logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სერგი კაპანაძის ინტერვიუ "პრემიერთან" პრემიერმინისტრის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით

c33bba62feda5cc8c27c3c559c93240a.jpg
11 სექტემბერი, 2013
 0

sergi-kapanadze-ghnრატომ ხდება, რომ საქართველოს ამომრჩეველი ბოლო 22 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის არჩევნებში აკეთებს ყველა სახის არჩევანს, გარდა ღირებულებითი არჩევნისა? რა არის იმის უმთავრესი მიზეზი, რომ ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფის გარდა პარტიებისა თუ კანიდატების პროგრამას, მათ პოლიტიკურ მისწრაფებებს არავინ აძლევს ხმას?ამ საკითხებზე ”პრემიერი” საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორს, სერგი კაპანაძეს ესაუბრა.

სერგი კაპანაძე: ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. ზოგადად, არჩევნებში ადამიანები მონაწილეობენ ხოლმე თავიანთი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და ისეთ ძალებს აძლევენ ხმას, რომლებიც მათ უკეთეს ცხოვრებას მოუტანს, ან რომელიმე საკითხზე მათთვის მისაღებ პოზიციაზე დგას. ცნობილია, რომ, მაგალითად, აშშ-ში ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი მხოლოდ ერთ, ან მაქსიმუმ ორ საკითხზე პოლიტიკური პარტიის პოზიციის მიხედვით აძლევს ხმას. ამიტომ არის, რომ ბოლო წლებში აბორტთან, გადასახადებთან ან საგარეო ინტერვენციებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ხოლმე ინტენსიური დებატები არჩევნების წინ. ჩვენთან არ არსებობს არჩევნებში მონაწილეობის პოლიტიკური კულტურა. უფრო სწორედ, ეს კულტურა არ არსებობდა ტრადიციულად, ისტორიულად, თორემ, ჩემი აზრით, ბოლო წლებში იგი ყალიბდება. უკანასკნელი ორი არჩევნები რომ ავიღოთ (2012 წლის ოქტომბრის და 2010 წლის ადგილობრივი), ვნახავთ, რომ საარჩევნო კამპანიები მაინც ორიენტირებული იყო კონკრეტულ საკითხებზე. განსაკუთრებით 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში გამოჩნდა, რომ ძირითადი დებატი კონკრეტული ეკონომიკური საკითხების, უმუშევრობის და ა.შ. ირგვლივ იყო. ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ დაპირებებმა იქონია დიდი გავლენა მოსახლეობაზე. ესეც სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რადგან მთავრობა, რომელიც დაპირებებით მოდის ხელისუფლებაში, სწორედ ამ დაპირებების შესრულების მიხედვით უნდა იყოს განსჯილი მომდევნო არჩევნებზედაც. საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ ნელ-ნელა საქართველოში ჩამოყალიბდება ის კულტურა, როდესაც მოსახლეობა ხმას მისცემს მიღწევების და წარუმატებლობების, სხვადასხვა საკითხზე დაფიქსირებული პოზიციების და პარტიის პლატფორმის მიხედვით და არა პიროვნული სიმპათია-ანთიპათიის გამო. თუმცა, ბუნებრივია, პიროვნული საკითხებიც მნიშვნელოვანია და არა მგონია, რომელიმე არჩვენებში ეს თემა ნიველირებულ იქნას. ნიკსონის ფიასკომ ძალიან დასცა 1974-ში რესპუბლიკური პარტიის იმიჯი და მისი გამოსწორება მხოლოდ რეიგანის ქარიზმატულმა პიროვნებამ მოახერხა.

_ ბატონმა რასმუსენმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება მორიგი ტესტი, იგივე განცხადება გააკეთა დასავლეთის არაერთმა პოლიტიკურმა პერსონამ. მაგრამ თუ პრაგმატულები ვიქნებით, ცხადია, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკურ-დიპლომატიური ფრაზაა და არჩევნები არავითარ გავლენას არ მოახდენს დასავლეთისა და საქართველოს დაახლოებაში. ესეც იმიტომ ხომ არ ხდება, რომ დასავლეთშიც კარგად ხვდებიან: ჩვენ _ ამომრჩევლები _ სწორედ რომ ღირებულებებს არ ვირჩევთ და არც პასუხიმგებლობას ვიღებთ საკუთარ არჩევანზე?

_ არ ვიქნებოდი ასე კატეგორიული. დასავლეთშიც კარგად ხვდებიან, რომ ჩვენთან პოლიტიკური კულტურა ჩამოყალიბების პროცესშია, თუმცა ისიც კარგად ესმით, რომ ქართული საზოგადოება გაცილებით გაზრდილი, გამოცდილი და ჩამოყალიბებულია დემოკრატიულობის თვალსაზრისით, ვიდრე მეზობელი ქვეყნების საზოგადოებები. ამის გამოა, რომ სწორედ საქართველოში მოხდა ორი გარდამტეხი მოვლენა მთელი რეგიონისთვის, ჯერ მშვიდობიანი რევოლუციის გზით საბჭოური ნომენკლატურის განდევნა და შემდეგ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა.

