ვრცელი ინტერვიუ პაატა გაფრინდაშვილთან

27 აპრილი, 2017

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დირექტორს, 2009-2013 წლებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ეუთო-ში და ყოფილ ელჩს ავსტრიის რესპუბლიკაში, პაატა გაფრინდაშვილს ესაუბრა.

– ბატონო პაატა, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა და კონსტიტუციის ახალი რედაქციის მხარდამჭერებმა და მოწინააღმდეგეებმა პრაქტიკულად ყველანაირი აზრი გამოთქვეს, ახლა ყველა მხარე იმედებს ვენეციის კომისიაზე ამყარებს. უკვე ვიცით, რომ ვენეციის კომისიას ჩვენი კონსტუტუციის ახალ რედაქციაზე პასუხი ივლისში ექნება. როგორც ჩანს, ვენეციის კომისიას თავისი პრეტენზიებით ოპოზიციაც მიმართავს. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაცია-”ვერდიქტი”?
– უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ აღნიშნულმა საკონსტიტუციო კომისიამ უმრავლესობის ნების არარსებობის გამო თავი ვერ ან არ გაართვა ყველაზე მთავარ ამოცანას, – კერძოდ იმას, რომ ქვეყნის უზენაეს კანონზე მუშაობა უნდა ეფუძნებოდეს ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს. ამგვარი მიდგომა ყველა დემოკრატიული ქვეყნის ფუნქციონირების ერთ-ერთი ქვაკუთხედია, რასაც კიდევ უფრო მეტი დატვირთვა ენიჭება ისეთი მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
რაც შეეხება საკუთრივ პროექტს, მიუხედავად რიგი დადებითი მომენტებისა, მაგალითად, ჩანაწერი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ და სხვა, ქვეყანაში დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუტების, მრავალპარტიული პლურალისტული პოლიტიკური სისტემის განვითარების თვალსაზრისით ის უკან გადადგმული ნაბიჯია. კერძოდ, ეს შეეხება საპარლამენტო მანდატების განაწილების წესს, საარჩევნო ბლოკების გაუქმებას, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის წესის გაუქმებას – ეს ყველაფერი სხვა ცალსახად უარყოფით მოვლენებთან ერთად ხელს ერთპარტიულ მმართველობას უწყობს ხელს, ადამიანის უფლებათა სფეროში რიგ უკან გადაგმულ ნაბიჯებს, სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის რისკების ზრდას და სხვა.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში უნდა გამოქვეყნდეს, ველოდები, რომ ის კრიტიკული იქნება რიგი საკითხების მიმართ. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გაითვალისწინებს ამ მოსალოდნელ შენიშვნებს ხელისუფლება, ხელისუფლების პოზიციით, ისინი ვენეციის კომისიის სამართლებრივი შენიშვნების გაზიარებას აპირებენ, თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ უკეთეს შემთხვევაში საქმე მხოლოდ ვიწრო სამართლებრივ ინტერპრეტეციებზე შეიძლება დავიდეს და შესაბამისი შენიშვნების სულისკვეთება, რაც საქართველოში მეტი დემოკრატიისაკენ იქნება მიმართული, არ იქნას გაზიარებული.


– მმართველმა გუნდმა კონსტიტუციის ახალი რედაქციის რეგიონებში განხილვა დაანონსა. ხელისუფლება პრეზიდენტ მარგველაშვილს კონსტიტუციის ახალ რეადქციასთან დაკავშირებით პარალელური პროცესების წარმართვაში ადანაშაულებს. მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის პროექტის ახალი რედაქცია მზად იქნება, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება აღმოჩნდეს პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან ან ოპოზიციური პარტიების მხრიდან პარალელურ რეჟიმში მოქმედების სცენარი და რა გავლენას იქონიებს იგი შიდა პოლიტიკაზე და ახალი კონსტიტუციის ბედზე?


