“საქართველოს რეფორმების ასოციაციის” მოსაზრება ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე

31 ივლისი, 2015

“საქართველოს რეფორმების ასოციაცია” წარმოგიდგენთ მოსაზრებებს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე.

  1. არ შეესაბამება კონსტიტუციის პრინციპს – არღვევს და ასუსტებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, გამოიყენოს კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია – მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლად განხორციელება.
    როგორც აღინიშნა, კანონპროექტის ავტორების მიერ [1] წარმოდგენილი ცვლილები პოლიტიკურად არის მოტივირებული და მისი მიზანია პოლიტიკური ოპონირება გაუწიოს ეროვნულ ბანკს, რაც ნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილება არ იქნება თანხვედრაში ეროვნული ბანკის მიზნებთან და გადაწყვეტილებებთან. მთავრობის განცხადებით [2] , ცვლილებების მიზანია ეროვნულ ბანკზე კონტროლის დაწესება.

 

  1. ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – 95 მუხლის მიხედვით, ეროვნულმა ბანკმა ხელი უნდა შეუწყოს ფინანსურ სტაბილურობას. ამ ცვლილებებით, ეროვნულ ბანკს არ რჩება ინსტრუმენტი რითაც ფინანსური სტაბილურობის ფუნქციას განახორცილებს.
    კანონში ნახსენებია, (მუხლი 47/2) რომ “ეროვნული ბანკი/სააგენტო ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას”. თუმცა, ეს ფორმალური ჩანაწერია და კანონის მიხედვით ეროვნულ ბანკს აღარ ექნება პრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა, არც მათზე რაიმე გავლენა.

 

  1. ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით არასწორი გადაწყვეტილებაა – 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ შეიცვალა გამოკვეთილი ტენდენცია, რაც ფინანსური ზედამხედველობისა და ცენტრალური ბანკის ცალ-ცალკე ინსტიტუტებად დეინტეგრაციით გამოიხატებოდა. კრიზისმა თვალნათლივ წარმოაჩინა, რომ ფასების სტაბილურობის მიღწევა მნიშვნელოვანწილად ფინანსურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული. ამის შემდეგ, მრავალ ქვეყანაში მოხდა ცენტრალური ბანკებისთვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გადაცემა და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს.

    ქვეყნების ნაწილმა (ბელგია, ირლანდია, ინგლისი) მთლიანად დაუბრუნეს ცენტრალურ ბანკს საბანკო ან სრულიად საფინანსო სექტორის ზედამხედველობის პრეროგატივა. მართალია ზედამხედველობის სააგენტო ცალკე ფუნქციონირებს შემდეგ ქვეყნებში: დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და ფინეთი, თუმცა კრიზის შემდეგ  გაიზარდა ინტეგრაცია ცენტრალურ ბანკებთან.  ამასთან, საფრანგეთი, გერმანია და ავსტრია ახორციელებენ ერთობლივ ზედამხედველობას. გარდა ამისა, ევროპის ცენტრალურ ბანკს, რომელიც მანამდე მხოლოდ მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებდა, 2012 წელს დაევალა მსხვილი ბანკების ზედამხედველობა ევროზონაში.

    ზედამხედველს და ცენტრალურ ბანკს განსხვავებული ინფორმაცია, განსხვავებული მოტივაცია და განსხვავებული ინსტრუმენტები აქვთ. ზედამხედველი უფრო მიკრო მონაცემებს უყურებს და კონკრეტული ბანკის სიჯანსაღეზე ზრუნავს, ცენტრალური ბანკი კი მთლიანად ეკონომიკაზე.

    მაგალითად, თუ სწრაფად იზრდება სამომხმარებლო სესხები, ეს ერთი მხრივ მომგებიანია საბანკო სექტორისთვის, მაგრამ პრობლემურია ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისთვის, რადგან ამცირებს ინვესტიციებს, ზრდის იმპორტზე მოთხოვნას (აუფასურებს ეროვნული ვალუტის კურსს), იზრდება მოსახლეობის დავალიანება და სხვა. ზედამხედველობის ინტერესშია არ შეზღუდოს სამომხმარებლო სესხები, მაგრამ ქვეყნის ინტერესშია, რომ მისი ტემპი შენელდეს.

