logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სერგი კაპანაძის ინტერვიუ "პრემიერთან" ახალი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ძველი ხელისუფლებისადმი

c33bba62feda5cc8c27c3c559c93240a.jpg
06 ნოემბერი, 2013
 0

sergi-kapanadze-ghn

“პრემიერს” საქართველოს რეფორმების ასოციაციის GRASS ის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ესაუბრა_ არჩევნებმა უპრეცედენტოდ მშვიდ ვითარებაშიჩაიარა. პირველ რიგში, საინტერესოა, რა მესიჯიგაუგზავნა საერთაშორისო თანამეგობრობასქართველმა ამომრჩეველმა მარგველაშვილის არჩევით?

_ ჩემი აზრით, გზავნილი ის არის, რომ საქართველოში გრძელდება დემოკრატიული არჩევნების ტრადიცია, რომელიც შარშან დაიწყო, და რომ არჩევნებია ის გზა, რომლითაც ხალხი ირჩევს თავის ხელმძღვანელობას. მე მინდა, რომ ეს იყოს მთავარი გზავნილი, რომელსაც მიიღებს დასავლეთი და საერთაშორისო თანამეგობრობა. მეორე გზავნილი, ალბათ, უნდა იყოს ის, რომ ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტესტი ჩავაბარეთ დემოკრატიის გზაზე და ეს საკმარისი უნდა იყოს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის გასაღრმავებლად.

სამწუხაროდ, სხვა გზავნილებიც იქნება, რომლებსაც ვერ გავექცევით. მაგალითად, ყველასთვის ნათელია, რომ ეს არჩევნები მაინც ინდივიდების პოპულარობით არის განსაზღვრული, თუმცა, ამჯერად არა უშუალოდ კანდიდატის, არამედ მის უკან მდგომი ძლიერი ფიგურის. იგივე ეხება “ნაციონალურ მოძრაობასაც”.

_ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

_ მიზეზი, ალბათ, რამდენიმეა. პირველ რიგში, ის, რომ ეს არ არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოსთვის. შარშანდელი არჩევნები ბევრმა აღიქვა, როგორც გადამწყვეტი არჩევნები. ამასთანავე, შარშან არჩევნების წინ განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა ხალხის სერიოზული მობილიზაცია. წელს წინასაარჩევნო გარემო უფრო მშვიდი იყო, შესაბამისად, მობილიზაციაც ნაკლები მოხდა. მეორე განმაპირობებელი იყო ის, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის ერთმა წელიწადმა აჩვენა, რომ ეს მთავრობა არ არის ეფექტური მთავრობა. სხვათა შორის, ასევე ხდება ილუზიების მსხვრევა “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით. წელსაც და შარშანაც, ორივე პარტიის მხარდამჭერებმა ჩათვალეს, რომ არჩევნებზე წასვლა არ ღირდა, რადგან მათ აქვთ ილუზიების ნგრევის განცდა. შარშან, ოქტომბერში “ქართულმა ოცნებამ” მილიონ ასი ათასზე მეტი ხმა მოაგროვა. წელს მხოლოდ 900 ათასზე მეტი. ანუ, თითქმის ორასი ათასი ამომრჩევლით ნაკლებმა დაუჭირა მხარი. ეს მათთვის სერიოზული გზავნილი უნდა იყოს. ყველაზე ცუდი, რაც “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება ახლა გააკეთოს, არის თვითმკაყოფილებას მიცემა.

_ რას გულისხმობთ?

_ დაახლოებით ისეთი რიტორიკის გაგრძელებას, რაც არჩევნების მეორე დღეს უკვე ვნახეთ რამდენიმე სატელევიზიო გადაცემაში _ კერძოდ, საუბარი იმაზე, რომ, კი დაკარგა “ოცნებამ” 200 ათასი ამომრჩეველი, მაგრამ, სამაგიეროდ, ნაციონალებმა 500 ათასზე მეტი დაკარგესო. ალბათ, ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ დროა, მორჩნენ წარსულსა და ოპოზიციაზე საუბარს და საქმეს მიხედონ. ახლა აღარ ექნებათ გამამართლებელი არგუმენტი ის, რომ კოჰაბიტაცია უშლიდათ ხელს და ამიტომ ვერ მიდიოდა ქვეყანა წინ.

_ მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მთავარი საზრუნავი იქნება ვილნიუსის სამიტი, ამავდროულად დსთ-ს ლიდერები(ლუკაშენკო, იანუკოვიჩი) საქართველოს დსთ-ში ეპატიჟებიან. რა მოლოდინები არსებობს საქართველოსთვის “ახალპოლიტიკურ ერაში”?

_ ეს სწორი გზავნილია. ვილნიუსის სამიტზე ყველაფერი გადაწყვეტილია და ის, რომ ეს სამიტი წარმატებული იქნება, მთლიანად საქართველოს დამსახურებაა და ნამდვილად არაა რომელიმე კონკრეტული მთავრობის, არც ამჟამინდელის და არც წინასი. ვილნიუსში მოხდება ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. ამის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ამ ორივე ხელშეკრულებას გაისად უნდა მოეწეროს ხელი და, შესაბამისად, გაისადვე მოხდეს მათი წინასწარი ამოქმედება/ძალაში შესვლა. მაგრამ მთავარი საქმე ამის მერე იწყება. ამ ხელშეკრულებებს შესრულება სჭირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ საჭირო იქნება ძალიან კონცენტრირებული და ეფექტური საკანონმდებლო მუშაობა, შემდეგ კი აღსრულება. ამიტომ ხელისუფლებას მთელი რესურსის მობილიზება დასჭირდება, რომ ეს შეთანხმება წარმატებით შესრულდეს.

_ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით როგორია საერთაშორისო ექსპერტების კულუარული შეფასებები?

_ გააჩნია, ვინ აფასებს. ძალიან ბევრ საერთაშორისო ექსპერტს მიაჩნია, რომ ეს იყო სერიოზული ნაბიჯი წინ. თუმცა, არიან ისეთებიც, მათ შორის, ჩვენს მეგობარ ქვენებში, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მონაპოვარი მხოლოდ მაშინ იქნება მატერიალიზებული, თუ არ გაგრძელდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ძალიან ბევრ საერთაშორისო პარტნიორს აღიზიანებს და აშინებს ე.წ. “სამართლიანობის აღდგენა”, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ასეთი ლამაზი ფრაზების ქვეშ ხშირად კუდიანების დევნა იწყება ხოლმე.

საბოლოო ჯამში, ეს არჩევნები შეიძლება იყოს დიდი ნაბიჯი წინ. გიორგი მარგველაშვილი უკვე ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია და იმედი მაქვს, რომ ის შეძლებს იმ დიდი ნდობის გამართლებას, რომელიც მას არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 60 პროცენტზე მეტმა მისცა. მინდა მივულოცო მას ეს გამარჯვება და ვუსურვო, რომ ის იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის საამაყო პრეზიდენტი.

ასევე, უნდა მივულოცო “ნაციონალურ მოძრაობასაც”, რომელმაც აჩვენა, რომ არჩევნების წაგება შეიძლება ღირსეულად, ხოლო დამარცხება არ ნიშნავს გაქრობას და განადგურებას. არის გზა, რომელიც ორივე მხარისთვის და, საბოლოო ჯამში, საქართველოსთვისაც მომგებიანი იქნება. იმედია, მოვახერხებთ ამ გზის პოვნას და მასზე სიარულს.

ალექსი ნოზაძე, გაზეთი „პრემიერი“ 30 ოქტომბერი -5 ნოემბერი