logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სერგი კაპანაძე - რუსეთმა უნდა შეასრულოს ვალდებულება, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით აიღო

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2014/10/sergi-kapanadze-ipn.jpg
20 თებერვალი, 2015
 0

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სერგი კაპანაძეს ესაუბრა.

- ბატონო სერგი, კარასინ-აბაშიძის შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრების სადავო მონაკვეთებზე, კერძოდ რუსეთ-აფხაზეთს და რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ტვირთბურვაზე კონტროლის დაწესება დასახელდა. გვახსოვს, რომ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინაპირობად მოუწია, საქართველოსთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებისათვის, რომლითაც კრემლმა ფაქტობროვად აღიარა საქართველოს სუვერენიტეტი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გვახსოვს ისიც, რომ ამ ხელშეკრულების ამოქმედებას სჭირდებოდა შვეიცარიის შუამავლობით, რუსეთსა და საქართველოს შორის ხელშეკრულების დანართ დოკუმენტზე საბოლოო წერტილის დასმა, მაგრამ ეს არ მომხდარა. თქვენ სოციალურ ქსელში რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის გაგრძელებას მიესალმეთ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის გაუქმების სურვილი გამოთქვა და შესაბამისი შეთანხმებებით შენიღბა ამ ტერიტორიების ოკუპაცია, როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამ მეტად რთულ თემაზე რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებს, რომელიც კარასინსა და აბაშიძეს შორის 26 თებერვალს გაიმართება?..

- დიახ, მე მივესალმე ამ თემაზე მოსკოვთან საუბრის დაწყებას. მიმაჩნია, რომ ამ ხელშეკრულების დანართზე მოლაპარაკებების გაგრძელება ჩვენთვის სერიოზულად მნიშვნელოვანია, პრიორიტეტული უნდა იყოს და აქამდე რაც დრო დავკარგეთ, ახლა შეიძლება გამოვასწოროთ. ამიტომ, თუ ამ შეხვედრაზე მოხდება პროცესის წინ წაწევა, მხოლოდ მივესალმები.
ბუნებრივია, სხვა საკითხია, რამდენად უნდა იყოს გამოყენებული ამ მოლაპარაკებებისთვის კარასინ-აბაშიძის ფორმატი. ამ მოლაპარაკებებს სხვა ფორმატი ჰქონდა. შვეიცარიელების მეშვეობით სხვა საკონიმუკაციო არხი იყო. მთელი პრიცესი მედიაციის ქვეშ მიდიოდა. ამ ეტაპზე დეტალებს არ შევეხები, ვინაიდან პროცესი ძალიან დაგვიანებულია და უმჯობესია, მივიდეს ბოლომდე, ანუ იქამდე, რაც გამოადგება ქვეყანას, ყველაფერი გამართლებულია. თავიდან არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად კარასინ-აბაშიძის შეხვერა იმის ფონზე, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, მაგრამ მაშინ ცნობილი არ იყო, თუ რა თემაზე ისაუბრებდნენ ისინი. იმის გამო, რომ ეს ხელშეკრულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თემაზე კარასინ-აბაშიძის საუბარს მართლაც მივესალმე, რომ ეს ხელშეკრულება ბოლომდე იქნას მიყვანილი.

