge "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.