– ის, რომ უმრავლესობა პრეზიდენტ მარგველაშვილს წლებია მუდმივად რაღაცებში ადანაშაულებს და გამუდმებით საყვედურობს, ძირითადად იმის გამოძახილია, რომ ყოფილ პრემიერ ივანიშვილს არ უნდა ის პრეზიდენტად. როგორც მან ადრე შენიშნა, მას მართლა პრეზიდენტი ხომ არ ჰგონია თავი? შესაბამისად, ეს დადანაშაულებები და საყვედურები, რეალური შინაარსისგან დაცლილია ხოლმე და მათი ხარისხის ამპლიტუდა უმრავლესობის სხვადასხვა წარმომადგენლების მოცემულ მომენტში აზროვნების სისხარტის პირდაპირპრორციულია.
დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების წყარო ხალხია. დღეს საქართველოში პრეზიდენტი ხალხის მიერ პირდაპირი წესითაა არჩეული და მას არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობა აქვს სხვადასხვა ფორმებით ცდილობდეს და ახერხებდეს ხალხთან კომუნიკაციას, როგორც საკუთარი აზრების და გეგმების ხალხისთვის გაცნობას, ასევე მათი აზრისა და პოზიციის გაგებას და შემდეგ მათი ინტერესების ცხოვრებაში გატარებას.
რაც შეეხება პარალელურ პროცესს, საქმე ვერანაირ პარალელურ პროცესთან არ გვაქვს და ვერ გვექნება, ვინაიდან პრეზიდენტის კამპანიის არსი – „კონსტიტუცია ყველასია“ ჯერ ხალხის აზრის გაგებას ემსახურება და შემდეგ კონსტიტუციის გადასინჯვას და არა ჯერ მის დაწერას და შემდეგ მისი, ამ დროისათვის დაბალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტისათვის სახალხო ლეგიტიმაციის მცდელობას.
ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დასუსტებულები არიან და პრეზიდენტს, რომელიც უმრავლესობის მხრიდან მუდმივი ზეწოლისა და დისკრედიტაციის ქვეშაა, სამწუხაროდ, ძალიან გაუჭირდებათ საკონსტიტუციო პროცესების სადავეების ხელში აღება. თუმცა, დიდი შრომის, ვენეციის კომისიის დასკვნისა და ხალხთან გაცილებით უფრო ეფექტური ურთიერთობების, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის და კარგად ორგანიზებული ნაბიჯების ერთობლიობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება შიდა პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღება და კონსტიტუციაში ხალხის რეალური ინტერესებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების რეალური ბერკეტების გათვალისწინება.

და ბოლოს, ერთ რიტორიკულ კითხვას ჩემი მხრიდანაც დავსვამდი – ხალხი მხოლოდ მაშინაა ბრძენი და მართალი, როცა ხელისუფლებაში მოვყავართ, თუ სხვა დროსაც შეგვიძლია დავეკითხოთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, იქნება ეს პარლამენტის საარჩევნო სისტემა, თუ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევისა თუ არ არჩევის, მხოლოდ საპარლამენტო მოდელზე გადასვლის საკითხები და სხვა?
თუ ხელისუფლებას მეტი დემოკრატია უნდა და ხალხის სახელით საუბრის პრეტენზია აქვს, მაშინ სხვადასხვა ხელოვნურ მიზეზებს კი არ უნდა იშველიებდეს თუ რატომ არ უნდა იმართებოდეს პლებისციტები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, არამედ თვითონ უნდა იყოს ხოლმე აღნიშნულის ინიციატორი.
– საქართველომ 2017-2020 წლების თავდაცვის სტრატეგიული დოკუმენტი მიიღო. მასში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან მზარდი მილიტარიზაცია ზრდის სამხედრო აგრესიის განახლების რისკს, კრემლი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს „რბილი ძალის“ ელემენტების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, პრორუსული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერება და მოახდინოს დასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსის დისკრედიტაცია. მეტიც, მასში ხაზგასმითაა ნათქვამი – ”რუსეთის ფედერაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით განაგრძობს მცდელობას საქართველოს შეუზღუდოს როგორც საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართული საერთაშოროსო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები”. როგორ შეაფასებდით თავდაცვის სტრატეგიულ დოკუმენტს?
– რაც შეეხება თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს, მთლიანობაში, მისი კონკრეტული ავტორების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის მის წინა ვერსიას სჯობია და მას აქვს ძლიერი მხარეები, განსაკუთრებით მისი ანალიტიკური ნაწილი.
თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით მის გეგმურ ანუ იმ ნაწილზე, სადაც საუბარია როგორ და რა ნაბიჯებით, რა ფინანსური რესურსებით უნდა იქნას მიღწეული დასახული მიზნები და ამოცანები.