    მეორე მაგალითი, რაც მსოფლიო ტენდენციის ძირითადი მიზეზი იყო, არის ფინანსური სტაბილურობა. ბანკების, განსაკუთრებით სისტემური ბანკების ინტერესშია აიღონ დამატებითი რისკები, რაც გაზრდის მათ მომგებიანობას (მენეჯმენტის ხელფასებს), მაგრამ რისკებს უქმნის ქვეყანას, რადგან, თუ მოხდა სისტემური ბანკის გაკოტრება, სახელმწიფო იქნება იძულებული, გაწიოს ხარჯები და მოახდინოს ბანკების რეკაპიტალიზაცია.

    მესამე მაგალითია კონფლიქტი მონეტარულ და საზედამხედველო მიზნებს შორის. მაგალითად, როდესაც არის მოსალოდნელი მაღალი ინფლაცია, მაშინ უნდა მოხდეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. თავის მხრივ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ამცირებს ბანკების მომგებიანობას და თუ რამე სისუსტე არის საბანკო ზედამხედველობაში, ეს გახდება ცხადი. ამიტომ, ზედამხედველობა, განსკუთრებით ჩვენნაირ ქვეყნებში, როგორც წესი ეწინააღმდეგება პოლიტიკის გამკაცრებას.

    ამ მიზეზების გამო, 2008 წლიდან ცენტრალურ ბანკებს გაუზარდეს ფინანსური სტაბილურობის ფუნქცია და მისცეს ახალი ინსტრუმენტები, რომელიც მანამდე მხოლოდ საზედამხედველო შინაარსის იყო. ამ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებისთვის აუცილებელია საბანკო სისტემასთან და ზედამხედველობასთან მჭიდრო ურთიერთკავშირი.

 

  1. გაუარესდება ზედამხედველობის ხარისხი, რადგან სუსტდება და აღარ არის მინიმალური საზედამხედველო სტანდარტის შესაბამისი ზედამხედველობის დამოუკიდებლობა.

    განმარტება: საზედამხედველო სამსახური ბანკებს უკრძალავს დეპოზიტარების ფულით ზედმეტი რისკების აღებას. ზედმეტი რისკები ბანკების მენეჯმენტის მაღალ შემოსავლებს უზრუნველყოფს, მაგრამ ზარალდება დეპოზიტარი და ქვეყანა. თუ ზედამხედველი არის სანდო და დამოუკიდებელი მთავრობისა და საბანკო სექტორისაგან, მაშინ ბანკებს უფრო ადვილად და იაფად შეუძლიათ ფულის მოზიდვა, შესაბამისად სესხების პროცენტი არის ნაკლები და ეკონომიკური ზრდა და დასაქმება მეტი. ამიტომ, ზედამხედველის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ამაში ბაზრის დაჯერება, ნორმალურ ქვეყანაში მთავრობის ძირითადი საზრუნავია.

    ასევე, ცვლილებები არ შეესაბამება ბაზელის “ეფექტიანი ზედამხედველობის ძირითად პრინციპებს”. კერძოდ, საბანკო ზედამხედველობა დამოუკიდებელი უნდა იყოს მთავრობისა და საბანკო სექტორისაგან. წარმოდგენილი ცვლილებებით, დანიშვნის პროცესი არ არის გამჭვირვალე და მთავრობასთან ასოცირებული პირები იქნებიან გადაწყვეტილების მიმღებნი. გარდა ამისა, გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად იქნება მიღებული სააგენტოს მმართველის მიერ და თვითონ ეს პირი იქნება პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, რადგან მისი მოხსნა ადვილად იქნება შესაძლებელი (მუხლი 474 პუნქტი 7/ვ) “დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანად შესრულების შემთხვევაში”. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ თუ გავლენის მქონე პოლიტიკურ ჯგუფს არ მოეწონება მისი გადაწყვეტილება მას მარტივად მოხსნიან. 

