logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GRASS-მა წარმატებით დაასრულა პირველი მიღების ტრენინგი “მოლაპარაკებებში”

12 დეკემბერი, 2012
 0
GRASS-მა წარმატებით დაასრულა პირველი მიღების ტრენინგი “მოლაპარაკებებში”
2012 წლის 12 დეკემბერს დასრულდა GRASS-ის მიერ ადმინისტრირებული ერთთვიანი ტრენინგ-კურსი მოლაპარაკებებში (ინსტრუქტორი - სერგი კაპანაძე), რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები. კურსის ფარგლებში პრაქტიკული სიმულაციების და როლური თამაშების საშუალებით მონაწილეები გაეცნენ ინტერესებზე დაფუძნებული მოლაპარაკების მეთოდს, მოლაპარაკების დროს გამოყენებად სხვადასხვა სტრატეგიებს და ტაქტიკურ ხერხებს, ასევე ემოციური და კულტურული განსხვავებების და ფსიქოლოგიური სიძნელეების პირობებში ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების გზებს.
კურსის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა GRASS-ის სერთიფიკატი. მეორე მიღების ტრენინგი თებერვალში განხორციელდება, აპლიკაციების მიღება კი იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება.
დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

ტრენინგ კურსი “მოლაპარაკებებში”
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, თუმცა მისგან ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ურთიერთობენ ადგილობრივ, ან უცხოელ პარტნიორებთან, კლიენტებთან, აწარმოებენ მოლაპარაკებებს საჯარო ინსტიტუტების, თუ კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან. ხართ თქვენ საშუალო რგოლის მენეჯერი, თუ შესყიდვების აგენტი, საჯარო მოხელე, თუ კერძო კომპანიის თანამშრომელი, ეს კურსი თქვენთვის არის.

კურსი ეფუძნება მოლაპარაკებების ჰარვარდის მოდელს (Roger Fisher, "Getting to Yes" და William Ury, "Getting Past No"), რომლის ამოსავალი წერტილი არის ინტერესზე დაფუძნებული მოლაპარაკება. ამასთან, კურსში ისწავლება საქართველოსთვის და რეგიონისთვის რელევანტური მოლაპარაკების სტილები (დასავლური, რუსული, აღმოსავლური, ქართული) და წარმატებული შედეგის მისაღწევად გამოყენებადი მოლაპარაკების ტექნიკა. კურსი მიზნად ისახავს აღჭურვოს კურსდამთავრებული შედეგიანი მოლაპარაკების მისაღწევად აუცილებელი უნარებით, თეორიული ცოდნით, ასევე მოლაპარაკებების დროს ხშირად გამოყენებული ტაქტიკური ილეთების არსენალით.

კურსის დროს გამოყენებულია როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ დამუშავებული ოფიციალური ქეისები (შესყიდული და ნათარგმნი ავტორის მიერ), ისე კურსის ავტორის მიერ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მომზადებული საქართველოს პრაქტიკაზე მორგებული ქეისები. ამასთან, კურსის განმავლობაში იქნება მოლაპარაკების რამდენიმე მრავალმხრივი სიმულაცია, რომელიც საშუალებას მისცემს კურსის მონაწილეებს პრაქტიკაში გამოიყენონ შეძენილი უნარ-ჩვევები და მიიღონ მონაწილეობა საინტერესო ყოველდღიურ, ასევე საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს GRASS-ისგან.

კურსს წარუძღვება საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე, რომელიც უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე კითხულობს სამაგისტრო კურსს "საერთაშორისო მოლაპარაკებები". სერგი კაპანაძე იყო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ჟენევის მოლაპარაკებებზე 2011-2012 წლებში, ასევე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ევროკავშირთან მოლაპარაკებებში (2011-2012) და აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში ოთხი სამუშაო ჯგუფის (უსაფრთხოება, ეკონომიკა, ადამიანური ურთიერთობები, დემორატია) თანათავმჯდომარე (2011-2012). აქვს საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების 7 წლიანი პრაქტიკა. ფლობს მოლაპარაკებებსა და მედიაციაში სინგაპურის მედიაციის ცენტრის აღმასრულებელი პროგრამის სერტიფიკატს.

კურსის შეხვედრები შედგება კვირაში ორჯერ 19:00-22:00-სთ-ზე. კვირის დღეები შერჩეული იქნება ჯგუფთან შეთანხმებით.

კურსის ფასი - 500 ლარი.
დაინტერესებულ კომპანიებს GRASS სთავაზობს კორპორატიულ ფასდაკლებებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
GRASS - საქართველოს რეფორმების ასოციაცია
საკონტაქტო პირი: თამთა მიქელაძე
ტელეფონი: 555464898
ელფოსტა: [email protected]

კურსზე რეგისტრაცია ხდება იმეილით, სარეგისტრაციო ფორმის შევსებით და ზემოთ მითითებულ იმეილზე გაგზავნით. სარეგისტრაციო ფორმა გამოქვეყნდება მეორე ნაკადის ტრენინგის დაანონსებასთან ერთად.

კურსზე მეორე ნაკადში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება დაიწყება 2013 წლის იანვრის მეორე ნახევარში. კურსის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება ფეისბუკით, ტვიტერით და დაიდება jobs.ge-ზე, hr.com.ge-ზე, ასევე GRASS-ის ვებ გვერდზე. მეორე ნაკადის ტრენინგი მოხდება 2013 წლის თებერვალში.