logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სერგი კაპანაძე - როდესაც თვითგამორკვევაზე ვლაპარაკობთ, სწორი გზიდან ხდება გადახვევა

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2014/10/sergi-kapanadze-ipn.jpg
17 ოქტომბერი, 2014
 0

როცა აფხაზების თვითგამორკვევაზე ვლაპარაკობთ, დევნილების დაბრუნების თემას ჩვენივე ხელით ვკლავთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გამოყენებულ აღნიშნულ ტერმინს გამოეხმაურა.
როგორც კაპანაძემ განმარტა, აფხაზეთის თვითგამორკვევაზე საუბარი მაშინ, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი განდევნილია, შეუძლებელია.
"აქამდე ნარატივი იყო ის, რომ 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში განხორციელდა გარედან ინსპინირებული კონფლიქტი, რომლის შედეგადაც დევნილი იქნა აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ამ მოსახლეობის განდევნის შემდეგ კი იქ დარჩენილი ეთნიკური უმრავლესობის, ანუ აფხაზების მიერ მოხდა ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება – ეს არ არის ერთი რომელიმე ხელისუფლების ნარატივი, ეს იყო საქართველოს მიდგომა 90-იანი წლებიდან დაწყებული და ეს ითვლებოდა დღემდე დომინანტურად. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? როცა ჩვენ ვსაუბრობთ თვითგამორკვევაზე, იქ არის საუბარი იმ მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლებაზე, რომელიც ამა თუ იმ ტერიტორიულ ერთეულში ცხოვრობს. თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არის განდევნილი, მაშინ საუბარი თვითგამორკვევაზე არის შეუძლებელი. სწორედ ამიტომაა, რომ მთელ რიგ საერთაშორისო დოკუმენტებში არის გამოყენებული ტერმინი "ტერიტორიული მთლიანობა" და არ არის საუბარი ერთა თვითგამორკვევის უფლებაზე. მთავარი მიზეზი რატომაც არ არის, არის სწორედ ის, რომ იქედან ასობით ათასი ადამიანია დევნილი, რაც ამ რეგიონის დიდ ნაწილს წარმოადგენს. ეს არის ფუნდამენტური განსხვავება. ამიტომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ აფხაზური ერის თვითგამორკვევაზე, პრაქტიკულად, ამით საფრთხის ქვეშ ვაყენებთ დევნილების უფლებებს. ეს დღეს განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ეს თემატიკა გაჩერებულია, ეს მიმართულება, პრაქტიკულად, გაჭედილია. ამის ფონზე ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ დევნილების თემა, პირიქით, გავააქტიუროთ, ხოლო, როცა თვითგამორკვევაზე ვლაპარაკობთ, ამ თემას ჩვენივე ხელით ვკლავთ, რადგან ვაღიარებთ, რომ იქ დარჩენილ მოსახლეობას ჰქონია თვითგამორკვევის უფლება", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის განმარტებით, არსებობს მეორე პრობლემაც, რომელიც ტერმინ "თვითგამორკვევის" გამოყენებას უკავშირდება.
"მეორე პრობლემა არის უკვე ოკუპაციასთან დაკავშირებული, თუ რა სამართლებრივ შეფასებას ვაძლევთ იქ მიმდინარე მოვლენებს და სიტუაციას. აქამდე საქართველოს ხელისუფლება ამ რეგიონებს აღიარებდა ოკუპირებულ ტერიტორიებად, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვადასხვა ქვეყნები, საპარლამენტო ასამბლეები და ა.შ. ოკუპაცია და აღიარება გულისხმობს ორ რამეს – ოკუპანტის არალეგალური სამხედრო ყოფნას და დავა არ არსებობს, რომ რუსეთი ჩვენს ტერიტორიებზე არალეგალურად იმყოფება და მეორე – ეფექტური კონტროლი – ვინ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს რეგიონზე, რომელიც არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ აქამდე ვამტკიცებდით, რომ ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა მოსკოვი, ანუ ის იყო პროცესების მთავარი დომინანტი აფხაზეთის ტერიტორიაზე. თუ ახლა ვამბობთ, რომ მათ აქვთ თვითგამორკვევის უფლება და ისინი არიან თავიანთი თავის პატრონები, მაშინ ოკუპაციის ამ მეორე მნიშვნელოვან ნაწილს ვაყენებთ სერიოზულ დარტყმას. აქედან გამომდინარე, როცა ვლაპარაკობთ თვითგამორკვევის უფლებაზე და იგივე კონფლიქტის მხარედ აღიარებაზე, ამით ზიანს ვაყენებთ იმას, რომ ეს ტერიტორიები იყოს ოკუპირებულად აღიარებული. რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ოკუპირებულად იყოს აღიარებული? - ერთადერთი მიზეზის გამო, ვიღაცა იყოს პასუხისმგებელი იქ მიმდინარე პროცესებზე. თუ ოკუპირებული არ არის, მაშინ ვამბობთ, რომ სიტუაციაზე პასუხისმგებელია არსებული აფხაზური რეჟიმი, რომლის პასუხისმგებლობის დაყენებაც დღევანდელ საერთაშორისო სამართლით ძალიან ძნელია, ხოლო თუ საუბარია იმაზე, რომ ის ოკუპირებულია რუსეთის მიერ, პირდაპირ შეგვიძლია პასუხი მოვთხოვოთ რუსეთის ფედერაციას. ეს არის სწორი გზა. ასე რომ, როცა თვითგამორკვევაზე ვლაპარკობთ, ამ სწორი გზიდან ხდება გადახვევა", - აღნიშნა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ქართული მხარისთვის შემაშფოთებელია. სწორედ ამ საკითხზე კომენტირებისას გამოიყენა მან აფხაზეთთან მიმართებაში ტერმინილი "თვითგამორკვევა".
"არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ამ ტექსტის მისამართით",- განაცხადა პრემიერმა

ბმული სტატიაზე