logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GRASS-ის ორდღიანი ტრენინგი კრიზისის მართვასა და მოლაპარაკებებში ახალციხის რაიონის სოფლების თემის ხელძღვანელებისთვის

23 დეკემბერი, 2012
 0

GRASS-მა ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი კრიზისის მართვასა და მოლაპარაკებებში ახალციხის რაიონის სოფლების თემის ხელძღვანელებისთვის

2012 წლის 18-19 დეკემბერს BP-ის სუბკონტრაკტორ RGA-ს დაკვეთით GRASS-მა ჩაატარა ორდღიანი ტრენინგ-კურსი კრიზისების მართვასა და მოლაპარაკებებში (ინსტრუქტორი - ელენე ხოშტარია), რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ახალციხის მიმდებარე სოფლების სათემო კავშირების ხელმძღვანელები (20 ადამიანი). კურსის ფარგლებში ლექციისა და სიმულაციური თამაშების მეშვეობით მონაწილეები გაეცნენ კრიზისისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის ტექნიკას და მეთოდებს.

კურსი ეფუძნება მოლაპარაკებების ჰარვარდის მოდელს, რომლის ამოსავალი წერტილი არის ინტერესზე დაფუძნებული მოლაპარაკება. ამასთანავე, კურსი ადაპტირებული იყო კონკრეტულ სოციალურ-კულტურულ გარემოზე სოფლის/თემის სპეციფიკის გათვალისწინებით.

კურსის პირველი ნაწილი შედგებოდა 3-საათიანი პრეზენტაციისგან, სადაც ახსნილი იყო კონფლიქტის, მისი მართვის და მოლაპარაკებების თეორიული ნაწილი. აქცენტი გაკეთდა კონფლიქტის პრევენციის, კონფლიქტის პრევენციაში ლიდერის როლისა და კრიზისული სიტუაციების მშვიდობიანად დარეგულირების ტექნიკებზე. მეორე ნაწილი შედგებოდა სიმულაციური თამაშებისგან. ერთი სიმულაცია განეკუთვნებოდა უშუალოდ კონფლიქტში ჩართული მხარეების მოლაპარაკებებს, ხოლო მეორე სიმულაცია ითვალისწინებდა მოლაპარაკებებს მედიატორის საშუალებით.

2013 წლიდან GRASS გააგრძელებს ტრენინგების სერიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე შესთავაზებს ფართო საზოგადოებას კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მოლაპარაკებებსა და კონფლიქტის მენეჯმენტში.