logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სერგი კაპანაძის ინტერვიუ "კვირის პალიტრაში" საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2013/12/kapanadze-ambasadoriali-redisonshi-12.jpg
31 მაისი, 2013
 0

სერგი კაპანაძე: არასერიოზულია, როდესაც ერთი მინისტრი იმას გაიძახის, საზღვრის გადმოწევაში სახიფათო არაფერიაო, მეორე კი - ყველაფერი სხვისი ბრალიაო

”სამწუხაროდ, ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რისი უფლებაც და რისი საშუალებაც ჩვენ რუსებს 2008 წლის აგვისტოში მივეცით. რუსებმა იგრძნეს, რომ ქართულ-ოსური შერიგება დაიწყო და ამ ნაგებობებს და მავთულხლართებს სწორედ ოსების წინააღმდეგ აკეთებენ და არა ქართველების, რათა ისინი აქეთ არ გადმოვიდნენ. ქართველები თუ შედიოდნენ 300-400 მეტრით შიგნით შეშის, ხილის ან ჯონჯოლისთვის, უკან ბრუნდებოდნენ. ოსები 200-300 მეტრით კი არ შემოდიან, არამედ გორში, თბილისში ჩამოდიან. აქ ვაჭრობენ, მკურნალობენ და მათ ტოტალურად დაიწყეს ქართველებთან ურთიერთობა და ამის წინააღმდეგ არის რუსეთის ქმედება მიმართული”. - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, სოფელ დიცის მიმდებარედ არანაირი საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა, არამედ ”რუსები იმ პოზიციებს იკანონებენ, რომლებსაც მიიჩნევენ, რომ 2008 წელს დაიპყრეს”.

მინისტრის განმარტებით, ”იქ არანაირი საზღვარი არ გადის, არამედ გამყოფი ხაზებია და იგივე 200-300 მეტრზეა საუბარი, სადაც გადასვლისთვისაც ქართველებს ისედაც აკავებდნენ, უბრალოდ ახლა იქ მავთულხლართების გაბმა და საგუშაგოების მშენებლობა მიმდინარეობს”.


საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, სერგი კაპანაძემიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა ყველაზე დიდი პრობლემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე მიმართ განსხვავებული აზრის ქონაა.

- ხელისუფლებას მინდა შევახსენო, რომ რუსეთი ასეთ ნაბიჯებს არამარტო 2008 წელს, უფრო ადრეც დგამდა. იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ რუსეთი იმ აგრესიულ ნაბიჯებს ერთი-ორი კონკრეტული პიროვნების გამო დგამდა და ახლა შეჩერდება. მას ასეთი ზრახვები 2008 წლამდეც ჰქონდა და მომავალშიც ექნება. მე ძალიან კარგად ვიცნობ რუსეთს და ისიც ვიცი, რომ ის ყოველთვის იმოქმედებს საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. ამიტომ, იმის ძიებას, - თუ ვისი ბრალია, ვინ იყო 2008 წელს დამნაშავე და რა პოლიტიკამ მიიყვანა აქამდე, აჯობებს ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით თანმიმდევრული პოლიტიკა ჩამოაყალიბონ და ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ, რათა ისე არ მოხდეს, როგორც ახლა მოხდა. ძალიან დიდ პრობლემად მიმაჩნია, როდესაც ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი ამბობს ერთს, მეორე კი მის საპირისპიროს აცხადებს. კარგი იქნება, გზაში მაინც ჩამოყალიბდნენ საერთო პოზიციაზე...

- თქვენს ხელისუფლებას თუ ჰქონდა ასეთი საკითხების მიმართ თანმიმდევრული პოლიტიკა შემუშავებული და რაში გამოიხატებოდა?

- დიახ, ჰქონდა. მათგან განსხვავებით, ზუსტად ვიცოდით, ასეთი ტიპის ქმედებებზე როგორი შეფასება უნდა მიგვეცა და რა რეაქცია უნდა ყოფილიყო, ანუ როგორი საჯარო გზავნილი უნდა გაგვეკეთებინა. აქ კი, გზავნილს ვინ ჩივის, თვითონ დამოკიდებულებაც უკიდურესად შემაშფოთებელია. თუმცა, ამის გამოსწორება შეიძლება, თუკი სტრატეგიას შეიმუშავებენ - როგორ ქმედებებზე რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ. არასერიოზულია, როდესაც ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის დროს, ერთი მინისტრი გამოდის და ამბობს, ეს ყველაფერი სხვისი ბრალიაო; მეორე კი ამბობს, ეს პრობლემა არ არის, რადგან რუსები საბჭოთა კავშირის დროს არსებულ საზღვრებს სწევენ და ამაში სახიფათო არაფერიაო. სახიფათო კი არა, დამღუპველია.

- პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მეგონა, ახალ ხელისუფლებასა და რუსეთს შორის სხვა დამოკიდებულება განვითარდებოდაო...


- ეს არის ილუზია, რადგან ასეთი მოლოდინი ყოველგვარ რეალურ საფუძველსაა მოკლებული. რა წინაპირობა არსებობდა ასეთი იმედისთვის?.. მართლა ეგონა ვინმეს, რომ რუსეთი ამას იმიტომ აკეთებდა, რომ საქართველოში ხელისუფლებაში მყოფი კონკრეტული პიროვნებები არ მოსწონდა?მის ინტერესებში შედის სამხრეთ კავკასიაში თავისი პოლიტიკის გატარება და არა ინდივიდებზე აწყობილი პოლიტიკა. როდესაც აცხადებდნენ, რუსეთთან დაკავშირებით განსაკუთრებული პოლიტიკა გვქონდა შემუშავებულიო, ისიც უნდა გაეაზრებინათ, რომ საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო ინტერესები ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. რუსული პოლიტიკის განსაზღვრას ისტორიის გადახედვა და კონკრეტული ფაქტების შესწავლა სჭირდება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამით მთავრობაში თავს მაინცდამაინც არ იწუხებენ.

- ხელისუფლებამ საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. თქვენი მოლოდინი როგორია?

- კარგია, იმას მაინც თუ მიხვდნენ, რომ მარტო ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. როდესაც მეზობლად გყავს რუსეთისნაირი სახელმწიფო და ასეთ პრობლემებს გიქმნის, მას მარტო ვერ მოაგვარებ, აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერა გქონდეს. გავოცდი, როდესაც ბატონმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, - გრიგორი კარასინთან შეხვედრისას ამ საკითხებზე არ გვისაუბრიაო... შემდეგ კი თქვა, რომ კარასინთან შეხვედრისას ამ საკითხს გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ საგნობრივად ვერ განვიხილავთ, რადგან ჟენევის ფორმატი ამას არ ითვალისწინებსო. მესმის, რომ აბაშიძე თავის მანდატს იცავს, მაგრამ თუ ამაზე არ ილაპარაკეს, სხვა რაზე უნდა ესაუბრათ?..

- თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვიერი აღშფოთება-შეშფოთებით შემოიფარგლება და უმეტს შემთხვევაში კონკრეტული შედეგი არ ჩანს...

- არ არის ასე, საერთაშორისო ორგანიზაციებს არაერთ შეხვედრაზე გამოუხატავთ თავიანთი პოზიცია და რუსეთისთვის მოუწოდებიათ, რომ ასეთი ნაბიჯები აღარ გადადგას. მხოლოდ ამ გზით შეიძლება რუსეთამდე მივიდეს გზავნილი.მთავარია, კარს უკან რა ხდება და ჩვენ უნდა ვეცადოთ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა სწორედ კარს უკან განახორციელონ რუსეთზე წნეხი.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

სტატიის ბმული