logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სერგი კაპანაძის ინტერვიუ გაზეთ "პრემიერთან", პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ვიზიტზე

sergi-kapanadze-1511773902-e1523523444780.jpg
20 მარტი, 2014
 0

"არავინ უნდა მიეცეს ილუზიებს, რომ ეს იყო ღარიბაშვილის, ან რომელიმე ინდივიდის მიმართ პატივისცემა. ეს იყო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ვინც არ უნდა იყოს ის"

"პრემიერს" საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ესაუბრა:

- სერგი, მოგესალმები, როგორც იქნა, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ახალი ხელისუფლება "თეთრ სახლს" ეწვია. რამდენად მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორთან ამ ფორმატში განახლებული დიალოგი ჩვენი ქვეყნისთვის?

- ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების რეგულარული ვიზიტები ვაშინგტონში და ამერიკის უმაღლესი პირების რეგულარული ვიზიტები თბილისში ხაზს უსვამს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება. ამიტომ, პრემიერის ვიზიტი ვაშინგტონში მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა შეხვედრები უმაღლეს დონეზე გამართა და პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. მართალია, ეს არ იყო სრულფასოვანი შეხვედრა პრეზიდენტთან, მაგრამ მაინც ძალიან კარგია, რომ ეს ვიზიტი ასე მალე შედგა მისი გაპრემიერებიდან. ზოგადად კი, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენსა და აშშ-შ შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც გულისხმობს წელიწადში ერთხელ მაინც ოთხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ჩატარებას და ერთ ე.წ. ომნიბუსის ტიპის შეხვედრას, როდესაც სახელმწიფო მდივნის დონეზე, ან უფრო მაღალ დონეზე ხდება არა მხოლოდ ინდივიდუალური ლიდერების შეხვედრა, არამედ უფრო ფართო ფორმატში, მთელი რიგი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად.

- ის, რომ საქართველოს პრემიერისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრას ბარაკ ობამაც შეუერთდა, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური სიგნალია. მაგრამ ეს სიგნალი, ყველაფერთან ერთად, არის დამაფიქრებელიც, ანუ რეალურად მხარდაჭერის დაფიქსირების გარდა, რას ნიშნავს, ვინ იყო ამის ადრესატი და ა.შ. ანუ მოდით, ეს მომენტი ავხსნათ დიპლომატიურ და პოლიტიკურ ჭრილში.

- ასეთი ფორმატის შეხვედრა არცთუ ისე იშვიათია, როგორც წესი. ამ შემთხვევაში აშშ-მ დააფიქსირა, რომ ღარიბაშვილის მთავარი მასპინძელი ვიცე-პრეზიდენტი იყო, თუმცა პრეზიდენტმა გამოხატა საქართველოს მიმართ პატივისცემა და შეხვედრაზე რამდენიმე წუთით შეიარა. ეს კარგი ჟესტია და ასეთი ტიპის შეხვედრები არცთუ იშვიათად იმართება. პირველ რიგში, ეს არის საქართველოს მიმართ დაინტერესების დაფიქსირება. ამ შემთხვევაში არავინ უნდა მიეცეს ილუზიებს, რომ ეს იყო ღარიბაშვილის, ან რომელიმე ინდივიდის მიმართ პატივისცემა. ეს იყო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ვინც არ უნდა იყოს ის. პრემიერი ჩვენთან არ არის სახელმწიფოს მეთაური, ამიტომ მასთან პრეზიდენტის შეხვედრა უცნაური იქნებოდა. შესაბამისად, ასეთი საინტერესო ფორმატი იქნა მოფიქრებული. ამაში არაფერი გასაკვირი და უცნაური არ არის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ამერიკისთვის კვლავაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობა გრძელდება, როგორც აქამდე იყო.

