logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სერგი კაპანაძის ინტერვიუ გაზეთ "პრემიერში" უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით

sergi-kapanadze-1511773902-e1523523444780.jpg
14 მარტი, 2014
 0

sergi-kapanadze-ghnსერგი კაპანაძე: “სწორედ ახლა უნდა გახდეს ქართული დიპლომატია ყველაზე აქტიური, მიზანმიმართული და აგრესიულიც კი”

“ხალხისა და ხელისუფლების დამოკიდებულება უკრაინის მოვლენებზე უნისონში არ არის”

უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, არის მსხვერპლი. ხელისუფლება და ოპოზიცია კომპრომისამდე ვერ მიდის. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დუმან, ხოლო საგარეო უწყების უღიმღამო განცხადება სრულ დისონანსში მოდის საზოგადოების განწყობასთან. გაჩნდა მოსაზრება, რომ ქვეყანამ მეზობელთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს. ამავდროულად ექსპერტების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლების საგარეო აქტივობა მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს და სწორედ ახლაა შანსი, დასავლელი პარტნიორებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა მივიღოთ. აღნიშნულ საკითხზე პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თავმჯდომარეს სერგი კაპანაძეს ესაუბრა.

_ გავრცელდა მოსაზრება, რომ უკრაინაში არსებული ვითარების გამო საქართველომ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ასეთი პოზიცია?

_ არ მიმაჩნია სწორად დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა უკრაინასთან. დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან, ნიკარაგუასთან, ვენესუელასთან, ანუ ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ. ამიტომ უკრაინის გაყვანა ამავე რანგის სახელმწიფოებში, არ მიმაჩნია მართებულად. თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მხრიდან ნამდვილად არის სიჩუმე, რომელიც, ჩემი აზრით, გაუმართლებელია.

_ რამდენად ადეკვატურია საქართველოს ხელისუფლების დუმილი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით?

_ სამწუხაროდ, ხალხის დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ და ხელისუფლების დამოკიდებულება არ არის უნისონში. გასაგებია, რომ შეიძლება პრეზიდენტსა და პრემიერს გაუჭირდეთ ევრომაიდანის მხარდამჭერი განცხადების გაკეთება, მაგრამ სრულიად გაუგებარია, რატომ არ აკეთებენ ამას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

ჩვენი მხრიდან ნამდვილად კარგი ჟესტი იქნებოდა, რომ მხარი დაგვეჭირა დემონსტრანტებისთვის, რადგან სწორედ იმისთვის იბრძვის დღეს უკრაინის ოპოზიცია, რაც ჩვენთვისაც ძვირფასია _ ევროპული ინტეგრაციისთვის.

_ სწორედ დღეს ხომ არ არის ჩვენს უახლეს ისტორიაში ის დღე, როდესაც კი არ უნდა ვთხოვოთ, არამედ მოვითხოვოთ დასავლეთისგან, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, მთელი რიგი გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა?

_ ზოგადად, უკრაინის მოვლენები დღის წესრიგში აყენებს ჩვენს განსაკუთრებულ აქტიურობას. სწორედ ახლა უნდა გახდეს ქართული დიპლომატია ყველაზე აქტიური, მიზანმიმართული და აგრესიულიც კი. იმიტომ, რომ ახლა არის შანსი, რომ ევროკავშირმა, ნატომ, ჩვენმა პარტნიორებმა შეისმინონ ჩვენი აქტიურობა, მოთხოვნები და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად რელსებზე გადაგვიყვანონ. ბუნებრივია, ამის ყველაზე ნათელი გამოვლინება იქნება “მაპ”-ი.

გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი“

http://premieri.ghn.ge/com/news/view/558