შესაბამისად, ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის ეს ნაწილი გარკვეულწილად კარგი სურვილების ერთობლიობაა, რომელთა განხორციელების გზები ამ ეტაპზე არ ჩანს. ამჯერად მაინც მხოლოდ ამ ზოგადი კომენტარით შემოვიფარგლები, ვინაიდან ეს დოკუმენტი და თავდაცვის და მთლიანად უსაფრთხოების სისტემაზე მსჯელობა უფრო ვრცელი და დეტალური განხილვის თემაა.
– თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია ჩვენი ხელისუფლების ქმედებები იმ საფრთხეების წინააღმდეგ პრევენციული ზომების მისაღებად, რაზეც 2017-2020 წლების თავდაცვის სტრატეგიული დოკუმენტშია საუბარი? ვთქვათ იგივე რუსული ”რბილი ძალის” წინააღმდეგ…
– ერთი მხრივ მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყო რუსული და ანტი-დასავლური პროპაგანდის საფრთხედ აღიარება. თავდაცვის სტრატეგიული დოკუმენტის გამოქვეყნებამდე, მთავრობამ აღნიშნული საფრთხე სულ რამდენიმე კვირის წინ პოლიტიკურ დონეზე პრობლემად აღიარა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის დამტკიცებულ სტრატეგიაში 2017-2020 წლებისთვის. ამავე დოკუმენტში საუბარია „საქართველოს მოსახლეობაზე ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის პრევენციისა და შემცირების აუცილებლობაზე“.
აქვე უნდა ითქვას, რომ მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყანაში რუსული ოკუპაცია გრძელდება, ვდგავართ ანექსიის გაზრდილი საფრთხის წინაშე და მრავალი წელია, რაც რუსეთი ამგვარ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა, რაც მართებულად აისახა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში, ჩვენ მხოლოდ ამ პრობლემის აღიარების ეტაპზე ვიმყოფებით. ბუნებრივია, კრემლის მხრიდან მომდინარე საფრთხის მასშტაბებისა და სიძლიერის გათვალისწინებით, მხოლოდ პოლიტიკურ დოკუმენტებში პრობლემის აღიარება არაა საკმარისი. თუმცა, როგორც ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და იმედია რეალური პროცესის დაწყებასთან გვექნება საქმე.


ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის და ეფექტური პრევენციული მექანიზმების შემუშავების მიზნით საჭიროა მთავრობის ერთიანი ხედვისა და სამოქმედო გეგმის შექმნა, რომელიც გაანალიზებს რუსული „რბილი ძალის“ საფრთხეებს; გამოააშკარავებს პროპაგანდის მოქმედებას, მის გზავნილებს, მიზნობრივ ჯგუფებს, გავლენებს; გაანალიზებს ყველა უკვე არსებულ თუ პოტენციურ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ უსაფრთხოების სისუსტეებსა და რისკებს, რომლებიც საქართველოს გააჩნია კრემლის პროპაგანდის მიმართ; შეისწავლის საერთაშორისო პრაქტიკას და დასახავს ანტი-დასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ კონკრეტულ საპასუხო გზებს.

