logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სერგი კაპანაძის ინტერვიუ "ჯი-ეიჩ-ენთან" საქართველოს შანსზე გახდეს ევროპული ქვეყანა

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2013/12/sergi-kapanadze-ghn.jpg
15 ნოემბერი, 2012
 0

sergi-kapanadze-ghnარის თუ ქვეყნის სხვა ვექტორზე გადანაცვლების საფრთხე და შესრულდება თუ არა ახალი მთავრობის მიერ გაცემული დაპირებები. აქვს თუ არა შანსი საქართველოს იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და გაგრძელდება თუ არა რეფორმები. ამ საკითხებზე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" საქართველოს რეფორმების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელს, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს სერგი კაპანაძეს ესაუბრა.

- ბ-ნო სერგი, როგორც საქართველოს რეფორმების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, როგორ ფიქრობთ, ახალი ხელისუფლების პირობებში, იმ პროგრამითა და ხედვებით, რომლებსაც ხელისუფლება წარმოადგენს და დეკლარირებს გაგრძელდებ თუ არა ქვეყანაში დაწყებული რეფორმები?

- ამ ეტაპზე ეს არის ურთულესი საკითხი. ჩვენ შევქმენით ჩვენი რეფორმების ცენტრი იმისთვის, რომ თუ მთავრობას ექნებოდა სურვილი დაწყებული რეფორმების გაგრძელებისა სხვადასხვა სფეროში, დავხმარებოდით რჩევით, ადამიანური რესურსით, ანალიზით. წინასწარი პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია, თუ სად გაგრძელდება რეფომირების პროცესი და სად არა - ამას გვიჩვენებს დრო. ძალიან ცოტა ხანია, რაც მთავრობამ დაიწყო მუშაობა და ამიტომ საკმარისი დრო გასული არ არის პროგნოზების გასაკეთებლად. თუმცა დაპირებებისა და პროგრამის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, ძალიან ბევრი დაპირება იყო გაცემული. კარგი დაპირებები ხალხისთვის, მაგრამ ალბათ ყველა ხვდება, რომ ეს დაპირებები შესრულებული ვერ იქნება იმ ვადებში, ისე მალე, როგორც ეს დეკლარირებული იყო. ამასთან ერთად, ძალიან ბევრი ამ დაპირების შესრულება ან რაღაც გარკვეული ქმედებების შესრულება შეიძლება ნიშნავდეს ბევრი ადრე დაწყებული ქმედების შეჩერებასაც - უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება ფული ბევრ რამეს ვერ გასწვდეს ამ ეტაპზე, საქართველოს ბიუჯეტიდან გამომდინარე. რაც შეეხება იმას, თუ რომელი რეფორმების გაგრძელებას ვისურვებდი - ეს არის, პირველ ყოვლისა, ის რეფორმები, რომლებიც გატარდა მომსახურების მხრივ. ვგულისხმობ მოქალაქეთა მომსახურებას. ეს არის საჯარო რეესტრი, სამოქალაქო რეესტრი, მომსახურების სააგენტო და ყველა ის რეფორმა, რომელმაც ბიუროკრატიული აპარატის ხალხთან შეხების ადგილების რეფორმირება მოახდინა. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნდება და გაგრძელდება, ვინაიდან ეს ყველაფერი თუ შეაჩერე, მერე შეიძლება რეგრესი მიიღო. მეორე - მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც დაგვჭირდება ევროკავშირთან და ნატოსთან დასაახლოებლად. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან თავის თავში გულისხმობს ბევრ ფუნდამენტურ რეფორმას. ბუნებრივია, ასევე ვისურვებდი განათლების რეფომის გაგრძელებას და, რა თქმა უნდა, ყველაზე მტკივნეული - ჯანდაცვის რეფორმისას.

- რომელ კონკრეტულ სფეროში ელით რეფორმების გაგრძელებას და სად შეჩერებას?

- ველი, რომ ახალ მთავრობას აუცილებლად ექნება მცდელობები - განახორციელონ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება. იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნაკლებად რეფომირებული სისტემა არის დღემდე, რომლის რეფორმირება ჯერ კიდევ პროცესში იყო, მაგრამ არ მოესწრო. მათ შორის იმიტომაც, რომ ძალიან ძნელია ამ სისტემის ასე მარტივად რეფორმირება. აქ ძალიან ბევრ ადამიანთან გაქვს შეხება და ძალიან ბევრ ხალხს ეხება საქმე. ამიტომაც ძალიან ძნელია რაიმე რადიკალურის გაკეთება. თუმცა ეს არის სფერო, რომელშიც რეფორმა უნდა გატარდეს, იმიტომ, რომ ძირეული რეფორმა იქ არც განხორციელებულა და ალბათ ახალ მთავრობას ამით დაკავება მოუწევს. ასევე ვფიქრობ, რომ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რაღაც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. ეს რეფორმა რაღაც დონემდე იქნა მიყვანილი, მაგრამ მთელი რიგი ნაბიჯები კიდევ არის გადადსადგმელია, მათ შორის, უმაღლესი სასწავლებლებში სწავლების ხარისხთან დაკავშირებით, ასე რომ, ამ სფეროში რეფორმები ალბათ კიდევ გაგრძელდება. მე, ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება. სად არ გაგრძელდება - ამ წუთში არის ჩემთვის ძალიან ძნელი სათქმელი, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ გასულა საკმარისი დრო, რომ ამის რაიმე ნიშანი ჯერჯერობით ყოფილიყოს. არც ბიუჯეტია დამტკიცებული, რომლის დამტკიცების შემდეგაც კარგად გამოჩნდება, რომელი სფეროებია პრიორიტეტული და რომელი არა. ამიტომ უახლოეს რამდენიმე თვეში ალბათ მდგომარეობა კრისტალირდება და კონკრეტულად ამაზე საუბარი მაშინ შემეძლება.

- ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკური კურსის მიუხედავად, თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ქვეყნის სხვა ვექტორზე გადანაცვლების საფრთხეს ხომ არ ხედავთ?

- გააჩნია, ავიღებთ განცხადებებს თუ რეალურ ნაბიჯებს. იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება. თუ ავიღებთ წინასაარჩევნო პერიოდს და მერე პოსტსაარჩევნო პერიოდს, მე მიმაჩნია მაინც, რომ განსხვავებული არის შეფასებები და განცხადებები და არიან ასევე სხვადასხვა განმცხადებლები, რომლებიც იმავე პოზიციაზე დარჩნენ, რომელიც იყო წინასაარჩევნო პერიოდში. ანუ წინასაარჩევნო პერიოდის განცხადებებით თუ შევაფასებდით, მე ნამდვილად მქონდა იმისი ეჭვი და შიში, რომ ვექტორი შეიძლება შეცვლილიყო. ახლა კი მგონია, რომ გარკვეული ცვლილება ხელისუფლების რიტორიკაში არსებობს და ეს არის ძალიან მისასალმებელი, თუმცა ახლაც, მართლა რეალურად რომ შევაფასოთ რა მოხდება და საით წავა ქვეყანა, ამას სჭირდება დრო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დეკლარირება ერთი არის და რეალურად ნაბიჯების გადადგმა არის მეორე. მოხარული ვიქნები თუ ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც იყო და კიდევ უფრო დაჩქარდება და მე მართლა იმედი მაქვს, რომ მთავრობის ეს დეკლარაციები მარტო სიტყვები არ არის და ამას რეალურად ნაბიჯები მოჰყვება. თუმცა იმისთვის, რომ შეფასება გავაკეთო, ბუნებრივია, რაღაცა დრო არის გასასვლელი და მარტო სიტყვები არ კმარა. იგივე ეხება რუსეთთან ურთიერთობასაც.

- საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრმა უკვე გააკეთა განცხადება საქართველოსთვის რუსეთის ბაზრის გახსნის თაობაზე. როგორია თქვენი შეფასება ?

- ბაზრის გახსნა ჩვენზე დამოკიდებული არ იყო. ბაზრის გახსნა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს უნდა მიეღო. მას ეს გადაწყვეტილება შეეძლო მიეღო ორი დღის წინ, შეეძლო მიეღო ერთი წლის წინ და შეეძლო მიეღო ორი თვის წინ. როდესაც რუსეთის ფედერაცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შევიდა, ამ შესვლის მერე მან აიღო ვალდებულება, რომ მან ეს ბაზარი უნდა გახსნას. ყოველ შემთხვევაში, თუ კი მას არ გახსნის ეს ნიშნავს, იმას, რომ საქართველოს ექნებოდა მექანიზმები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში, რათა ამასთან დაკავშირებით თავისი სიმართლე დაეცვა. ახლა კი ის, რომ ბაზარს ხსნის რუსეთი, საქართველოს, როგორც ქვეყნის ხელისუფლების დამსახურება კი არ არის, არამედ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც რუსეთს უნდა მიეღო და თუ მიიღებს - ეს ძალიან კარგი იქნება და თუ არ მიიღებს, არ მგონია ეს ტრაგიკული იყოს.

- საქართველო უკვე დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკიხებში, თუმცა რუსეთის ფედერაცია იმავე ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს. არის თუ არა ეს რამის მანიშნებელი ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მომავალი ურთიერთობების განჭვრეტისთვის?

- მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან კარგი სიმბოლური ჟესტია, რომ ვაჩვენოთ რუსეთს, რომ ახალ მთავრობას სურს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. რუსეთს საპასუხო ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს და არ ვიცი, გადადგამს თუ არა. სიმართლე რომ გითხრათ და მე მაინც ეჭვი მეპარება, რომ მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი ისეთი ქმედითი იყოს, როგორიც ჩვენ, საქართველოს მთავრობას წარმოუდგენია - ის ალბათ არ იქნება ასეთი. ხოლო ის შეფასება, რომელიც რუსეთმა გააკეთა, ვგულისხმობ განცხადებას იმის შესახებ, რომ ისინი დაელოდებიან კონკრეტულ ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან - ეს გასაგებია, ყოველთვის ასე ამბობდა რუსეთი და არაფერი ახალი ამაში არ არის. ამიტომაც ჩვენგან ამ თანამდებობის შემოღება არის კარგი, მაგრამ არა უმეტეს ამისა. თუ რა შედეგებს მოიტანს ეს, კიდევ ვამბობ, დამოკიდებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის პოლიტიკურ ნებაზე. ერთადერთი იმას ვიტყოდი რუსეთთან დაკავშირებით და იმედი მაქვს რომ ხელისუფლებაში ამას ბოლომდე გაითვალისწინებენ, რომ არსებობს საფრთხე, რომელიც ამ კონკრეტულ ვითარებაში შეიძლება რუსეთთან ურთიერთობაში გველოდეს. ეს საფრთხე მდგომარეობს შემდეგში: იმის გამო რომ ჩვენ გვინდა და დეკლარირებული გვაქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გაუმჯობესდეს და ხელისუფლება ამ მიმართულებით მიდის - იმის გამო, რომ ეს მიზანი იქნეს მიღწეული, არ უნდა მოხდეს დათმობები სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად იქნეს გაანალიზებული, ეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები - რა არის.

- დათმობებისკენ მიმავალ ტენდენციებს თუ ხედავთ და კონკრეტულად საფრთხე რაში მდგომარეობს?

- არა, ამ ეტაპზე ძნელია ამის თქმა, იმიტომ, რომ არაფერი მომხდარა. ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, თვეში. ახლა ტენდენცია ძნელი სათქმელია იმიტომ, რომ საკმარისი დრო არ გასულა, მაგრამ ამისი საფრთხე არის ნამდვილად. რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გამოცდილებით, როდესაც არსებობდა გარკვეული მოლოდინები ჩვენგან, რუსეთი ყოველთვის ცდილობდა ეს მოლოდინები თავისი პოზიციების კიდევ უფრო გასამყარებლად გამოეყენებინა.იმედი მაქვს, რომ ეს შეცდომა არ მოგვივა, იმიტომ, რომ რუსეთმა შეიძლება მოითხოვოს და რაღაც თემებზე, რომელიც მას არ მოსწონს მიაღწიოს ჩვენგან დათმობებს ან გვაიძულოს, რომ რაღაც თემები დავუთმოთ. შესაძლოა მარტო იმიტომ, რომ ხელისუფლებას დეკლარირებული აქვს, რომ მას სურს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება არ გაბედოს ან არ ჩათვალოს საჭიროდ ხმამაღალი რეაგირება ამ საკითხზე, მაგრამ ამის საფრთხე არსებობს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი დათმობების მიღებას აუცილებლად შეეცდება. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ დავიწყებია ის გაკვეთილები, რომლებიც გვაქვს რუსეთთან ურთიერთობში ნასწავლი, მათ შორის სამწუხაროც და მწარეც ბოლო წლების განმავლობაში.

- გერმანელი პოლიტოლოგი ალექსანდრე რარი აცხადებს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ვერასოდეს გახდებიან ევროკავშირის წევრები. მისი თქმით, იქნება "ასოცირების შესახებ შეთანხმებები", "პრივილეგირებული წევრობის" სტატუსები მაგრამ წევრობა - აღარ. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?

- ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა მართლაც ევროპული ქვეყანა იყოს და ეს შანსი უნდა იქნეს გამოყენებული ყველა პოლიტიკური ძალის მიერ, პირველ რიგში, ხელისუფლებას ვგულისხმობ. რაც შეეხება ამ განცხადებას, მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მოხდება და ეს არის მხოლოდ დროის ამბავია. ეს შეიძლება არ მოხდეს რამდენიმე წელიწადში, მათ შორის იმ პრობლემების გამო, რომლებიც თავად ევროკავშირს აქვს, მათ შორის გაფართოებასთან, თავის შიდა ეკონომიკურ პრობლემებთან მიმართებაში, მაგრამ ეს თემა აუცილებლად იქნება დღის წესრიგში. თანაც, ძალიან ბევრი რამის მიღება საქართველოს შეუძლია უშუალოდ გაწევრიანებამდე, მათ შორის "ასოცირების შესახებ ხელშეკრულების" ხელმოწერილი პუნქტის შემდეგ. ამიტომ დროში ევროკავშირში გაწევრიანების გაწელვა, ჩემი აზრით, პრობლემატური არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება, ზუსტად ისევე, როგორც გახდდნენ აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოები. და აქვე ერთს ვიტყოდი, კიდევ - მსგავსი რიტორიკა და განცხადებები სხვა და მეცნიერების ექსპერტებისა თუ პოლიტოლიგებისა ისმოდა, მაშინაც კი როდესაც პორტუგალია შედიოდა ევროკავშირში, რომ პორტუგალია არ არის ევროპული ქვეყანა თავისი ღირებულებების გამო ვერც ვერასოდეს ვერ გახდება, ასე რომ ასეთი ტიპის განცხადებებში არაფერი ტრაგიკული არ არის.

"ჯი-ეიჩ-ენი" , ესაუბრა ეკატერინე მომცელიძე

სტატიის ბმული