logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სერგი კაპანაძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონში ცვლილებებს ევროკავშირი არ ითხოვს

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2014/09/Sergi-Kapanadze1.jpg
26 სექტემბერი, 2014
 0

Sergi-Kapanadze1საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებლის სერგი კაპანაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები ევროკავშირის მოთხოვნაა. ამის შესახებ კაპანაძემ სასტუმრო თბილისი მარიოტში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა. კონფერენციის თემაა "ტერიტორიული ოკუპაციის სამართლებრივი საკითხები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში". ცნობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილება სასაზღვრო მონაკვეთების უკანონოდ გადმოკვეთის პირველი შემთხვევის დროს პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად, ადმინისტრაციული ჯარიმის გამოყენებას ითვალისწინებს. სისხლისსამართლებრივი დევნა კი, კანონის ხელმეორედ დარღვევისას დაიწყება.

სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის შერიგებისა და სამოქალაქო თანამშრომლობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აპელირებენ, რომ კანონში ცვლილებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ითხოვს, რაც, მისი განცხადებით, არასწორია.

"მე ვიყავი ერთ-ერთი მომლაპარაკებელი ასოცირების შეთანხმების ტექსტზე და მინდა გითხრათ, რომ ხელშეკრულება აბსოლუტურად არაფერს ამბობს ამ ცვლილებების შესახებ, არსად არ არის ნახსენები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი. ის დოკუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს ასე თუ ისე აღქმული, როგორც დამავალდებულებელი ქართული მხარისთვის, რომ რაღაც შეიცვალოს კანონში, არის ე.წ. ასოცირების დღის წესრიგი, რომელშიც წერია მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ზოგადი ფრაზა, რომ "კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოში, რათა იქნას ვაჭრობა, მოგზაურობა და ინვესტირება ხელშეწყობილი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. მათ შორის კანონის გადახედვასთან დაკავშირებით". ის ცვლილებები, რომელიც ახლა არის შეტანილი პარლამენტში, რეჟიმის დეკრიმინალიზაციას ეხება სახელმწიფო საზღვრის პირველ კვეთაზე, საუბარია საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარზე და არაფერი კავშირი არ აქვს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მოძრაობასთან, ამიტომ დაბრალება ევროკავშირზე, რომ მათი მხრიდან არის ეს მოთხოვნა, არასწორია", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პარლამენტს მიმართავს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას დაუბრუნდნენ. როგორც ზაქარეიშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, მისი უწყების საკანონმდებლო ინიციატივა, ახლა ევროპის წინაშე აღებულ ვალდებულებად იქცა.

ზაქარეიშვილის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის სასჯელის ქვეშ უდანაშაულო ადამიანები ექცევიან, რაც, მისივე აზრით, სამართლებრივად არასწორია.

კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით გასულ წელს მიიღო, თუმცა განხილვის პროცესი მას შემდეგ არ გაგრძელებულა.

სტატიის ბმული