– ”ყაზტრანსგაზმა” საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა და 180 მილიონ დოლარს ითხოვს. ოპოზიციის ლიდერთა მტიკებით, დაჯარიმება არ მოხდება, ყაზახები და ქართველები მორიგდებიან და ამას წარმატებად გაასაღებენ, თბილისის გაზის სისტემის მართვაში ყაზახები დაბრუნდებიან და მას მალევე გაყიდიან. მყიდველი კი ”გაზპრომი” ან რომელიმე რუსული კომპანია იქნება. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ”ყაზსტრანსგაზი” ”გაზპრომმა” ან მისმა რომელიმე შვილობილმა კომპანიამ ჩაანაცვლოს?
– ასეთ განვითარებას ნამდვილად არ გამოვრიცხავ, ვინაიდან არა მარტო რუსული სახელმწიფოს ამ ექსპანსიონისტური იარაღის აქტიურობასთან გვექნება მარტო საქმე ამ შემთხვევაში, არამედ ჩვენი მხრიდანაც იქნება სურვილი ფართოდ გავუღოთ კარი ”გაზპრომს” საქართველოში.
– გასაგები მიზეზების გამო საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები კვლავ აქტუალურ განხილვად თემად რჩება. ჩვენში პროევროპულად განწყობილი საზოგადოების ნაწილი მაკრონს გულშემატკივრობდა, პრორუსულად განწყობილი ნაწილი კი – ლე პენს. ევროკავშირის ერთიანობისთვის მაკრონი სასურველი კანდიდატი იყო, მაგრამ მაკრონის წინასაარჩევნო პროგრამაში შეგვიძლია წავიკითხოთ – “ბალკანეთისა და საჭიროების შემთხვევაში ფინეთისა და შვედეთის გარდა, საფრანგეთი მხარს არ დაუჭერს ნატო-ს ახალ გაფართოებას”. იმავდროულად, მაკრონი მომხრეა რუსეთს გაუგძელდეს ეკონომიკური სანქციები, არ აღიარებს ყირიმის ანექსიას. კონსპიროლოგიის თეორიების მიმართ მიდრეკილიება მაქვს, მაგრამ თუ დავუჯერებთ ფრანგული მედიის მტკიცებას, მაკრონი როტშილდების კრეატურაა. რა გამოდის, ნატოს არგაფართოების საკითხი და ამ საკითხზე საქართველოს პრობლემები როტშილდების გეგმის ნაწილია?
– საფრანგეთის არჩევნების საბოლოო შედეგებს, რომელიც 7 მაისს დაგეგმილი მე-2 ტურის შედეგად გახდება ცნობილია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მომავლისათვის. სწორედ ამიტომაც ის მართებულად შეფასდა ისტორიულ არჩევნებად.
”სახალხო ფრონტის” ლიდერი მარი ლე პენი, მოკლედ რომ ვთქვათ, იმ თავისუფლებების წინააღმდეგია, რაზედაც ევროკავშირი დგას. ამიტომაც მისი გამარჯვება დიდი საფრთხეა ერთიანი ევროპისა და მისი მომავლისათვის. მისი გაცხადებული სურვილია საფრანგეთი ევროკავშირიდან და ევროს ზონიდან გამოიყვანოს, შემოიღოს პროტექციონისტური სავაჭრო ბარიერები, დახუროს საზღვრები იმიგრაციისათვის და სხვა.
ამას გარდა, ის საერთაშორისო სამართლისა და ჩამოყალიბებული საერთაშორისო სისტემის რღვევის ხარჯზე პუტინთან დაახლოების მომხრეა – აქედან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყნებზე რუსეთის უფლებებისა და გავლენის სფეროების აღიარებით. და აქ მხოლოდ უკრაინას და საქართველოს არ ვგულისხმობ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ლე პენის გამარჯვებას უდავოდ ექნება ძლიერი გადამდები ეფექტი ევროპის ბევრ ქვეყანაში ნაციონალისტური ძალების როგორც გაძლიერებაზე, ასევე მათ ხელისფლებაში მოსვლაზეც კი. აქვე უნდა ითქვას, რომ ლე პენსა და მის პოლიტიკურ ძალას უკვე აქვს გავლენა პოლიტიკურ დღის წესრიგზე როგორც საფრანგეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
პროევროპელმა ემანუელ მაკრონმა, რომელსაც ამჟამინდელი პრეზიდენტის ოლანდის სოციალისტურ მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა, საკუთარი მოძრაობა ერთი წლის წინ დაარსა. სხვათა შორის, მისი ცენტრისტული პარტია უკვე ითვლის იმაზე მეტ წევრს, ვიდრე ძირძველი სოციალისტური პარტია და როგორც იტყვიან, თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია. მან მოიგო პირველი ტური და ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ არა მარტო საფრანგეთის პრეზიდენტი გახდეს, არამედ ერთიანი ლიბერალური ევროპის და ევროკავშირის გადამრჩენის მანტიაც მოირგოს.
ის ძლიერი საფრანგეთ-გერმანიის, ევროკავშირისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომხრეა. მისი გამარჯვების შემთხვევაში, რაც დიდი ალბათობითაა მოსალოდნელი (თუმცა, სიურპრიზები არასდროს არაა გამორიცხული და სერიოზული ”პოლიტიკური ცხოველის” მარი ლე პენის ჩამოწერა ნამდვილად არ შეიძლება), ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტების პროგნოზებით, მის პოლიტიკურ ძალას შეიძლება შეურთდნენ პოლიტიკოსები როგორც მარცხნიდან, ასევე მარჯვნიდან და რომ მას შანსი შეიძლება ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებშიც ჰქონდეს.
ემანუელ მაკრონი რამდენიმე წლის განმავლობაში ნამდვილად მუშაობდა საფრანგეთის ერთ-ერთ ძლიერ ბანკში Rothschild & Cie Banque საკმაოდ მაღალანაზღაურებად ბანკირად, თუმცა ლე პენისგან განსხვავებით, მას პუტინის ფულით ნამდვილად არ უსარგებლია.
ნატოში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის სხვა ეროვნული ინტერესების დაცვის (რუსული ოკუპაცია და ანექსიის საფრთხის განეიტრალება და სხვა) თვალსაზრისით, მე ვისურვებდი, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკვე დაწყებული ჰქონოდა მუშაობა პრეზიდენტობის კანდიდატ მაკრონთან. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ნათლად განვუმარტოთ ჩვენ ნატოელ პარტნიორებს, რომ ნატოს მხრიდან აღებული ვალდებულება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, უნდა შესრულდეს უფრო ადრე, ვიდრე გვიან… ამ ეტაპზე კი აუცილებელია, საქართველომ ალიანსიდან გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიიღოს.