_ 1-ლი ოქტომბრის შედეგ არჩეულმა „ქართულმა ოცნებამ“ უდიდესი შანსი დაუკარგა ქვეყანას ევროსტრუქტურებში ინტერგაცის მხრივ. ამჟამად საგარეო პოლიტიკაში სრული სტაგნაციაა. უკიდურესმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ შექმნა ვითარება, რომ საქართველო გახდა „უცხო“ დასავლეთისთვის. პარალელურად, საზოგადოებაში გაჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც ღიად ილაშქრებენ დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ. ამ ვითარებაში, ერთი მხრივ, კანონზომიერია ჩვენზე გულის აცრუება. მაგრამ რაა საჭირო იმისთვის, რომ ეს ვითარება პოზიტიურად შეიცვალოს?

_ სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“, მართლაც, დიდი შანსი დაკარგა. იმის ნაცვლად, რომ მათ კაპიტალიზაცია მოეხდინათ ქვეყნის დემოკრატიულობის მიღწევებზე და მომავალზე ეფიქრათ, ამჯობინეს, ეს ერთი წელიწადი წარსულზე ესაუბრათ და პოლიტიკური ოპონენტებისადმი ჩრდილის მიყენებით ქვეყნისთვის ევროპული მომავლისთვისაც მიეყენებინათ ჩრდილი. ამის მიზეზი არის არა მხოლოდ გამოუცდელობა, არამედ, ასევე, პირადი შუღლი, ზიზღი, რაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უხვადაა ქართულ პოლიტიკაში. ამას გარდა, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის კოორდინაციის არარსებობა მთავრობის შიგნით და ე.წ. „სენსე ოფ ურგენცყ”-ის ანუ „დროში დაწვის განცდის“ სრული დეფიციტი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობის ზოგიერთი სტრუქტურის მოქმედება სრულიად შეუთანხმებელია სხვა სტრუქტურებთან და რომ ერთ დღეს შეიძლება ერთი გადაწყვეტილება მიიღონ, მეორე დღეს კი მეორე. სამწუხაროა, რომ ამგვარმა დამოკიდებულებამ „კოჰაბიტაცია“ მმართველი გუნდისთვის სალანძღავ სიტყვად აქცია, როდესაც კოჰაბიტაციის წარმატებულობა შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის იმიჯის სრულიად ახალ დონეზე გადაყვანის შანსი. ჩვენ, როგორც გვჩვევია ხოლმე, ეს შანსი ხელიდან გავუშვით.

აუცილებლად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება პასუხისმგებლობისადმი. მინისტრებმა, მინისტრის მოადგილეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ისინი პოსტებზე იმიტომ კი არ არიან, რომ პირადი სარგებელი ნახონ, არამედ იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვან. ამიტომ როდესაც მინისტრი ან მოადგილე ხედავს, რომ რაღაც ცუდად ხდება, ცუდ ინსტრუქციას ღებულობს და ამის შესაცვლელად ხმას არ იღებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის ეს არაკომფორტულია, არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ჩვენთან საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბდა პასუხისმგებლობის განცდა, რომელიც აუცილებელია ქვეყნის პროგრესისთვის. აქვე უნდა ითქვას, რომ არც პრემიერ-მინისტრი იძლევა კარგ მაგალითს პასუხისმგებლობის კუთხით. ის აპირებს, დატოვოს პოლიტიკა, რაც ძალიან ბევრის მიერ აღიქმება, როგორც სწორედ პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება. სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა ტოვებდეს პოლიტიკას ადამიანი, რომელსაც მოსახლეობამ ამხელა ნდობა გამოუცხადა. ჩვენმა მმართველმა პარტიამ უნდა გაიგოს, რომ საქართველომ უფრო სწრაფი ტემპით უნდა განაგრძოს განვითარება, ვიდრე მეზობლებმა, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა, რათა რამდენიმე ათწლეულში მაინც გავხდეთ თანამედროვე დასავლური სახელმწიფო. ყოველი დაკარგული თვე და წელი ნიშნავს ჩვენი პროგრესის ათი და ოცი წლით გადადებას. ამიტომ უნდა ჰქონდეთ მთავრობაში ეს განცდა, რომ „დროში ვიწვებით“, რომ დროზე არის საქმეები გასაკეთებელი, დროზეა გადაწყვეტილებები მისაღები, რომ ერთი დღით, ორი დღით, ერთი კვირით საქმის გადადება არის ძალიან დიდი პრობლემა. სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ, რომ ეს განცდა არსებოდეს დღეს მთავრობაში. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა „არხეინად მიჰყვება დინებას“.