    ბევრი მაგალითი შეიძლება იყოს საბანკო სფეროში მთავრობის არასწორი ჩარევისა, რასაც ყველა შემთხვევაში საბანკო კრიზისი მოსდევს (გარდა იმ ქვეყნებისა, სადაც ისედაც ბიზნესის ტოტალური კონტროლია). მაგალითად, მთავრობა სთხოვს საბანკო სექტორს, რომ დააფინანსოს რისკიანი სექტორები და ბიზნესი. ამჟამინდელი მთავრობის საარჩევნო დაპირებაა, რომ სოფლის მეურნეობაში წარმოება გაიზრდება, რადგან ამომრჩეველთა 50% ცხოვრობს სოფლად. რადგან სოფლის მეურნეობა რისკიანი სექტორია და მისი დაფინანსებაც ბანკებისთვის ხარჯიანია, ამიტომ დიდი ინტერესი არ არის. ამ სექტორში რისკების შემცირებას მიზანმიმართული და რამდენიმე წლიანი მუშაობა სჭირდება, რასაც მომავალში ბანკების დაინტერესება მოყვება. რადგან ეს სწორი მაგრამ გრძელვადიანი სტრატეგიაა, ამიტომ, მთავრობის ცდუნება იქნება “აიძულოს” ბანკები დააფინანსონ ეს სექტორი. როგორც წესი, სხვა ქვეყნების გამოცდილებით, “იძულება” ხდება სხვადასხვა შეღავათების გაწევით, მაგ: შეუმცირებენ საზედამხედველო მოთხოვნებს ან რისკებს აიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი, რადგან მათი მატერიალიზაცია მომავალში უკვე არჩევნების ციკლის შემდგომ მოხდება. საბოლოო ჯამში, ქვეყანას და მათ შორის საბანკო სექტორს ხარჯები ეზრდება.

    მეორე მაგალითი შეიძლება იყოს სხვადასხვა პოლიტიკურად მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებში ფილიალების გახსნის მოთხოვნა და იქ მათთვის სასურველი ხალხის დასაქმება.

    მესამე, არჩევნების წინ საპროცენტო განაკვეთების შემცირება ან აღსრულების გადავადება.

    მეოთხე, პოლიტიკურად ლოიალური პირებისათვის სესხის მიცემა, როდესაც ბანკებისათვის არ არის მოგებიანი. ან პირიქით, ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესის შევიწროვება.

    მეხუთე, ბანკებიდან მმართველი პარტიების დაფინანსება (გავრცელებულია საბერძნეთში).

    მეექვსე მაგალითი, რაც ძლიან გავრცელებული იყო 2005 წლამდე, არის ნეპოტიზმი, როგორც მარეგულირებელ ასევე საბანკო სექტორში. პარტიის აქტივისტების, ნათესავებისა და მეგობრების დასაქმება.

 

  1. ზედამხედველობის დამოუკიდებლობის გაუარესება ნიშნავს, რომ გაიზრდება მსხვილი ფინანსური ჯგუფებისა და გავლენიანი პირების ზეწოლა ზედამხედველზე, რაც გამოიწვევს საბანკო სექტორში უმოქმედო სესხების ზრდასა და ზარალს. ასევე, დაკავშირებული პირებისთვის სასესხო პორტფელის ზრდას. ინსაიდერული დაკრედიტება და პოლიტიკური მიზნობრიობის სესხები არის ძალიან დიდი პრობლემა მეზობელი ქვეყნების საბანკო სექტორში.