 


ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა – ნუთუ მართლა გვჯერა, რომ მსოფლიო კიდევ უფრო საშიში გახდებოდა, თუკი საქართველო NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მიიღებდა? სიმართლე ასეთია: რუსეთი ცდილობს „საშინაო არასტაბილურობის და პრობლემების კომპენსირებას საგარეო არენაზე აგრესიით“. პუტინი და კრემლი კვლავაც გააგრძელებს დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და შესაბამისად, გააგრძელებს დასავლური დემოკრატიისა და საქართველოში დემოკრატიული მმართველობისთვის ძირის გამოთხრას, არა იმიტომ, რომ საქართველო მიიღებს MAP-ს, არამედ იმის გამო, რომ დასავლური დემოკრატიები და პოლიტიკური მოდელები რუსეთში არსებული მმართველობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენენ.
აქედან გამომდინარე, საქართველომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს პარიზში, ვაშინგტონში, ბერლინში და ევროპის სხვა დედაქალაქებში, რათა მათ თვალი გაუსწორონ სიმართლეს და ადეკვატური ნაბიჯები გადადგან.
დავსვათ კიდევ ერთი შეკითხვა – თუკი საქართველო მიიღებს MAP-ს, კიდევ რისი გაკეთება შეუძლია რუსეთს საფრანგეთისთვის, აშშ-ისთვის, გერმანიისთვის და სხვ. იმის გათვალისწინებით, რასაც ის უკვე აკეთებს – ომს გამოუცხადებს დასავლეთს? ის ხომ უკვე ებრძვის და ხანდახან იმარჯვებს კიდეც დასავლეთის ფუნდამენტური ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგალითად სირიაში და უკრაინაში?
საქართველოს ხელისუფლება მუდმივად უნდა ახდენდეს აქტიურ კომუნიკაციას მის დასავლელ პარტნიორებთან და ნათლად განუმარტავდეს, რომ საქართველო დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა: რომ საქართველო წარმოადგენს ევროპასა და აზიას შორის უმოკლეს სატრანსპორტო კორიდორს, რომლის საშუალებითაც გაზი და ნავთობი მიეწოდება დასავლეთს აღმოსავლეთიდან; რომ საქართველო არის დემოკრატიულობისა და სტაბილურობის კუნძული უკრაინასა და იემენს შორის გადაჭიმულ არასტაბილურობის რკალში; რომ სულ რამდენიმე საათია საჭირო, რომ საქართველოდან ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერ წერტილში გაფრინდე; რომ რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ყველაზე წარმატებულია სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში და ამ მხრივ დასავლეთიდან მიღებულმა ინვესტიციებმა და მხარდაჭერამ დიდწილად გაამართლა; რომ დასავლეთისთვის საქართველოს მნიშვნელობა წლების განმავლობაში იზრდებოდა და ასე გაგრძელდება მომავალშიც; და რომ NATO-ს სჭირდება საქართველო და მისთვის MAP-ის მინიჭება ალიანსის წევრი სახელმწიფოებისთვის მხოლოდ პასუხისმგებლობის კი არა, ასევე მათი რეპუტაციის საკითხიცაა.
გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების მოთხოვნისას, რაც ჩვენ დავიმსახურეთ, ჩვენს პარტნიორებს მკაფიოდ უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ გვესმის, რომ სამოქმედო გეგმა ალიანსის წევრობის გარანტი არ არის და არც სამომავლო წევრობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ნატოს წევრების მხრიდან ვალდებულების აღებას წარმოადგენს. NATO-ს სამოქმედო გეგმა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, რადგან ეს ინსტრუმენტი არ გულისხმობს ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედებას და რომ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება არის ის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ამჟამად NATO-ს შეუძლია.