რაც შეეხება იმას, რაზე შეიძლება ისაუბრონ და რა შეიძლება მივიღოთ? ეს ჩემთვისაც საინტერესოა, რადგან რეალურად ყველაფერია შეთანხმებული. 2011-ში ჩვენ დავგეგმეთ მთელი პაკეტი, მათ შორის არა მხოლოდ შეთანხმება თავისი დანართებით, არამედ ნოტები, რომელიც გაცვლილი იყო სახელმწიფოებს შორის შვეიცარიის საშუალებით. ჩვენ ასევე დავტოვეთ ე.წ. მანდატი, რომელიც შვეიცარულ კომპანიას უნდა მისცემოდა. ტექნიკური საკითხი იყო დარჩენილი, რომელზეც მუშაობა ორ წელზე მეტია, გაჭიანურდა.
ეს გახლავთ კონკრეტული კონტრაქტი, ერთი მხრივ საქართველოსა და შვეიცარულ კომპანია "ეს-ჯი-ესს" შორის, ხოლო მეორე მხრივ რუსეთსა და იმავე კომპანიას შორის, რომელსაც უნდა განეხორციელებინა მონიტორინგი. ეს ის კომპანიაა, რომელიც მონიტორინგისთვის იყო შერჩეული. თუმცა, ამ კონტრაქტის შინაარსი და ძირითადი პოსტულატები, ანუ მანდატი, რომელიც მათ უნდა ჰქონოდათ, ჩვენ რუსულ და შვეიცარულ მხარეებთან შევათანხმეთ 2011-ში. ანუ, რეალურად, ახლა შესათანხმებელი არც არაფერია. ამიტომაც ვამბობ, მეც მაინტერესებს თუ რა თემებზე იმსჯელებენ მხარეთა წარმომადგენლები.
იმის გამო, რომ რუსეთი არც თავის დროზე არ იყო დაინტერესებული ტვირთების ბრუნვაზე მონიტორინგის დაწყებით, მე შეიძლება დავუშვა, რომ დღესაც ექნება ამ შეთანხმებებთან დაკავშირებით პრეტენზიები, რაღაცას ჩაეჭიდება და შეეცდება ამ პროცესის გაჭიანურებას. სიმართლე გითხრათ, ამ წუთში წარმოდგენა არა მაქვს, თუ რაზე იქნება საუბარი ამ თემაზე კარასინსა და აბაშიძეს შორის.

- რადგან თემა კარგად იცით, სავარაუდოდ, რაზე შეიძლება გაიმართოს მსჯელობა?

- ამ შეთანხმებაში მნიშვნელოვანია ის, რომ ტერმინალები, რომელშიც უნდა განლაგდეს შვეიცარული კომპანია, უნდა მდებარეობდნენ ერთის მხრივ მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბის ჩრდილოეთით, ხოლო მეორე მხრივ საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ, ზუგდიდთან ახლოს და გორში. ვიმეორებ, აქ შესათანხმებელი არაფერია, კოორდინატები განსაზღვრულია, მხოლოდ თავად ამ ტერმინალების მოწყობის საკითხია შესათანხმებელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო ორი ტერმინალი, ერთი როკის გვირაბის ჩრდილოეთით, ხოლო მეორე ლარსის ჩრდილოეთით. რუსებს უნდოდათ ორი ტერმინალის ერთში გაერთიანება, მაგრამ ჩვენ ამაზე არ დავთანხმდით. არც ახლა მგონია დავეთანხმოთ, ვინაიდან უკვე ხელმოწერილი შეთანხმებით ორი ტერმინალი უნდა ყოფილიყო.

- ვითარებაში, როცა რუსეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმი უკვე მოქმედებს და ძალაშია შესული, რაც სავარაუდოდ, ტვირთების ბრუნვაზეც ვრცელდება ან გავრცელდება, რამდენად შეიძლება შეესაბამებოდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ადრე ხელმოწერილი შეთანხმება იმას, რაზეც ახლა მხარეებმა შეიძლება მოილაპარაკონ? ანუ, ეს შეიძლება იყოს ადრე მიღწეული შეთანხმების გაგრძელება, თუ მისი რევიზია?

- რაზე მოაწერა ხელი რუსეთმა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან, მე სრულებით არ მაინტერესებს. ჩვენ ეს არ უნდა გვაინტერესებდეს, ვინაიდან ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი თუნდაც იმის გამო, რომ ამ შეთანხმებებს არ ვაღიარებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია 2011 წელს რუსეთთან დადებული შეთანხმება, რომლითაც რუსეთმა აიღო ვალდებულება, თუ სად განათავსოს შვეიცარიელი მონიტორები და მისცეს მათ შესაბამისი ინფორმაცია ტვირთბრუნვაზე და იმაზე, რაც ვაჭრობას უკავშირდება.
თუ რუსეთი შეეცდება, იმის გამო შეცვალოს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, რომ სოხუმთან და ცხინვალთან სხვა ხელშეკრულებები აქვს მიღებული, მაშინ იგი უბრალოდ დაარღვევს ადრე დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას. ვიმეორებ, ახლა რუსეთთან არაფერი მოსალაპარაკებელი არ არის. ახლა ჩვენ უნდა მივმართოთ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც 2011 წლის ხელშეკრულებისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში გაგვაჩნია. ამიტომაცაა სამწუხარო, რომ ამ საკითხებზე 2 წელზე მეტი ფეხი ვითრიეთ და ახლა არა გვაქვს საშუალება, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მექანიზმები რუსეთის წინააღმდე ეფექტურად გამოვიყენოთ, მათ შორის სოხუმთან და ცხინვალთან სულ ახლახან გაფორმებული ხელშეკრულებების წინააღმდეგ.
თუ რუსეთმა 2011 წლის ხელშეკრულება დაარღვია, ანაც მოახდინეს მისი რევიზია, მაშინ ჩვენ მოგვიწევს საერთაშორისო დონეზე იმაზე საუბარი, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო ვალდებულება და მასზე სამართლებრივი რეაგირება. ვიმეორებ, ჩვენ რუსეთთან განსახილველი არაფერი არა გვაქვს. არა მგონია, რომ ჩვენ უნდა დავეთანხმოთ იმ ახალ პოსტულატებს, რომელიც მოსკოვმა სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებული შეთანხმებებით შემოიტანეს.
რუსეთმა ფსოუსა და როკის გვირაბზე რაც არ უნდა გააუქმოს, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. რუსეთმა უნდა შეასრულოს ვალდებულება, რომელიც მათ საქართველოსთან მიმართებაში 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით აიღეს.

