logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სტატუს-ნეიტრალობა, როგორც კონფლიქტის ტრანსფორმაციის პოტენციური გასაღები.

22 დეკემბერი, 2012
 0

2012 წლის დეკემბერში შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ბიულეტენში # 10 გამოქვეყნდა სერგი კაპანაძის სტატია "სტატუსნეიტრალობა, როგორც კონფლიქტის ტრანსფორმაციის პოტენციური გასაღები".
In December 2012 Black Sea Peace-building Network (BSPN) (Bulletin No 10) published an article by Sergi Kapanadze - "Status-neutrality as a potential key to conflict transformation"

სტატუს-ნეიტრალობა, როგორც კონფლიქტის ტრანსფორმაციის პოტენციური გასაღები.

დღეს, როდესაც საქართველოს ახალი ხელისუფლება ჰყავს, არსებობს შანსი, რომ ახალ უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევები თბილისის მხრიდან. ოფიციალურმა თბილისმა უკვე მრავალი მოსაზრება გაახმოვანა, თუმცა უმრავლესობა მათგანი მხოლოდ მოსაზრებებად დარჩა და კონკრეტული თანმდევი ნაბიჯები არ მოჰყოლია. ასეთ იდეებს შორის იყო აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა, ერგნეთის ბაზრობის მსგავსი ეკონომიკური ცენტრის შექმნა, ცხინვალის და სოხუმის მიერ გამოშვებული დოკუმენტების აღიარება და რეინტეგრაციის სამინისტროსთვის სახელის გადარქმევა. აქედან უკანასკნელი ყველაზე მარტივია და სავარაუდო სახელებიც არსებობს. ახალი სამინისტრო შეიძლება იყოს შერიგების, მშვიდობის და უმცირესობების საკითხების, ან შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის, ან შერიგების და ეროვნული უმცირესობების საკითხების სამინისტრო. თვისობრივად ყველა ამ სახელს ერთი აქვს საერთო - ისინი ყველა სტატუს-ნეიტრალური სახელებია. აქამდე სამინისტროს სახელში ცნება “რეინტეგრაციის” არსებობა გულისხმობდა კონცეფციას, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაკარგული იყო და ახლა მათი შემოერთება, რეინტეგრაცია უნდა მომხდარიყო. სწორედ ეს იყო ის საბაბი, რის გამოც ცხინვალი და სოხუმი უარს აცხადებდნენ ამ სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ახლა, სტატუს-ნეიტრალური სახელის შემოღებით საქართველოს მთავრობას შეუძლია ეს საბაბი მოაშოროს ცხინვალის და სოხუმის პოზიციას.
სტატუს-ნეიტრალობა ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლების არადეკლარირებული მოდუს ოპერანდი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ამ პრინციპის უკან იყო გულწრფელი სურვილი გვეჩვენებინა სოხუმისა და ცხინვალისთვის, რომ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები ამ ეტაპზე მოუგვარებელი იყო, თუმცა მოგვარებადი იყო სხვა, შედარებით მეორეხარისხოვანი საკითხები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ალბათ უფრო მნიშვნელოვანიც კია, ვიდრე ეფემერული დისკუსია სტატუსის თემაზე. ამგვარ საკითხებს შორისაა ვაჭრობის აღდგენა, თავისუფალი მიმოსვლა, განათლება, სოციალურ და ჰუმანიტარულ საქმიანობაში თავისუფალი მონაწილეობა და სხვ.

რა არის სტატუს-ნეიტრალურობა?
სტატუსისადმი ნეიტრალურობა არ გულისხმობს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებას! ასევე არ გულისხმობს სოხუმის და ცხინვალის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარებას, ან მოსკოვის მხრიდან ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობისადმი პოზიციის შეცვლას. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს პრინციპი შეიძლება გამოიხატოს შემდეგ ფრაზაში - “შევთანხმდეთ, რომ ვერ ვთანხმდებით სტატუსზე. შევთანხმდეთ, რომ აღარ მოვახვევთ ერთმანეთს სტატუსთან დაკავშირებულ თემებს, თუმცა დავიწყებთ თანამშრომლობას იმ მიზნით, რომ აღდგეს ხალხთაშორისი ურთიერთობები. კერძოდ, აფხაზეთისთვის ეს იქნება კეთილმეხობლური ურთიერთობები, ჩვენთვის კი ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება. გავაკეთოთ აქცენტი შინაარსზე და არა ფორმაზე.” ამავდროულად, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გააგრძელებს ოკუპაციის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ქმედებებს, ხოლო რუსეთი გააგრძელებს აღიარების მოპოვებას, ცხინვალი და სოხუმი გააგრძელებენ თავიანთი “დამოუკიდებლობისთვის” სწრაფვას, საქართველო კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით მუშაობას. სტატუსისადმი ნეიტრალურობის შენარჩუნება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიწონებთ და რომ უარს ვამბობთ ტერიტორიულ მთლიანობაზე, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ “ვთანხმდებით, რომ ვერ ვთანხმდებით”. ამგვარად, შესაძლებელი იქნება კონფლიქტის ტრანსფორმაცია დღეს არსებული სტატუს-კვოდან იმგვარად, რომ კონფლიქტი გახდება არარელევანტური.

