logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

კოალიცია “ევროატლანტიკური საქართველოსთვის” განცხადება საქართველოს ნატოში გაწევრიანების აქტუალიზაციის შესახებ

4444.png
03 აგვისტო, 2018
 0

კოალიცია “ევროატლანტიკური საქართველოსთვის” განცხადება საქართველოს ნატოში გაწევრიანების აქტუალიზაციის შესახებ ევროატლანტიკურ სივრცეში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, ხელსაყრელ გეოსტრატეგიულ გარემოს ქმნის საქართველოს ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად. 2014 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე, ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ, ალიანსმა რუსეთი პარტნიორიდან საფრთხედ გადააკვალიფიცირა. განმტკიცდა რუსული რევანშიზმის აღქმა როგორც მთავარი საფრთხისა, რომელიც მთლიანად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას ემუქრება. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ნატოს სამხედრო სტრატეგიაშიც, რომლის შესაბამისადაც, ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რუსული საფრთხის შესაკავებლად, ახალი საკომანდო პუნქტები შექმნა და სამხედრო ქვედანაყოფები განალაგა. თანმიმდევრულად ვითარდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შესაძლებლობები და შესაძლო აგრესიაზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნებიც რეგულარულად ტარდება.

აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან დაწესდა და თანმიმდევრულად მკაცრდება სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოების მიერ ფაქტობრივად დადასტურებულია რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის წარმოების ფაქტები აშშ-ის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. რუსული სპეცსამსახურების მიერ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ, ნატოს და ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ცივი ომის შემდგომი პერიოდისთვის უპრეცედენტო სოლიდარობა გამოიჩინეს რუსეთის წინააღმდეგ და საკუთარი ქვეყნებიდან გააძევეს კრემლის დივერსიული პოლიტიკის გამტარებელი რუსი დიპლომატები.

აშშ-ის კონგრესის, ევროკავშირის სტრუქტურებისა და ნატოს მიერ მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტებში სულ უფრო მკაცრდება შეფასებები რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. საქართველოსა და უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების განსავითარებლად აშშ-მა სახმელეთო ბატალიონების წვრთნის ფართომასშტაბიანი პროგრამები წამოიწყო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“ გადმოგვცა.

ცივილიზებული სამყარო უკვე აღიარებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დათმობებზე წასვლა საფრთხეს შეუქმნის მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას, რასაც ადასტურებს გერმანიის კანცლერის ბოლოდროინდელი განცხადებაც, სადაც ის რუსეთიდან გერმანიამდე „ნორდსტრიმ 2“ გაზსადენის გაყვანას დაუშვებლად მიიჩნევს, თუკი ამით უკრაინის, როგორც გაზის სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია დაკნინდება.

ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგის ფოკუსმა ევროპის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით გადმოინაცვლა, რამაც (განსაკუთრებით რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და სირიაში სამხედრო ჩართულობის შედეგად) შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები პრიორიტეტული გახადა. ამ კონტექსტში, საქართველოს როლი ალიანსის უსაფრთხოების დღის წესრიგში, შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ამავე დროს, ნატო ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას, რაც 2017 წელს მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებით, ხოლო ნატოს 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე, მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებითაც დასტურდება.

ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად ხელსაყრელი გეოსტრატეგიული გარემო იქმნება.

მიუხედავად ამისა, ნატოს 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით, ადგილი არ ჰქონია რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას. ეს ფაქტი კი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია საქართველოს ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად. მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და დიპლომატიური აქტივობა ფრაგმენტული, არასტრუქტურირებული და არაეფექტიანია.

როგორც ჩანს, ნატოში გაწევრიანების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ამგვარი პოლიტიკის ამოსავალი წერტილი რუსეთის ნაკლებად გაღიზიანებაა. ნატოში ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გაწევრიანებისა და დსთ-ს ქვეყნების არგაწევრიანების გამოცდილება კი გვიჩვენებს, რომ ასეთი მიდგომა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია.