- აშშ-ს არაერთხელ გამოუთქვამს მადლიერება საქართველოს მიმართ, თუნდაც ISAF-ის პროგრამაში ჩვენი მონაწილეობის გამო. გვახსოვს, რამდენად თავგამოდებულად იბრძოლა ბუქარესტის სამიტის წინ ჯორჯ ბუშმა და მისმა გუნდმა ჩვენთვის MAP-ის მოსანიჭებლად. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წლევანდელი წელი, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პარალელურად, მნიშვნელოვანი იქნება ნატოში ინტეგრაციის მხრივ და ობამას დაინტერესება საქართველოს საკითხით ქმედითი და ეფექტური აღმოჩნდება ევროპელ პარტნიორებზე - განსაკუთრებით საფრანგეთსა და გერმანიაზე პოზიტიური ზემოქმედებისთვის?

- პროგნოზი უმადური საქმეა. ჩვენი პარტნიორების თავდადება და აქტიურობა პირდაპირ კავშირშია ჩვენს აქტიურობასთან. ჩვენი მხრიდან ყველა რესურსის მობილიზების გარეშე, არავის იმედი არ უნდა გვქონდეს. 2008-შიც, ბუქარესტის სამიტს წინ უძღოდა წლებისა და თვეების მუშაობა, მათ შორის, უმაღლეს დონეზე. მაშინ, სამწუხაროდ, ის შედეგი ვერ მივიღეთ, რაც გვინდოდა, მაგრამ მივიღეთ ნატოში გაწევრიანების პირობა, რაც ასევე ძალიან კარგი შედეგი იყო. სამწუხაროდ, არც თუ საუკეთესო პიარმა და ყველა თემის პოლიტიზებამ აქცია მაშინდელი შედეგი დაცინვის საგნად. ყველას გვახსოვს "MAP-ზე უკეთესის" ცნება. ამ დროს, ის, რაც მაშინ მივიღეთ, მართლა უკეთესი იყო, ვიდრე ის, რასაც ვგეგმავდით. იმ ეტაპზე ბეცმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის, ოპოზიციიდან, არჩიეს, ეს შედეგი დაცინვის ობიექტად გაეხადათ, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით კონსენსუსისთვის შეეწყოთ ხელი ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. მაგრამ ეს წარსულია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ, როგორც მინიმუმ, ისეთივე ძალისხმევა გაიღოს MAP-ის მისაღებად, ან სხვა ალტერნატიული მექანიზმისა, რომ ნატოს კიდევ უფრო დავუახლოვდეთ. ამას ვაშინგტონში ერთი ვიზიტი ნამდვილად არ ეყოფა. ამას სჭირდება მთელი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევა, სრული მობილიზაცია, ყველა დონეზე გზავნილების ჰარმონიზაცია. სამწუხაროდ, ეს ჯერ არ ხდება, არადა დრო გარბის.

- ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, რომელიც ხელისუფლებამ მოგვაწოდა, არის ის, რომ ობამა მიესალმება საქართველოს ძალისხმევას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. თითქოს ვინმე ელოდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი გვეტყოდა, არავითარი ნორმალიზება, ომი დაიწყეთო. როგორ ფიქრობთ, რატომ გამოიტანა ხელისუფლებამ ეს მისიჯი ერთ-ერთ უმთავრეს გზავნილად?

