სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციების განცხადება ზაქარია ქუცნაშვილის სიძულვილის ენის შემცველ განცხადებასთან დაკავშირებით

29 აპრილი, 2017

სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის დისკრიმინაციულ განცხადებას, რომელიც მან ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში 2017 წლის 26 აპრილს გააკეთა და რომელშიც დამამცირებელი ტერმინით მოიხსენიებს ლგბტ თემის წარმომადგენლებს.

ზ. ქუცნაშვილი: „კონსტიტუციაში [ქორწინების დეფინიციის] ჩაწერით ჩვენ გზავნილს ვუშვებთ აფხაზეთსა და ცხინვალისრეგიონში, რუსები ძალიან თამაშობენ სერიოზულად ამ თემაზე დაამბობენ, რომ აი, საქართველო გახდა ევროპისასოცირებული წევრი, საქართველომ მიიღო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის უფლება, საქართველომ მიიღოევროპასთან თავისუფალი გადაადგილების უფლება და აი, საქართველო გახდება ცისფერების ქვეყანა და ჩვენსერიოზულ გზავნილს ვაგზავნით ყველგან, რომ საქართველო არ გახდება არასდროს ცისფერების ქვეყანა, ხოლო ისპოლიტიკური ჯგუფები, ვინც მათი ლობისტი იქნება პირდაპირ თუ ირიბად, მათ საზოგადოება ამხელს და მიუჩენს იმდენპროცენტს, რამდენ პროცენტზეც ოცნებობენ ეგენი.

აღნიშნული განცხადება შეიცავს სიძულვილის ენას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ. გარდა ამისა, ზ. ქუცნაშვილს აშკარად შეცდომაში შეყავს საზოგადოება და მანიპულირებს ისეთი დელიკატური თემით, როგორიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებია, როდესაც აცხადებს, თითქოს ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციაში ჩაწერით სახელმწიფო რაღაც საფრთხეს – “ცისფერების ქვეყანად” გადაქცევას – აიშორებს, ხოლო ლგბტ თემის დისკრიმინაციით შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მეტი კეთილგანწყობა დავიმსახუროთ.

ამგვარი არაადეკვატური და სიძულვილით მოტივირებული განცხადებები დეპუტატის მხრიდან განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, ვინაიდან მათ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინონ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, რომელშიც ჰომოფობიური განწყობა ისედაც ძლიერია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საჯარო პირებს, თავი შეიკავონ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მოუტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, შელახონ ადამიანის უფლებები და წაახალისონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსისაქართველო (BBSA-Georgia)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement) 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველო (TI)

იდენტობა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)