სერგი კაპანაძე პოლონეთის შესახებ

22 იანვარი, 2016
კლარიონის კითხვებს პოლონეთის შესახებ საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი, სერგი კაპანაძე პასუხობს.
ევროკავშირმა მკაცრად გააკრიტიკა პოლონეთის „კანონისა და სამართლიანობის” პარტიის მიერ შექმნილი მთავრობა საკონსტიტუციო ტრიბუნალის უფლებების შეზღუდვის გამო. მძაფრი კრიტიკა ისმის მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამოც. რა ხდება პოლონეთის თავს?
მე არ მგონია, რომ პოლონეთში რაღაც დრამატული ხდება.
რა თქმა უნდა, “კანონის და სამართლიანობის” პარტია ხელისუფლების გამყარებას ცდილობს. რა თქმა უნდა, პროცესი, რომლითაც ეს “ხელის მოჭერა” ხორციელდება, კითხვის ნიშნებს ბადებს. რა თქმა უნდა, როდესაც კანონი მიიღება ერთ დღეში მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ციკლი იგივე პოლონეთში რამდენიმე თვეა, ხოლო ევროკავშირის ინსტიტუტებში წელიწადი და მეტიც კი, ჩნდება კითხვები, თუ რამდენად დემოკრატიულია ეს პროცესები.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლონეთი არადემოკრატიული ქვეყანაა და პუტინის რუსეთს, ან სხვა რომელიმე არალიბერალურ ავტოკრატიას ემსგავსება.
არ დაგვავიწყდეს, რომ პოლონეთის ქმედებებს მოჰყვა საკმაოდ მნიშვნელოვანი კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან, ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებამ ლამის ანათემას გადასხა ახალი ხელისუფლება.
ასე რომ, ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია.
შეიძლება არ დაეთანხმო პოლონეთის ახალ ხელისუფლებას, მაგრამ არა მგონია, ეს საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ითქვას, რომ პოლონეთმა გადაუხვია დემოკრატიული განვითარების გზას.
კაჩინსკის პარტია მკვეთრად ანტირუსულია. ამავე დროს, მთავრობის მოწინავე წევრების ულტრა-კონსერვატიული და ქსენოფობიური განცხადებები რუსეთის ყველაზე კონსერვატიულ წრეებსაც დააკმაყოფილებდა. პოლონეთი შორდება ევროპულ ღირებულებებს?
დიახ, “კანონის და სამართლიანობის პარტია”, საკმაოდ კონსევატორული ღირებულებების მქონე პარტიაა. ზოგიერთი წევრი ამ პარტიისგან მართლაც გამოირჩევა მკვეთრი განცხადებებით. თუმცა არა მგონია, რომ ეს იყოს მთავარი, რაც ამ პარტიას ახასიათებს. მიუხედავად ამ ბოლო დროს მოსმენილი კრიტიკისა, ეს ნამდვილად არ არის ნეო-ფაშისტური პარტია.
კოალიციაში პარლამენტში ნამდვილად არის მცირე, ნეო-ფაშისტურ ძალებთან აფილირებული პარტია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი არგუმენტი იმისათვის, რომ მთელი მთავრობა ამაში დადანაშაულდეს.
პოლონეთმა ნამდვილად გადადგა ნაბიჯები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ხელისუფლების ევროპულ ღირებულებებს, თუმცა მე მაინც ნაადრევად მიმაჩნია ვერდიქტის გამოტანა.
ჯერჯერობით ყველაფერი დემოკრატიული პროცესის ფარგლებში ხდება და რამდენიმე განცხადება არა მგონია საკმარისი იყოს იმისთვის, რომ პოლონეთს უკვე ვუწოდოთ “არალიბერალური დემოკრატია”.
თუ ვიშეგრადის ოთხეული ევროსკეპტიკურ ალიანსად ყალიბდება, პოლონეთის ევროპული პრესტიჟი კი მკვეთრად ვარდება, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
ევროკონსერვატიულ ალიანსად ჩამოყალიბება არ ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირის გაფართოების მომხრე არ არიან. ჯერჯერობით ეს პოზიცია არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, თუ ეს ქვეყნები იქნებიან მომხრე, რომ ევროკავშირი უფრო აქტიურად ჩაერთოს მის აღმოსავლეთ ფლანგზე მიმდინარე პროცესებში, ჩვენთვის ეს კარგი იქნება.

საფრთხე ისაა, რომ ეს ქვეყნები ევროსკეპტიკურად განეწყონ არა მხოლოდ თავად კავშირში მიმდინარე თემების მიმართ, არამედ აღმოსავლეთის მეზობლების მიმართაც. თუ ეს მოხდა, ეს ძალიან ცუდად აისახება ჩვენს შანსებზე კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს. თუმცა, ამ ეტაპზე, ვიშეგრადის ქვეყნებს არ დაუფიქსირებიათ ასეთი სკეპტიციზმი.

უფრო მეტიც, მე მგონია, რომ მათი მკვეთრი ანტი-რუსული პოლიტიკა და უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის მიმართ იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ ისინი გაცილებით უფრო სერიოზულად მოეკიდებიან აღმოსავლეთ პარტნიორების ევროინტეგრაციულ პერსპექტივებს.

ცალკე თემაა, თუ რამდენად კარგი იქნება ჩვენთვის პოლონეთის, უნგრეთის და ვიშეგრადის ქვეყნების პრესტიჟის დაცემა და მათი როლის დაკნინება [ევროპის] საგარეო პოლიტიკის შექმნის პროცესში. ამის საფრთხე ნამდვილად არსებობს, რადგან არც ერთი ამ ქვეყანათაგანი ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი ისეთ პოლიტიკური ფიგურებით, რომელთაც დიდი გავლენა ექნებოდათ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე. ამან შეიძლება ჩვენთვის ცუდი როლი ითამაშოს, რადგან არაპოპულარული და სუსტი ვიშეგრადის ჯგუფი ჩვენი ინტერესების საუკეთესო ლობისტი ვერ იქნება.
ქართველი პოლიტიკოსები პოლონეთის თემაზე დუმან. როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით მათი რეაქცია?

ჩემი აზრით, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ახალ ხელისუფლებასთან დაახლოება და მათი მაქსიმალურად გამოყენება ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივების გაზრდის კუთხით.
ყველაზე ცუდი, რაც ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ, იქნება, თუ ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე არადემოკრატიულ პროცესებს (მაგალითად, რუსთავი 2-ზე შეტევა) გავამართლებთ იმით, რომ პოლონეთშიც არის მსგავსი პროცესები. ეს არ იქნება სწორი მიდგომა და აუცილებლად დაგვაზარალებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც უნდა იფიქროს ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა, არის პოლონეთის ახალი მმართველი პარტიის გამოყენება იმ მიზნით, რომ ევროპელი კონსერვატორების და რეფორმატორების პოლიტიკურ ჯგუფთან ააგონ კარგი ურთიერთობა.

წყარო: The Clarion 
http://new.civil.ge/clarion/news/3/1077/geo