    ბანკები ფინანსურ ჯგუფებზე გაწეული ზარალის გადაფარვას ზედამხედველის თანხმობით და ხელშეწყობით მოახდენენ სხვა სესხების ხარჯზე. შესაბამისად, გაიზრდება სესხებზე პროცენტი, რადგან საბანკო სექტორი უფრო რისკიანი გახდება, შესაბამისად, შემცირდება სესხებზე ხელმისაწვდომობა. შედეგად, ვისაც სესხი აქვს მისი ხარჯები გაიზრდება, დეპოზიტარებს შემოსავლები შეუმცირდებათ. ვინც არ არის ბანკთან დაკავშირებული მას გაეზრდება მომსახურების და საქონლის ხარჯები (რადგან ბიზნესს გაუძვირდება სესხები), შეუმცირდება ან ნაკლებად გაეზრდება ხელფასი, გაიზრდება უმუშევრობა. დაახლოებით იქნება ის სურათი რაც იყო 2005 წლის საბანკო სექტორში, ოღონდ მასშტაბები და ზარალიც იქნება რამდენჯერმე მეტი.

 

  1. უკვე შეფერხებულია სავალუტო ფონდის პროგრამა, რაც უარყოფითად აისახება ინვესტორთა და სხვა დონორთა განწყობაზე. დიდი რისკია, რომ პროგრამა გაჩერდეს;

 

  1. არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პრინციპული შენიშვნები – შეგვიქმნის პრობლემას ამ ორგანიზაციებიდან მომავალ წელს და შემდგომ წლებში საბიუჯეტო დახმარებისა და საინვესტიციო/შეღავათიანი სესხების მიღებაში;

    მომავალ წელს დონორებისგან ველოდებით 500 მილიონი დოლარის საბიუჯეტო სესხებსა და გრანტებს, რომელიც მნიშვნელოვანი რისკის წინაშე დგება. იგივე პროგნოზია 2017 წლისათვის.

 

  1. თუ არ მივიღეთ დონორების ფული, ვერ დავაფინანსებთ ბიუჯეტის დეფიციტს 2016-2017 წლებში.

    დეფიციტის დასაფინანსებლად არის ორი წყარო, საგარეო (დონორების ფული) და საშინაო (სახაზინო ვალდებულებები). დონორების თანხებს, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, პრობლემები შეექმნება. ასევე, მთავრობის არასწორი კომუნიკაციისა და ეროვნულ ბანკზე თავდასხმის გამო პრობლემები ექმნება ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მეორე წყაროს – სახაზინო ვალდებულებებს.

    თუ არ დაფინანსდა დეფიციტი, მთავრობა გამოიყენებს დეპოზიტებს, რასაც კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურება და ეკონომიკის შენელება მოყვება ან/და უნდა გამოუშვას ევრობონდი, რაც ძალიან ძვირი იქნება და მომავალ წლებში ხელს შეუწყობს კურსის გაუფასურებას.

 

  1. უარყოფითად აისახება სარეიტინგო კომპანიებზე (დიდი ალბათობით გაგვიუარესებენ რეიტინგს);

 

  1. უარყოფითად აისახება ინვესტორთა განწყობაზე – მომავალი წლის არჩევნების ფონზე, დაუსაბუთებლად და ნაჩქარევად საბანკო სექტორზე პოლიტიკური კონტროლის დაწესება აშინებს ინვესტორებს და აღიქმება, როგორც საარჩევნოდ ბიზნესზე კონტროლის დაწესების სურვილი. ინვესტიციების შემოდინება შეფერხდება განსაკუთრებით მომავალ წელს;

 

  1. ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არ არის გათვალისწინებული ევროკავშირის მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის პროექტის ექსპერტების პრინციპული შენიშვნები (თუმცა, გათვალისწინებულია ტექნიკური ტიპის). რისკი ექმნება წლის მეორე ნახევარში 46 მილიონი ევროს დახმარებიდან დარჩენილი ნაწილის მიღებას;

 

  1. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განხორციელების ეფექტიანობა შემცირდება, რადგან აღარ ექნება მაკრო-პრუდენციული ინსტრუმენტები. გაიზრდება ფასების მერყეობა, ნაკლები იქნება ეკონომიკური ზრდა;

    ეროვნული ბანკის ეფექტიანობა შემცირდება, გაიზრდება ინფლაციური მოლოდინები (ნორმალურ ქვეყნებში ინფლაციის სწორი მოლოდინის კონტროლი არის მთავრობისა და ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი). შედეგად, ცენტრალურ ბანკს უფრო მეტად მოუწევს პოლიტიკის გამკაცრება (ანუ ეკონომიკის შეზღუდვა), ვიდრე ეს უნდა გაეკეთებინა თუ მისი პოლიტიკის სანდოობა მაღალი იქნებოდა.

    ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა იზღუდება. თუ ეროვნული ბანკი არ იქნება დამოუკიდებელი, ის ვერ იზრუნებს გრძელვადიან პერიოდზე, შესაბამისად გაჩნდება შიში, რომ მთავრობა და პოლიტიკოსები, გრძელვადიანი სარგებლის ხარჯზე ეცდებიან მოკლე ვადაში სიტუაციის უკეთ გამოჩენას, რაც შეამცირებს ქვეყანაში ინვესტიციებს, გაზრდის კურსის მერყეობას, ხელს შეუწყობს ვალუტის კურსის გაუფასურებას და შეამცირებს გრძელვადიან ზრდას. ყველა მთავრობა ცდილობს, რომ დაუმტკიცოს ინვესტორებსა და მოსახლეობას, რომ მის ქვეყანაში ცენტრალური ბანკი დამოუკიდებელია, რომ გრძელვადიანად გაიზარდოს ეკონომიკა. ჩვენთან პირიქით ხდება.

 

  1. ძალიან ცუდი დროა ბანკების ნდობის შერყევისათვის, წელს ბანკებს კურსის გამო სავარაუდოდ ექნებათ ზარალი და შეიძლება დასჭირდეთ დამატებითი კაპიტალი. ამ სიტუაციაში მათ ძალიან გაუჭირდებათ კაპიტალის მოზიდვა, შედეგად შეამცირებენ სესხებს რაც უკვე გაჩერებულია და ეკონომიკური ზრდა კიდევ შენელდება;

 

  1. საბანკო სისტემა აგებულია ნდობაზე, თუ დეპოზიტარებს და ინვესტორებს გაუჩნდებათ შიში, რომ მათი ფული ვერ იქნება სათანადოდ დაცული, მაშინ გვექნება დეპოზიტების გადინება რაც დამანგრეველი იქნება.

    დეპოზიტების ზრდა ისედაც გაჩერებულია და ბოლო რამდენიმე თვე მცირდება. ასევე, მკაცრი ზედამხედველობის გამო, ბანკებს შეეძლოთ ადვილად მოეზიდათ ფული საერთაშორისო ბაზრებიდან. ეს ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ასევე, გვაქვს ცუდი მაგალითები რეგიონში, მაგ: მოლდოვაში, სახელმწიფო ჩარევის გამო ბანკებიდან მილიარდამდე ფული დაიკარგა. საერთაშორისო ბაზრებზე ისედაც გართულებულია ფულის სესხება განვითარებადი ბაზრებისათვის და ეს პროცესი უფრო გართულდება, როცა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა დაიწყებს პროცენტების აწევას (სავარაუდოდ სექტემბრიდან), ბანკებს ამის გამო კიდევ უფრო გაუჭირდებათ ფულის მოზიდვა.

 

  1. რადგან ბანკები არიან შეშინებულნი, რომ ეროვნული ბანკის მენეჯმენტი და ინსტრუმენტები შეიცვლება, ან ზედამხედველობის ინსტრუმენტით შეზღუდავენ ბანკების მიერ მონეტარულ ოპერაციებში მონაწილეობას, ეცდებიან არ დააფინანსონ ლარის გრძელვადიანი სესხები და ამ რესურსს მიმართავენ მოკლევადიან სესხებში.

     გრძელვადიანი სესხი არის საინვესტიციო და ეკონომიკასა და დასაქმებას ზრდის. მოკლევადიანი კი, არის სამომხმარებლო, რაც ძირითადად ზრდის იმპორტს და ეკონომიკას ამცირებს. ასევე, მოსახლეობის დავალიანებას ზრდის და კურსის გაუფასურებას უწყობს ხელს.

