logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ხელისუფლებამ ოპონენტთან პოლიტიკური პროცესის წარმართვა ვერ მოახერხა

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2015/02/elene-khoshtaria.jpg
06 თებერვალი, 2015
 0

საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც რეგიონში წყდება ევროპის მომავალი, საქართველოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მომავალი, საქართველოს ხელისუფლება ოპონენტებთან კინკლაობს. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის უკრაინაზე და უსაფრთხოების საკითხებზე მეტად მნიშვნელოვანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპონენტების "გალანძღვაა". ხოშტარია ხელისუფლების წარმომადგენლების ნათქვამს გამოეხმაურა, რომ "საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რაც მოხდა უკრაინაში". ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"რამდენიმე სერიოზული პრობლემაა. პირველი ის არის, რომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ პოლიტიკურ ოპონენტთან პოლიტიკური პროცესის წარმართვა, იგივე ოპონირებაში, მწვავე დაპირისპირებაში შესვლა იმ ფორმით, რომელიც ახასიათებს დემოკრატიულ სახელმწიფოებს. ვერ მოახერხა პოლიტიკური დევნის გარეშე ამის გაკეთება, ვერ მოახერხა უდანაშაულობის პრეზუმფციის გარეშე - კრიმინალებად ძახილის გარეშე მათთან ოპონირება. მეორე პრობლემა ისაა, რომ "პოლიტიკური ოპონენტი ქვეყანაში უნდა იდევნებოდეს". იგივე ალასანიაც იგივენაირად იდევნება, გვესმის არასამთავრობოების წინააღმდეგ ბინძური და არადემოკრატიული ხერხებით დაპირისპირება. ანუ ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ჩამოყალიბდა არადემოკრატიული დაპირისპირების მოდელი. ეს ქმნის პრობლემას, როგორც, ზოგადად, ქვეყნის შიგნით განვითარების, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას, გარედან რომ შეხედო.

იმ სიტუაციაში, როდესაც, პრაქტიკულად, ამ რეგიონში წყდება ევროპის მომავალი, ჩვენი უსაფრთხოების, სუვერენიტეტის მომავალი, ჩვენ ვართ ასეთი ტიპის კინკლაობით დაკავებული და რაც მთავარია, ძალიან კარგად ჩანს, რომ უკრაინაზეც კი უფრო მნიშვნელოვანი, ნებისმიერ უსაფრთხოების საკითხზეც კი, ნაციონალების და ოპონენტების გალანძღვაა.

ჩანს აბსოლუტურად არასწორი ანალოგია უკრაინასთან. თითქოს არეულობა ჰქვია იმას, რაც მოხდა უკრაინაში და ამას არ დაუშვებენ. უკრაინაში მოხდა ევროპული იდეებისთვის და სუვერენიტეტისთვის ადამიანების გაწირვა და მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანი რამის, რომ ასოცირება არ დაბლოკილიყო რუსეთის მხრიდან. გამოდის ამ ანალოგით, რომ თავის თავს აიგივებენ იანუკოვიჩის ხელისუფლებასთან, რომელსაც თითქოს არ უნდა დაეშვა ეს არეულობა"

http://www.tabula.ge/ge/story/92341-xoshtaria-xelisuflebam-oponenttan-politikuri-procesis-tsarmartva-ver-moaxerxa