- კიევში ერთი წლის წინ დაწყებულ ტრაგიკულ მოვლენებს იხენებენ. ვინაიდან ერთი წელი გავიდა უკრაინაში ხელისუფლების ცვილებიდან და შემდგომ ასევე დრამატულად განვითარებული პროცესებიდან, უკვე შეიძლება საუბარი უკრაინის მოვლენების შედეგებსა და ჩვენთვის გაკვეთილებზე. იქნებ, საუბარი იმაზე დაგვეწყო, თუ რა მიიღო უკრაინამ ერთი წლის წინ ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური პროცესების შედეგად?

- უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა. იქ სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი, ლექციები მქონდა. უკრაინას დღეს ერთდროულად ძალიან მძიმე გამოწვევებთან უწევს გამკლავება. შესაძლოა, ცალკე აღებული თითოეული გამოწვევა ქვეყნისათვის დამანგრეველი აღმოჩნდეს. პირველ რიგში, ეს გახლავთ ომი რუსეთთან, სრული დესტაბილიზაცია და მოშლილობა, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში სუფევს. ცალკე საუბრის თემაა ძალიან ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა. ერთი წლის განმავლობაში თითქმის სამჯერ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა - გრივნა. ამას ემატება რეფორმების გაუტარებლობა. რეფორმებს, რომელიც იქ დაიწყო, მათ შორის ქართველების საკმაოდ სოლიდურმა გუნდმა, დრო სჭირდება. ერთი თვის განმავლობაში რეფორმების კუთხით ჯერ კიდევ არ არის შედეგები. ამას ემატება სერიოზული ენერგეტიკული გამოწვევები, სერიოზული საბიუჯეტო დეფიციტი, დიდი ვალი და ასე შემდეგ. პრაქტიკულად, უკრაინას ყველა მიმართულებით აქვს სერიოზული პრობლემები და გამოწვევები.
ამიტომ, კიევის ტრაგიკული მოვლენების ერთი წლის თავზე ჩემი დაკვირვება, იგივე სტუდენტებთან და პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობის შედეგად მიღებული შთაბეჭდილება ასეთია: არავინ არ არის კმაყოფილი ამ ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული პროცესებით. მიუხედავად ამისა, მთავრობას აქვს ნდობის საკმაოდ დიდი მანდატი. ხალხისთვის ევრომაიდანი მართლაც იყო შემობრუნების წერტილი. ნდობა, რომელიც აქვს პოროშენკოს მთავრობას და ახალ პარლამენტს, შენარჩუნებულია და ხალხს, ჯერჯერობით აქვს მოთმინება, თუ როგორ მოგვარდება ეკონომიკური პრობლემები, როგორ გატარდება რეფორმები და როგორ მოგვარდება რუსეთთან ურთიერთობა. უკრაინა ბევრი პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ, ჩემი აზრით, ხელისუფლება ორი თანაბარი ამოცანის წინაშე დგას – ერთი გახლავთ რეფორმების გატარება, ხოლო მეორე რუსეთთან ომის როგორღაც დასრულება და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.