 

  1. ბიზნესი და განსაკუთრებით გარე ინვესტორები შეშინდებიან იმ ფაქტით, რომ ნაჩქარევად და გაურკვეველი მიზეზების გამო შეიძლება შეიცვალოს და გაუარესდეს ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორის რეგულირება. ეს მნიშვნელოვნად ზრდის გაურკვევლობას ქვეყანაში. იგივე შეიძლება მოხდეს სხვა დარგების მიმართ. გრძელვადიანი განვითარება აღარ იქნება. ინვესტიციები წავა ძირითადად მოკლევადიან ამოგების მქონე ბიზნესსა და უძრავ ქონებაში. ინვესტიციების გავლენა დასაქმებაზე და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე მინიმალური იქნება.

 

  1. არის მნიშვნელოვანი რისკები/მოლოდინები, რომ შემოდგომიდან გაუფასურდება ლარი. ამ პროცესს საკანონმდებლო ცვლილება კიდევ უფრო ამძიმებს. კურსის გაუფასურება რომ არ მოხდეს, ან გაჩერდეს მაკროეკონომიკური პროცესების გამო, მაინც იქნება მოლოდინი/აღქმა, რომ ეს მოხდა ზედამხედველის ხელოვნური ჩარევით, რაც ნიშნავს, რომ მომავალში იქნება დიდი გაუფასურება და შესაბამისად ხელს შეუწყობს გაუფასურების მოლოდინის ზრდას და კურსზე ზეწოლას;

 

  1. შოკის შემთხვევაში, გაიზრდება ბანკებზე ზეწოლა, საკუთარი ზარალის ხარჯზე არ მოხდეს კურსის გაუფასურება, რაც დააზიანებს როგორც ეკონომიკას, ასევე საბანკო სექტორს. ეს ფაქტი ასევე გამოიწვევს პროცენტების ზრდას;

 

  1. ბანკებში მცირდება დეპოზიტები. თუ აშშ-ის სარეზერვო სისტემამ დაიწყო განაკვეთების სწრაფი ზრდა, დეპოზიტების შემცირების ტენდენცია დაჩქარდება. დეპოზიტების შემცირება მართალია ნელი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ როდესაც ეს ტრენდი უფრო მეტად ხილული გახდება, იგი გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას, ანუ გაიზრდება ბანკებიდან დეპოზიტების გადინება, რაც კვლავ დეპოზიტების გადინებას შეუწყობს ხელს და ასე შემდეგ. ამ პროცესის თანმდევი შედეგი იქნება კურსის გაუფასურება, რაც ასევე დეპოზიტების გადინების ხელშემწყობია;

  1. დაირღვა საქართველოს ევროპასთან ასოცირების დღის წესრიგი და მისი პრინციპები.

    ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისი მიზანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვა (მეჭიაური/წულუკიანი) შესაბამისად ირღვევა ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი. არ ყოფილა შესაბამისი კონსულტაციები საკანონმდებლო პროცესში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი უარყოფითი მესიჯია ევროპისათვის, რაც შექმნის დამატებით პრობლემებს, როგორც ვიზების ლიბერალიზაციაში, ისე ასოცირების პროცესში [3].

 

[1] მეჭიაური პირველი მოსმენის საკომიტეტო სხდომა

[2] წულუკიანი: მიზანია რომ „ეროვნული ბანკი და მისი ლიდერები არ იყვნენ უკონტროლოდ. როდესაც ჩვენ ისინი დავტოვეთ უკონტროლოდ მოსახლეობამ მიიღო ის ლარის მზარდი კურსი, უკონტროლო მდგომარეობა მონეტარულ პოლიტიკაში, რაც მიიღო. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ რომელიმე ინსტიტუტის უკონტროლობამ გამოიწვიოს ჩვენი ისედაც შეჭირვებული მოსახლეობის კიდევ უფრო დიდი გაჭირვება და სოციალურ-ეკონომიკურ კატასტროფა“. Tv maestro, 27/06/2015

[3] https://polcms.secure.europarl.europa.eu/cmsdata/upload/37695c83-aa67-42a7-849f-73e3746fb817/Press%20release%20-%20Tbilisi%2025%20July%202015_AFET%20Delegation%20to%20Georgia.pdf