logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სერგი კაპანაძე პრემიერის ჟურნალისტებთან შეხვედრას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2013/12/kapanadze-ambasadoriali-redisonshi-12.jpg
03 ოქტომბერი, 2013
 0

kapanadze-ambasadoriali-redisonshi-12"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე ინტერესდება, რატომ არავინ ურჩია ბიძინა ივანიშვილს ამ ფორმატში ჟურნალისტებს არ შეხვედროდა. სერგი კაპანაძე აღნიშნულ შეხვედრას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
კაპანაძე ასევე ინტერესდება, როგორც არ გამოჩნდა ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ ერთი ადამიანი, რომ ერჩია პრემიერ-მინისტრისთვის, რომ ის შეხვედრა მისთვის კარგი არ იყო.
"წინა შეხვედრის შემდეგ ერთი ადამიანი როგორ არ გამოჩნდა, რომ ერჩია პრემიერ-მინისტრისთვის, რომ ის შეხვედრა მისთვის კარგი არ იყო? ან ამ შეხვედრას რომ გეგმავდა ჟურნალისტებთან, როგორ არავინ ურჩია, რომ ეს არ გაეკეთებინა? მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ჩემმა სახელმა (მართალია დამახინჯებულად - "სერგო", მაგრამ მაინც) ბევრჯერ გაიჟღერა, არანაირი სურვილი არ მაქვს შევყვე, თუ "ჩავყვე" პრემიერს ამ "ორღობის ჭორაობაში", გნებავთ "სუფრულ ბაზარში". არც იმის სურვილი მაქვს, ვამტკიცო, რომ პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ და არც ერთ პარტიას არ თანავუგრძნობ. უფრო ფუნდამენტური პრობლემები გამოჩნდა ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრიდან და მინდა ამ პრობლემებს შევეხო", - განაცხადა კაპანაძემ, რომელიც 10 ძირითად პრობლემაზე საუბრობს.
მისი განცხადებით, კატასტროფაა, რომ სახელმწიფო მოხელეს, პრემიერ-მინისტრს, არ შეუძლია კრიტიკის მოსმენა.
"მეორე პრობლემა ისაა, რომ მას არ სჯერა ციფრების - არც საქსტატის და არც რეიტინგული საერთაშორისო გამოცემების. მხოლოდ ისაა მართალი, ხოლო ყველა დანარჩენი ტყუის - ესეც კატასტროფაა. როგორც ჩანს, მას არავისი არ სჯერა. მხოლოდ საკუთარი თავის. არა და მილიარდერია და პრემიერ-მინისტრია. როგორ გინდა დაარწმუნო, რომ ყველაფერში მართალი ვერ იქნება? ასევე, ის ხშირად იტყუება და შეგნებულად, თუ შეუგნებლად შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა. კერძოდ: ამბობს, რომ საქართველოს მდგომარეობა მშპ/ერთ სულ მოსახლეზე მიხედვით ბოლოა პოსტ საბჭოთა სივრცეში; ამ დროს საქართველო უსწრებს მოლდოვას, სომხეთს, უზბეკეთს, ტაჯიკეთს, ყირგიზეთს, ცოტათი ჩამორჩება და, სავარაუდოდ, 6 %-იანი ზრდის შემთხვევაში, წელსვე გაასწრებდა უკრაინას; ამბობს, რომ მთავრობა თითქმის არ ყიდულობს ავტომანქანებს, ამ დროს ყიდულობს და საკმაოდ ბევრსაც ხარჯავს; ამბობს, რომ მთავრობა ქმნის ახალ საწარმოებს, ამ დროს გუშინ პარლამენტში გავრცელებული დაფინანსებული 49 საწარმოს სიიდან მხოლოდ 15 შეიქმნა ბოლო ერთ წელიწადში, თანაც ეს საწარმოები კრედიტებით დაფინანსდა; ამბობს, რომ 2009 წელს ყაზახეთში ეუთო-ს სამიტზე საააკაშვილს ხელიც არ ჩამოართვეს, ამ დროს ეუთო-ს სამიტი 2010 წელს იყო და სააკაშვილს შეხვედრები ჰქონდა ჰილარი კლინტონთან, ასევე შვეიცარიის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის პრეზიდენტებთან; და ასე შემდეგ... ესეც კატასტროფაა", - აღნიშნა კაპანაძემ.
მისივე თქმით, პრემიერის "კაჩაობის" პოლიტიკა სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყანას.
"მას სჯერა, რომ აქვს უფლება დამოძღვროს ჟურნალისტები, ან დამოუკიდებელი ექსპერტები და წყინს, როდესაც ეს იწვევს პროტესტის გრძნობას. ეს "კაჩაობის" პოლიტიკა სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყანას. იქნებ ვინმემ ისეთმა აუხსნათ ეს, რომელსაც ხანდახან მაინც გისმენთ ხოლმე. მას არ ჰყავს მრჩეველები. ვინც ჰყავს, როგორც ჩანს, სრულიად არაკომპეტენტურები არიან. მან არ იცის რა მდგომარეობაა მის მთავრობაში, არ იცის, რომ კოორდინაცია არ არსებობს, არ იცის, რომ რამდენიმე სამინისტრო პარალიზებულია და უბრალოდ დინებას მიჰყვება. არ იცის, რომ მინისტრები გაურბიან გადაწყვეტილებების მიღებას რთულ საკითხებზე. ან იცის, და ცდილობს თვალებში ნაცარი შეგვაყაროს. მას აქვს ღირებულებების პრობლემა. არ ესმის, რომ დიცის და დვანის მოსახლეობის გვერდზე დადგომის შედარება ქვეყანაში არსებულ სხვა პრობლემებთან და "გაჭირვებულებთან", როგორც მინიმუმ, მორალური არ არის. მას არ სჯერა ევროპული ღირებულებების და ევროკავშირში ინტეგრაციის. მისთვის, როგორც ჩანს, ევროპული ინტეგრაცია და ნატო უფრო პრაგმატული გათვლაა, ვიდრე ღირებულება. რაც უფრო მეტს ლაპარაკობს, მით მეტ ზიანს აყენებს ქვეყანას. დღეს ისევ გაიმეორა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს ომის დაწყებაში და არა საქართველოს. ანაბანაა საერთაშორისო სამართლის, რომ ქვეყნის ხელისუფლების ქმედება ქვეყნის ქმედებას ნიშნავს. იქნებ ესეც აუხსნას ვინმემ. ის აპირებს, რომ პრემიერობის დატოვების შემდეგ "გვერდიდან მართოს ქვეყანა". ეს სრული კატასტროფაა სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. და ბოლოს, ყველაზე საშიში ისაა, რომ ამ ყველაფერს გულწრფელად ამბობს. გულწრფელობა ნამდვილად მისი ძლიერი მხარეა. მოკლედ, ცუდადაა ჩვენი საქმე", - აღნიშნა კაპანაძემ.