logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GRASS-ის განცხადება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

09 თებერვალი, 2013
 0

GRASS გმობს მიმდინარე წლის 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობის ფაქტს, რომლის შედეგად საქართველოს პრეზიდენტს არ მიეცა საშუალება სიტყვით მიემართა საზოგადოებისთვის, ხოლო შეხვედრაზე მისულმა სტუმრებმა, მათ შორის, პარლამენტის წევრებმა, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს შესულიყვნენ ბიბლიოთეკის შენობაში და დასწრებოდნენ ღონისძიებას. მეტიც, რამდენიმე მათგანს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მიგვაჩნია, რომ ეს ინციდენტი, ისევე როგორც პარლამენტის მიერ პრეზიდენტისთვის ყოველწლიური მიმართვის გაკეთებაზე უარის თქმა, არის შედეგი ორ პოლიტიკურ ძალას შორის ვერ შემდგარი პოლიტიკური კოჰაბიტაციის, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობას.

მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას, პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს, რომ ყოველი ღონე იხმარონ, რათა დღეს ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა არ გადაიზარდოს უფრო ფართო მასშტაბის დაპირისპირებაში, ხოლო პოლიტიკური პროცესები დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კოჰაბიტაციის პროცესს ქვეყანაში ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო ორივე პოლიტიკური ძალის და, პირველ რიგში, ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა და ქვეყნის უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვა.

8 თებერვლის ინციდენტმა აჩვენა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოახერხა მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად და სრულფასოვნად შესრულება, რათა უზრუნველეყო მონაწილეთა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრების უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ იქნა გატარებული შესაბამისი პრევენციული ზომები, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ამნისტიით გათავისუფლებული პატიმრების მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ საკმაოდ დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. პოლიციის თანამშრომლებმა ასევე ვერ მოახდინეს ეფექტური რეაგირება მიმდინარე ძალადობაზე, სამართალდამრღვევთა დაკავებისა და ვითარების განმუხტვის გზით.

მოვუწოდებთ სამართალდამავ ორგანოებს დროულად და სრულფასოვნად გამოიძიონ ის ძალადობრივი ქმედებები, რომლის შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მისულმა ადამიანებმა, მათ შორის, პარლამენტის წევრებმა და პოლიტიკოსებმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პასუხისგებაში მიეცენ ის ადმიანები, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პარლამენტის წევრებს, რაც ძალიან ნათლად ჩანს სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გადაღებულ კადრებში.