- რას იტყოდით მინსკის შეთანხმებაზე და მისი შესრულების მიმდინარეობასა და შეთანხმების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე? ცნობილი რუსი პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი მიიჩნევს, რომ მინსკის შეთანხმება კიევისთვის კაპიტულანტური იყო. მოსკოვმა თავისი გაიტანა, კიევი ვალდებული გახდა, ქვეყანა ფედერაციული იყო. გარდა ამისა, კიევმა ივალდებულა სეპარატისტული რეგიონების დაფინანსება. მისივე აზრით, უმჯობესი იქნებოდა, კიევს ეს ტერიტორიები ოკუპირებულად გამოეცხადებინა და არ მიეცა კრემლისათვის საშუალება, ჩაეთრია იგი გაურკვეველ პროცესში, რომელიც არავინ იცის, როდის და რა შედეგით დასრულდება. მოგეხსენებათ, უკრაინული ჯარი იძულებული იყო, დაეტოვებინა დებალცევო. კიევი ითხოვს დონბასში გაერო-სა და ევროკავშირის მშვიდობისმყოფელების შეყვანას, მაგრამ რუსეთი წინააღმდეგია. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კვლავაც აგრძელებს სეპარატისტების მხარდაჭერას და იერიშების მიტანას უკრაინული არმიის პოზიციებზე, "ნორმანდიული ოთხეული" არ ფიქრობს, რომ მინსკის შეთანხმებები არ სრულდება და იგი არ ჩაშლილა...

- გარკვეულწილად ვეთანხმები ბატონ პიონტკოვსკის იმაში, რომ მისკის შეთანხმება არ იყო ბოლომდე კარგად გააზრებული. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტის გათვალისწინება. იმის ფონზე, როდესაც გრძელდებოდა შეიარაღებული დაპირისპირება, როდესაც უკრაინული არმია აგებდა ბრძოლებს, როდესაც იგივე დებალცევო ბრძოლის შედეგად შეიძლება ყოფილიყო დაკარგული, დასავლეთში არ ჩამოყალიბებულა კონსენსუსი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხში, ბრძოლის გაგრძელების ყოველი დღე უკრაინელებს უჯდებოდათ მილიონობით დოლარი, რაც დამანგრეველია ქვეყნისთვის.
ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რისთვისაც უკრაინას უნდა მიეღწია, იყო ცეცხლის შეწყვეტა. ეს, ასე თუ ისე, მიღწეულია. დებალცევო ტრაგიკული და ძალიან სამწუხარო გამონაკლისია, მაგრამ საბოლოოდ შეიქმნა წინაპირობა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ ცეცხლის შეწყვეტა იქნება შენარჩუნებული, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ამ ხელშეკრულებით უკრაინამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ვეთანხმები პიონტკოვსკის იმაშიც, რომ მინსკის შეთანხმებაში არის ბევრი ნაღმი. ყველაზე დიდი ნაღმი არის ის, რომ ვიდრე რუსეთ-უკრაინის საზღვარზე უკრაინის იურისდიქცია აღდგება, მანამდე იმდენი ნაღმია ჩადებული, რომ დიდი ალბათობით ეს დრო არც დადგება. მანამდე უნდა მოხდეს ძალაუფლების გამიჯვნა კიევს, დონეცკსა და ლუგანსკს შორის, საკონსტიტუციო რეფორმა. შეთანხმების მე-11 მუხლი შეიცავს მინიშნებას ქვეყნის ფედერალიზაციაზე. ანუ, ნამდვილად ბევრი ნაღმია შეთანხმებაში, ამიტომ ალბათ არ იქნება ისინი ბოლომდე შესრულებული. პირველ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ცეცხლის შეწყვეტა.
ამ შეთანხმებით, კიევისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, თუ რა მექანიზმებით მოხდება ცეცხლის შეწყვეტა. ამ თვალსაზრისით სამშვიდობო ძალები, საპოლიციო ძალები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ალბათ, "ნორმანდიული ოთხეულის" როლი გადამწყვეტი იქნება იმაში, რომ პროცესი მივიდეს ბოლომდე. პოროშენკომ მიუნხენში სამართლიანად აღნიშნა, რომ არ მიესალმებოდა დონბასში სამშვიდობო ძალების შეყვანას. მაგრამ, ვინაიდან ცეცხლის შეწყვეტის ამოცანა შესრულებული არ არის, ახლა იგი თავად ითხოვს რეგიონში სამშვიდობოების შეყვანას.