- ეს მართლაც საინტერესო დაკვირვებაა. სამწუხაროდ, ხელისუფლებას უხდება თავდაცვის რეჟიმში ყოფნა რუსეთთან საგარეო პოლიტიკის გამო, რაც ორი რამით არის განპირობებული. პირველ რიგში, რუსეთთან წარმოებული საგარეო პოლიტიკა და დიალოგი აშკარად კარგავს პოპულარობას ქვეყნის შიგნით, იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან საქართველო არავითარ საპასუხო ნაბიჯს არ იღებს. ჩვენს ცალმხრივ ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან მხოლოდ ახალი მავთულხლართები მოჰყვება. ხალხი ამას ხედავს. აღდგენილი ეკონომიკური ურთიერთობები და ვაჭრობა კი კარგია, მაგრამ, არა მგონია, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს მოსახლეობისთვის. საშუალოვადიან პერსპექტივაში კი შეიძლება საზარალოც იყოს ქვეყნისთვის, თუ რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი გაიზრდება, რასაც უკვე ცალსახად ვხედავთ. 60%-ით გაზრდილი მობილობა რუსეთში, ემბარგოს წინა დონეზე დაბრუნებული ვაჭრობა რუსეთთან და ღვინის მწარმოებლების სრული რედირექტირება რუსულ ბაზარზე ამისი სამწუხარო ინდიკატორებია. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ოპოზიცია კარგად იყენებს მთავრობის რუსეთთან ურთიერთობებში წარმოქმნილ სისუსტეებს და ამაზე კაპიტალიზებას ახდენს. ჩემი აზრით, ოლიმპიადაში მონაწილეობა დიდი შეცდომა იყო და ხელისუფლების რეიტინგს ზიანი მიაყენა. ამ ყველაფრის გამო, ბუნებრივია, ხელისუფლება ცდილობს, აშშ-სთან ურთიერთობებში ის მომენტები გააპიაროს, რომლებიც ამ ჩავარდნას შეავსებს. ამიტომ, არ არის გასაკვირი, როდესაც ხაზი სწორედ იმას ესმება, რომ რუსეთთან დიალოგს გვიწონებს აშშ. გულწრფელად გეტყვით, ის უფრო გამიხარდებოდა, ამ შეხვედრაზე აშშ-ს მხრიდან გაცხადებულიყო, რომ აშშ არ შეეგუება ოკუპაციას და რომ საქართველოს სიტუაცია დიდ პრობლემად რჩება აშშ-რუსეთის ურთიერთობებში. ეს უფრო კარგი გზავნილი იქნებოდა ჩემთვის, ვიდრე ის, რომ აშშ მიესალმება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას. მით უმეტეს, რომ ამ ნორმალიზებას დიდი პერსპექტივა არ აქვს, სანამ ის ოკუპირებულ ტერიტორიებს არ შეეხება.

- პირადად მე ვისურვებდი, რომ ობამასთან შეხვედრის მთავარი გზავნილი ყოფილიყო ტერიტორიული მთლიანობა და იმავე რუსეთისგან დეოკუპაციის მოთხოვნა. ხელისუფლებამ ვაშინგტონში მხოლოდ ბორდერიზაციაზე დაიწუწუნა და თეთრი სახლის დერეფნებიდან შემოგვაპარა, რომ 11-კილომეტრიანი "სოჭის უსაფრთხოების" ზოლი რუსეთის საკუთრებაში დარჩება. როგორ ფიქრობთ, ობამა-ბაიდენთან შეხვედრისას რამდენად სწორად გაკეთდა აქცენტები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე - დეოკუპაციაზე?

- აქცენტების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ მაქვს. ვიმედოვნებ, რომ სწორი აქცენტები გაკეთდა და პრემიერმა მიუნხენის შეცდომა არ გაიმეორა. თუმცა აქ უფრო მომზადებული იქნებოდა პრემიერი, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრის ახლდა. ამ ვიზიტზე მთავარი გზავნილები უნდა ყოფილიყო ნატოს სამიტი და საქართველოს გაწევრიანება, რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება დეოკუპაციის მიზნით, საქართველოსა და აშშ-ს შორის რაც შეიძლება მალე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედება და აშშ-სთან თავდაცვისუნარიანობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება. ეს არის ოთხი მთავარი საკითხი, რომელიც ნებისმიერ დროს უნდა გვქონდეს აშშ-ის უმაღლეს ხელისუფლებასთან. ბუნებრივია, კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ იმ მცირე ხანში, რომელიც პრემიერს აშშ-ის პრეზიდენტმა დაუთმო, ამაზე მეტს ვერ მოასწრებდნენ. იმედია, ეს საკითხები დაისვა.

ალექსი ნოზაძე, გაზეთი „პრემიერი“