მაინც სად იქნა გამოყენებული სტატუს-ნეიტრალური მიდგომა წინა წლებში?
ჟენევის დისკუსიების შექმნა: თავად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები სტატუს-ნეიტრალური ფორმატი არაა. მას საფუძვლად უდევს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს და რუსეთს შორის გაფორმდა, შესაბამისად ეს არის ფორმატი საქართველოს და რუსეთს შორის ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში უსაფრთხოების და სტაბილურობის მისაღწევად და დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების დასაბრუნებლად. ჟენევის დისკუსიების დამფუძნებელი ე.წ. პროცედურული ნოტა, რომელიც საფუძვლად დაედო ფორმატის განმსაზღვრელ პროცედურებს ამბობს, რომ მოლაპარაკებები უნდა იყოს რამდენიმე დონეზე - პლენარულ დონეზე (მონაწილეები - საქართველო, რუსეთი, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ეუთო) და სამუშაო ჯგუფების დონეზე (ზემოთ ნახსენები მონაწილეები, პლუს წარმომადგენლები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, რაც ბუნდოვანი ფრაზაა და ტოვებს შესაძლებლობას, რომ ამ ფორმულირებაში ასევე განხილულ იქნან ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებიც). პლენარული ფორმატი ამ ეტაპზე არ მუშაობს, რადგან რუსეთს არ სურს საქართველოსთან დიალოგის ფორმატი, რომელიც მას კონფლიქტის მხარედ აღიარებს. შესაბამისად, ერთადერთი ფორმატი, რომელიც ამჟამად მუშაობს ჟენევის მოლაპარაკებებში არის სამუშაო ჯგუფების შეხვედრის ფორმატი. ეს ფორმატი კი კლასიკური გაგებით სტატუს-ნეიტრალურია. მასში მონაწილეები წარმოადგენენ მხოლოდ საკუთარ თავს და არა ქვეყნებს, ქალაქებს და დედაქალაქებს. მათ არ აქვთ სახელის, ან ქვეყნის აღმნიშვნელი ბეჯები და, შესაბამისად, არც უფლებამოსილნი არიან რამეს ხელი მოაწერონ. ამგვარ ფორმატში უკვე ჟენევის მოლაპარაკებების 22 რაუნდი გაიმართა და, მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური გარღვევა არ ყოფილა, მოლაპარაკებები არსებობს და ფორმატი შენარჩუნებულია.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შექმნა. 2009 წლის თებერვალში შეიქმნა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმები. ამ მექანიზმის შექმნის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მექანიზმებში უნდა ჩაერთნონ “შესაბამის ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების წარმომადგენლები” და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს ფორმულირება ასევე ნეიტრალურია სტატუსის მიმართ - მასში არ წერია, თუ რომელი ქვეყნის, ტერიტორიული ერთეულის, ან ქალაქის წარმომადგენლები არიან შესაბამისი სტრუქტურები. მიუხედავად ამისა, იპრმ-ები მუშაობს, მასში მონაწილეობას იღებენ რუსეთის და საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, ასევე ცხინვალის და სოხუმის შესაბამისი უწყების თანამშრომლები. მოკლედ, იპრმ-ების საფუძვლად სწორედ სტატუს-ნეიტრალიტეტის პრინციპი დევს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს რუსეთ-საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმება: მსო-ში რუსეთის გაწევრიანებისთვის მწვანე შუქის მიმცემი, როგორც ცნობილია, გახდა საქართველოს და რუსეთს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება, რომელმაც დააწესა საერთაშორისო მონიტორინგი იმ ვაჭრობაზე, რომელიც ხორციელდება რუსეთს და საქართველოს შორის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა, არც ოკუპირებული ტერიტორიები, არც ცალკე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ხელშეკრულების ტექსტში ნახსენები არაა. ამ ხელშეკრულებასაც საფუძვლად სტატუსისადმი ნეიტრალობა დაედო. კერძოდ, შვეიცარული მხარის მიერ განისაზღვრა სავაჭრო დერეფნები, რამაც მხარეებს საშუალება მისცა ელეგანტურად აევლოთ გვერდი გეოგრაფიული ტერმინოლოგიისთვის. შესაბამისად, როკის გვირაბის, ფსოუს, ან საკონტროლო-გამშვები პუნქტების სახელების ნაცვლად გაჩნდა გეოგრაფიული კოორდინატები. საბოლოო ჯამში, შეთანხმება ორივე მხარისათვის მისაღები აღმოჩნდა, რადგან რუსეთი მსო-ში გაწევრიანდა, საქართველომ კი მიიღო საშუალება დაეწესებინა საერთაშორისო მონიტორინგი ვაჭრობაზე ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან, ასევე მიიღო ინსტრუმენტები რუსეთის წინააღმდეგ, იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი კვლავ გააგრძელებდა ემბარგოს საქართველოს წინააღმდეგ.