_ და მაინც, რამ უნდა შეცვალოს ქართველი ამომრჩევლის დამოკიდებულება არჩევნებისადმი, როდესაც ის დაიწყებს ღირებულებითი არჩევნის გაკეთებას და ამით არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ კლასს, არამედ დასავლეთსაც აჩვენებს, რომ ის პასუხიმგებელია საკუთარ არჩევანზე?

_ განათლებამ! ჩვენთან უდიდეს პრობლემად რჩება განათლება, როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო დონეზე. განათლება, დასავლური საზოაგდოებისადმი გახსნილობა, მეტი მობილობა, ღიაობა _ ეს არის გზა, რომელიც ამომრჩეველს ნელ-ნელა გააგებინებს, რომ ის გადაწყეტილებებს უნდა იღებდეს ღირებულებების და საკითხების მიხედვით და არა პიროვნული მოტივაციით. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ღია, მოქნილი, უნდა გვქონდეს ძლიერი განათლების სისტემა. სამწუხაროა, რომ ამ ბოლო დროს მიღებულმა ცვლილებებმა განათლების კანონში ძალიან დიდი ნაბიჯით დახია უკან ჩვენი განათლების სისტემის მოქნილობა და მობილობა. ესეც ხედვის არარსებობის ბრალია. განათლების სამინისტროში ერთ ადამიანს სხვა ხედვა აქვს, პრემიერს სხვა ხედვა, განათლების კომიტეტს სხვა ხედვა, ამ დროს, ეს ხედვები არც შეჯერებულია, არც ექსპერტიზას და რეალურ ანალიზს ეფუძნება. ამიტომ, მე მგონია, რომ კიდევ დიდხანი გვექნება სიტუაცია, როდესაც პარლამენტი მიიღებს კანონებს, რომლებიც რეალურად არ იქნება ქვეყნის ინტერესებში. იმიტომ, რომ არ შეიძლება გინდოდეს ინვესტიციების მოზიდვა და იღებდე ჩვენ რომ შრომის კოდექსი გვაქვს, ისეთს, ან განიხილავდე მიკროფინანსირებაზე შეზღუდვების დაწესებას და იპოთეკარების საკითხს. არ შეიძება, გინდოდეს კონკურენტული განათლების სისტემა და აპირებდე, სახელმწიფსგან მიღებული დაფინანსება სტუდენტმა მხოლოდ სახელმწიფო უმაღლესებში წაიღოს. ამით ხომ კერძო სასწავლებლებს არაკონკურენტუნარიანს ხდი. ასევე, არ შეიძლება, აწესებდე შეზღუდვებს დეკანის დანიშვნაზე. მთელ მსოფლიოში დეკანი კონკურენტული თანამდებობა ხდება და ჩვენთან სახელმწიფო უმაღლესებში ახალი კანონის მიხედვით არათუ გარედან აღარ შეიძლება მოვიდეს, არამედ სხვა ფაკულტეტზე თუ არის პროფესორი, მასაც არ შეუძლია გახდეს დეკანი. როგორ უწყობს ეს ხელს კონკურენციას? როგორ არის ეს თანხვედრაში იმ დეკლარირებულ პრიორიტეტებთან, რომლებიც მთავრობას აქვს განათლების სფეროსთან დაკავშირებით?
სულ ბოლოს აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მოსახლეობაში ვერ მოხდება ამ იდენტობის გარდაქმნა, სანამ ისეთი ფუნდამენტური პრობლემები რჩება მოუგვარებელი, როგორიცაა უმცირესობების მიმართ არატოლერანტულობა, რელიგიური დაპირისპირება და ეკონომიკური სტაგნაცია. რაც უფრო ართულებს სიტუაციას, არის ის, რომ მინისტრები, მთავრობის წევრები ხშირად არ იძლევიან კარგ მაგალითს ამ პრობლემების მოგვარების კუთხით. როდესაც უმცირესობა დაცვას საჭიროებს, იქნება ეს რელიგიური, სექსუალური თუ ეროვნული უმცირესობა, მთავრობის წევრები ამჯობინებენ, უმრავლესობისთვის მისაღები პოზიცია დააფიქსირონ და არა უმცირესობის ინტერესების დაცვის სადარაჯოზე დადგნენ. ეს შემაშფოთებელია. როდესაც იუსტიციის მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ მოსახლეობის უმრავლესობის მიერ უნდა გადაწყდეს, აიგება თუ არა მინარეთი, მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც უმრავლესობის სახელით მუსულმანებს ლოცვას აუკრძალავენ. აქაც პასუხისმგებლობის დეფიციტი იგრძნობა.

ალექსი ნოზაძე, გაზეთი "პრემიერი", 4-10 სექტმებერი