logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სერგი კაპანაძე - შეიძლება, საქართველოს პრემიერი იმეორებს იმ გზავნილებს, რომელიც დაავალეს

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2014/06/kapanadze-sergi-ipn.jpg
13 ივნისი, 2014
 0

kapanadze-sergi-ipnსაქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებლის სერგი კაპანაძის შეფასებით, ამბივალენტობის ელემენტები, რაც ახლა შეიმჩნევა, ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენ საგარეო პოლიტიკას.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კაპანაძემ პრემიერ-მინისტრის მიერ BBC-სთან ინტერვიუში გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას განუცხადა, რომ "რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიით".
"თუ ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის მხრიდან ძალიან სერიოზული ზეწოლისთვის. რუსეთმა უკვე მოახდინა დეკლარირება, რომ ზეწოლა მოხდება, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში. იყო ლავროვის განცხადება და ასევე, მკაფიო მინიშნებები, რომ შეიძლება შეიცვალოს მდგომარეობა, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში. უკანასკნელ პერიოდში რაც აფხაზეთში ხდება, კარგად ვიცით. ცხინვალის რეგიონის ე.წ. ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაცია უნდა მოხდეს. ამ ყველაფრის შემდეგ გააკეთო დასკვნა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული ყირიმის სცენარი განმეორდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, არის უბრალოდ მცდარი და წარმოადგენს ფუნდამენტურად არასწორ ხედვას იმისა, რაც დღეს რეგიონში ხდება", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ყველაფერი რომ მართლაც კარგად იყოს, პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ტრიბუნა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ პოტენციურ საფრთხეებზე გააკეთოს აქცენტი და დაუსაბუთებელ იმედებზე ისაუბროს.
"როცა საფრთხეებზე ვსაუბრობთ, ეს მარტო ოკუპირებულ რეგიონებს არ ეხება, არამედ სხვა ინსტრუმენტებს და გართულებებსაც, რომელიც რუსეთმა შეიძლება, გამოიწვიოს. ეს ეხება პოტენციურ ემბარგოს და ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში კვლავ გავხდით დამოკიდებული რუსეთზე ვაჭრობის მხრივ და ასევე ეხება ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა სიტუაციის არევა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ მიმდინარეობს გარკვეული პასპორტიზაცია. ეს ყველაფერი შეუიარაღებელი თვალით ჩანს და როდესაც პრემიერი ცდილობს, ეს ყველაფერი ხალიჩის ქვეშ შეყაროს და დამაიმედებელი გზავნილები გააგზავნოს მაშინ, როდესაც არანაირი საფუძველი ამ იმედების არ არის, ჩემი აზრით, არის უბრალოდ მცდარი", - მიიჩნევს სერგი კაპანაძე.
ამასთან პასუხი, პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე, რომ საქართველოს აქვს უნიკალური მიდგომა და მოახერხებს როგორც ევროინტეგრაციას, ისე რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, არის, რომ "ნეტარ არიან მორწმუნენი", ვინაიდან, სერგი კაპანაძის თქმით, მსგავსი მაგალითი მსოფლიოში არ არსებობს.
სერგი კაპანაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუთი შეშფოთებულია და მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსი პოზიციის უკან შესაძლოა, სამი რამე იდგეს.
"რომელი ქვეყნის მაგალითი შეიძლება დაასახელოს, სადაც ამ მცდელობამ იმუშავა?! ბალტიისპირეთში არ უმუშავია, ჯერ გახდნენ ნატო-ს და ევროკავშირის წევრები და შემდეგ დაალაგეს ურთიერთობები რუსეთთან; ბელორუსი თუ არის ჩვენი მისაბაძი, არ ვიცი, იქ სულ სხვა სიტუაციაა; უკრაინა ევროპული მომავლის გამო თითქმის დაანგრია რუსეთმა, მათ შორის ტერიტორიის ანექსია მოუწყო; 2008 წლის ჩვენი მაგალითი, მე მგონი, ყველას კარგად გვახსოვს და რა იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ თურმე მოსკოვი დათანხმდება ჩვენ დასავლურ ინტეგრაციას ისე, რომ პრობლემებს არ შეგვიქმნის, მე უბრალოდ არ მესმის. აქ არის სამი ვარიანტი: ერთი - ეს არის ჩვეულებრივი გულუბრყვილობა პრემიერის მხრიდან, რომელიც შეიძლება არსებობდეს არცოდნიდან და ფაქტების არასწორი ანალიზიდან გამომდინარე; მეორე – შეიძლება ის უბრალოდ იმეორებს იმ გზავნილებს, რომელიც დაავალეს, რომ გაიმეოროს და ჩვენ ვიცით, რომ ასეთი გზავნილები მოდის წინა პრემიერ-მინისტრისგან. მე მგონია, რომ ეს ფაქტორიც არის - გამეორება იმ გზავნილების, რომელიც მას ესმის თავისი მენტორისგან; მესამე - არის ის, რომ შეიძლება მან იცის რაღაც ისეთი, რაც არავინ სხვამ არ ვიცით, თუმცა ამაში ეჭვი მეპარება. ღმერთმა ქნას, იყოს მესამე, იმიტომ რომ პირველი და მეორე არის კატასტროფა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე აზრით, ძალიან კონტრპროდუქტიულია, როდესაც უმაღლესი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები განსხვავებულ მესიჯებს აჟღერებენ.
"ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან კარგი, სწორი გზავნილები მოვისმინე პრეზიდენტისგან, საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისგან, თავდაცვის მინისტრისგან, ვგულისხმობ როგორც საჯარო გზავნილებს, ისე იმას, რომელსაც ეს ხალხი აფიქსირებს ორმხრივ შეხვედრებზე. ანუ მთავრობაში არიან ის ადამიანები, რომელთაც, ჩემი აზრით, სწორი ხედვა გააჩნიათ მიმდინარე პროცესების, მაგრამ პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ამ დროს მთავრობის მეთაური, რომელიც ყველაზე მეტად უნდა ჩანდეს ამ კუთხით, სრულიად სხვა ტალღაზეა და სრულიად სხვა გზავნილებს აგზავნის ჩვენს პარტნიორებთან. ეს პრობლემაა არამარტო იმიტომ, რომ აჩვენებს გაურკვევლობას პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. შეიძლება რაღაც სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე იყოს განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ეს არ არის ის თემა, რომელიც დებატს იმსახურებს, არამედ მასზე კონსესუსი უნდა არსებობდეს არამარტო მთავრობის შიგნით, არამედ მთავრობასა და ოპოზიციას შორის. გზავნილები, რომელიც ასეთი არაკოორდინებულია, არის კონტრპროდუქტიული, იმიტომ რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ვერ გებულობენ, რეალურად რა არის ჩვენი პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ასეთი ამბივალენტობა ჩვენ გვქონდა 2000-2002 წლებში, როცა ითვლებოდა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა იყო ამბივალენტური - ვერ გაიგებდი ნეიტრალიტეტი გვინდოდა, დასავლური ინტეგრაცია თუ რუსეთთან კავშირები. იმ პერიოდს არ ვადარებ, მაგრამ ამბივალენტობის ელემენტები ახლაც შეინიშნება და ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენ საგარეო პოლიტიკას და რეპუტაციას", - დასძინა სერგი კაპანაძემ.

- ორიგინალი სტატია