რუსეთის მუქარების, მათ შორის ბირთვული მუქარის მიუხედავად, ნატოში გაწევრიანების პროცესის გააქტიურების, კერძოდ, შიდა დემოკრატიული რეფორმების ბოლომდე გატარების და მუდმივი დიპლომატიური აქტიურობის შედეგად, ბალტიისპირელებმა მოახერხეს ნატოელ მოკავშირეებში კონსენსუსის მიღწევა, რასაც ნატოში მათი უმტკივნეულოდ გაწევრიანება და რუსეთთან სტაბილური ურთიერთობების დამყარება მოჰყვა.

ნეიტრალური მოლდოვა, უბლოკო სტატუსზე კანონის მიმღები უკრაინა, და რუსეთის მოკავშირე ბელორუსი და სომხეთი კი, დღესაც მოსკოვის მხრიდან მუდმივი ზეწოლისა და ღია თუ ფარული აგრესიის წინაშე დგანან.

საქართველოც, მთავრობის პასიური პოლიტიკის პირობებში, რჩება ნატოს უსაფრთხოების ქოლგის მიღმა, რაც მას საკმაოდ მოწყვლადს ხდის რუსეთის აგრესიული ქმედებების მიმართ. ასეთი პოლიტიკა მოსკოვს საფუძვლიან ვარაუდს უჩენს, რომ მუდმივი პოლიტიკური ზეწოლის, თანმიმდევრული, მცირემასშტაბიანი აგრესიული ქმედებებისა და ფართომასშტაბიანი პროპაგანდის საშუალებით, შესაძლებელია საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გზიდან ჩამოშორება და რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ზონად ქცევა.

ამ სიტუაციაში, ქვეყნის ნატოში გაწევრიანება რჩება ერთადერთ უალტერნატივო გზად ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და მისი დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობისათვის. საკითხის აქტუალიზაციისათვის, საქართველოს მთავრობის მხრიდან აქტიური, თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება როგორც დიპლომატიურ ასპარეზზე, ასევე დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით, ძალზედ მნიშვნელოვანია.

სასურველი შედეგის მისაღწევად, აუცილებელია მკაფიოდ ფორმულირებული და კოორდინირებული სამთავრობო სტრატეგია, რომლის ნაწილებიც უნდა იყოს:

  1. შიდა რეფორმების, განსაკუთრებით, სასამართლო და უსაფრთხოების სექტორის რეფორმების დაჩქარება და მათში ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაქსიმალური მონაწილეობა;
  2. ნატოს მომავალი სამიტისათვის საქართველოს პოზიციის და მოთხოვნების მკაფიოდ ჩამოყალიბება;
  3. მხარდამჭერ ქვეყნებთან და ჯგუფებთან ინტენსიური, კოორდინირებული კონსულტაციები;
  4. სკეპტიკოს ქვეყნებთან, მეტი, და რაც მთავარია, სწორი, შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის წარმართვა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების არგუმენტების მისაწოდებლად;
  5. ნატოს წევრი ქვეყნების არასამთავრობო, აკადემიურ და მედია წრეებთან, საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშემწყობი საკითხებისა და ვადების განსახილველად, კომუნიკაციისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელება;
  6. ანტიდასავლურ პროპაგანდასთან საბრძოლველად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის ინტენსიური, კოორდინირებული და თანმიმდევრული სტრატეგიული კომუნიკაციის გზით.

საქართველოს მთავრობა ბევრად უფრო სერიოზულად და მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ნატოში გაწევრიანების საკითხს, რაც ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

ერთი მხრივ დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ეფექტიანი მმართველობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, და მეორე მხრივ, აქტიური, მკაფიოდ ფორმულირებული და კარგად კოორდინირებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ნატოს მომავალ სამიტზე ალიანსში გაწევრიანების საქმეში წარმატების მისაღწევად.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center
  • მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - Transparency International Georgia
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - Georgian Farmers Association
  • ხმა საქართველოდან - Voice from Georgia