საქართველოს მიერ ძალის არ-გამოყენების ვალდებულების აღება. 2010 წელს საქართველოს პრეზიდენტმა აიღო ცალმხრივი ვალდებულება, რომ არ გამოიყენებდა ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მან ეს ვალდებულება არა მხოლოდ ევროპარლამენტის წინაშე 23 ნოემბერს გაკეთებულ გამოსვლაში გააჟღერა, არამედ შემდეგ ასახა წერილებში, რომლებიც დაეგზავნა ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და აშშ-ის პრეზიდენტს. მიუხედავად იმისა, რომ ამ წერილების შინაარსში სტატუსისადმი დამოკიდებულება ცალსახად განსაზღვრულია, ფორმა, რომლითაც ეს ვალდებულება პრეზიდენტმა აიღო - ცალსახად სტატუსისადმი ნეიტრალურია. კერძოდ, საქართველომ ეს ვალდებულება აიღო არა ორმხრივად, არა საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის, არა ცხინვალთან და სოხუმთან მემორანდუმის, ან სხვა ტიპის იურიდიული, ან პოლიტიკური დოკუმენტის გაფორმებით (რასაც აუცილებლად ექნებოდა სტატუსთან დაკავშირებული იმპლიკაციები), არამედ ცალმხრივი დეკლარაციით. აღსანიშნავია, რომ ეს ვალდებულება პოზიტიურად იქნა აღქმული მოსკოვის, ასევე ცხინვალის და სოხუმის მიერ. სხვათა შორის, ანალოგიური ვალდებულებები ასევე აიღეს სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა. მართალია, საქართველოს არ ცნობს ამ განცხადებების საერთაშორისო სამართლებრივ ძალას (ცალმხრივ ვალდებულებას მხოლოდ სახელმწიფოები იღებენ), მაგრამ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში პოზიტიური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ საქართველოს დელეგაციის მიერ ღიად იქნა დაფიქსირებული. ერთადერთი, ვისაც ძალის არ-გამოყენების ვალდებულება ჯერ არ აუღია, რუსეთია. თუმცა ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდზე დაიწყო მუშაობა ძალის არ-გამოყენებასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე, რაზეც სწორი მიმართულებით მუშაობის შემთხვევაში რუსეთიც შეძლება იგივე ვალდებულების აღებას სტატუსისადმი ნეიტრალური დამოკიდებულების გამოვლენის გზით.

აღსანიშნავია, რომ სტატუს-ნეიტრალური მიდგომისადმი ცალსახაა საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიტიური დამოკიდებულება. ყველა ზემოთ ხსენებული ქეისის დროს საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერდა ამგვარ მიდგომას, რადგან შესაძლებელი იყო პრაგმატული შედეგის მიღწევა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ეუთოს მისიის საქართველოში ყოფნის აღსადგენად თავად შეიმუშავა ეუთოს ყოფნის სტატუს-ნეიტრალური წინადადება 2009 წელს. ეს იყო საბერძნეთის ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში. მაშინ შემუშავდა ეუთოს ყოფნის საქართველოში აღდგენის პროექტი, რომელიც ცალსახად შეფასდა, როგორც “სტატუს-ნეიტრალური”. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლის გაზაფხულზე ეს პროექტი რუსეთმა დაბლოკა, იგი დღესაც “რჩება მაგიდაზე” და, იმედია, ეუთო მოახერხებს ძალის პოვნას და ამ დოკუმენტისადმი დაბრუნებას. სავარაუდოდ, ეს 2013 წელს უკრაინის თავმჯდომარეობისას არ მოხდება, თუმცა, სავსებით რეალურია ეს მოხდეს შვეიცარიის თავმჯდომარეობისას 2014 წლის განმავლობაში.

სტატუსისადმი ნეიტრალურობა საქართველოს წინა ხელისუფლებამ ჩადო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. ყველას სმენია სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების და აიდი ბარათების შესახებ, ასევე ლიაზონ მექანიზმის და საინვესტიციო ფონდის შესახებ. ეს სწორედ ის იდეებია, რომელთა განხორცილება მხოლოდ სტატუსისადმი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებითაა შესაძლებელი. სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ აპირებს გაარძელოს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესრულება. თუ ეს ასეა, მაშინ არსებობს შანსი იმისა, რომ სტატუს-ნეიტრალურობა შენარჩუნებული იქნება თბილისს და სოხუმს, თბილისს და ცხინვალს, და, რაც მთავარია, თბილისს და მოსკოვს შორის მომავალ ურთიერთობებში.