სამშვიდობო ძალები უნდა გახდეს გარანტი იმისა, რომ საომარი მოქმედებები არ განახლდება. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს ვითარების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავსად კონსერვირებას, მაგრამ იმ პირობებში, რა ვითარებაშიც დღეს უკრაინაა, როცა მას ომის წარმოების ძალა არ შესწევს და შესაძლოა, ქვეყანა მთლიანად დაინგრეს, ალბათ მიზანშეწონილი იქნება ვითარების გარკვეულწილად დაშოშმინება. ასევე საჭიროა რუსეთზე საერთაშორისო წნეხის გაძლიერება. მინსკის შეთანხმებით აღიარებულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანიობა, იმავე ხელშეკრულება უზრუნველყოფს დონბასიდან რუსეთის გაყვანას.
რაც შეეხება ოკუპირებულად ტერიტორიების გამოცხადებას, კიევს ამისთვის დრო ჯერ კიდევ აქვს ისევე, როგორც კიევს აქვს დრო გამოაცხადოს რუსეთი აგრესორ ქვეყანად და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს. ოფიციალურ კიევს შეუძლია ამ კუთხით იაროს, გამომდინარე იქიდან, თუ რა შედეგები ექნება მისთვის მინსკის შეთანხმების შესრულებას ანაც შეუსრულებლობას.
ვიმეორებ, უკრაინაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ცალსახად იმის თქმა, რომ პოროშენკომ ხელი მოაწერა ცუდ შეთანხმებას, შეუძლებელია, იმ ვითარებისა და გარემოებების გათვალისწინებით, რომელშიც დღეს უკრაინა იმყოფება.
- იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინისა და საქართველოს ბედი ერთმანეთს ძალინ ჰგავს, როგორ ხედავთ საქართველოსთვის "უკრაინულ გაკვეთილებს"?
- მართლაც, რუსეთ-უკრაინისა და რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაში ძალიან ბევრი მსგავსებებია. უკრაინელები ძალიან არიან დაინტერესებული იმით, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა ჩვენთან 2008 წელს და მანამდე. ეს ვითარებები ერთმანეთს ძალიან ჰგავს.
ჩვენი გაკვეთილი უკრაინისთვის არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს რუსეთს მშვიდობისა და მედიატორის როლი უკრაინის აღმოსავლეთში. გარდა ამისა, უკრაინისთვის მეორე ქართული გაკვეთილი გახლავთ ის, რომ რაც უფრო ნაკლებად იქნება უკრაინა დამოკიდებული ეკონომიკურად რუსეთზე, მით ძლიერი იქნება რუსეთთან მიმართებაში. ბოლო წლებში საქართველომ მოახერხა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება. შემდეგ ბოლო ორ წელიწადში ისევ გაიზარდა ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის, მაგრამ არა ისე კატასტროფულად, რომ რუსეთს საქართველოზე სერიოზული ბერკეტები გასჩენოდა. რაც უფრო ნაკლებად იქნება დამოკიდებული უკრაინა რუსეთზე, მათ შორის ენერგეტიკულ სფეროში, მით უფრო ძლიერი იქნება და შეძლებს თუნდაც დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას.

ასევე, საინტერესოა ჩვენთვის უკრაინული გაკვეთილები. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა ევროინტეგრაციისა. ამდენად, აღარავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს იმის გაგებას, რომ ჩვენი ევროინტეგრაცია მისთვის მისაღებია. ჩვენ ამოცანად რჩება ევროპული და ატლანტიკური არჩევანი, მაგრამ ტაქტიკურად უნდა გადავეწყოთ იმაზე, რომ ჩვენს ამ არჩევანში მართლაც მთელი მსოფლიო ჩვენ გვერდით იყოს. არავინ არ უნდა შეგვამჩნიოს, რომ ჩვენ ვყოყმანობთ, რაც სამწუხაროდ, ბოლო დროს შეიმჩნევა.
ყველაზე მთავარია, რუსეთს არ მივცეთ ჩვენზე ზემოქმედების დამატებითი ბერკეტები - არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური, ენერგეტიკული და არც მორალური. ეს უნდა იყოს ის ძირითადი პრინციპი, რომლის ირგვლივაც მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჩამოყალიბებული. საკმარისია აქ ამ თემაზე მოხდეს გახლეჩვა, საკმარისია ჩვენთან რომელიმე რეგიონში დაიძაბოს ვითარება, რომ ამას რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ ძალიან კარგად და ეფექტურად გამოიყენებს.

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"

http://www.interpressnews.ge/ge/interviu/318057-sergi-kapanadze-rusethma-unda-sheasrulos-valdebuleba-romelic-saqarthvelosthan-mimarthebashi-2011-tsels-khelmotserili-shethankhmebith-aigho.html