და ბოლოს, საქართველომ, რომელიც უკვე წლებია იქცევა ისე როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა, უნდა დაარწმუნოს ალიანსის წევრი სახელმწიფოები, რომ MAP-ის მიღებამდე და მის შედეგაც ის კვლავინდებურად განაგრძობს მდგრადობის, პასუხისმგებლობისა და საიმედოობის დემონსტრირებას.
– უკანასკნელი ცნობებით, რუსეთი სირიაში სახმელეთო ჯარების შეყვანას გეგმავს. იმის ფონზე, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არა მარტო სირიის საკითხში პოზიციების თანხვედრა მიღწეული არაა, თუ რუსეთმა სირიაში თავისი სახმელეთო ძალები მართლაც შეიყვანა, თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს კრემლის ეს ნაბიჯი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და სავარაუდოდ, მომხდარი როგორ აისახება სამხრეთ კავკასიასა და საქართველოზე?
– იმის გარდა, რომ რუსეთი ბაშარ ალ-ასადის დამნაშავე რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რუსეთმა თვითონ ჩაიდინა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები სირიაში, გაახანგრძლივა იქ ომი, რომელიც უკვე ხუთი წელია გრძელდება და მან რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენებით და შედეგად მივიღეთ ლტოლვილთა უზარმაზარი მრავალმილიონიანი ტალღა, რომელმაც, თავის მხრივ, მიგრაციული კრიზისი გამოიწვია ევროპაში.
რუსეთს სირიაში უკვე გააჩნია სამხედრო ბაზები საკმაო შეიარაღებით, მათ შორის თანამედროვე ანტი-საჰაერო სარაკეტო სისტემებითა და პერსონალით (რამდენიმე ათასი) ლატაკიასა და ტარტუსში.
განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის სამხედრო მხარდაჭერამ არა მხოლოდ გადაარჩინა ასადი და მისი რეჟიმი, არამედ, უნდა ვთქვათ, რომ ამ მოცემულ ეტაპზე სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში მისი გამარჯვების მეტ-ნაკლებად მყარი პირობები შექმნა. რუსეთი დამატებითი სამხედრო ძალების და პერსონალის შეყვანის შემთხვევაში (ჯერ უცნობია, თუ რამდენად რეალურად განხორციელდება) ამ ეტაპზე ასადის გამარჯვებას კიდევ გაამყარებს. თუმცა, რა იქნება უფრო გრძელვადიან პერსპეტივაში, ვნახოთ.
აპრილის დასაწყისში ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას იდლიბის პროვინციაში, რამაც სამოქალაქო, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების მსხვერპლი გამოიწვია, აშშ-ს სარაკეტო შეტევა მოჰყვა, რის შედეგად სირიის ავიაციამ სერიოზული დარტყმა განიცადა. იმავდროულად, ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის სირიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პოზიციის მკვეთრი ცვლილება, რომლის მიხედვითაც სირიის მომავალში ასადს როლი და ადგილი არ უნდა ჰქონდეს და რუსეთი კი უბრალოდ მტერია, რომელსაც, ჯერ ასე არ ეძახიან. აშშ-ს ასეთ მოქმედებას უკვე მოჰყვა აშშ-ს ევროპელ მოკავშირეებში ახალი ენერგიის გაჩენაც.


რუსეთის გამარჯვებას სირიაში ნამდვილად არ ექნება დადებითი გავლენა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოზე, ვინაიდან სირიის ფრონტზე წარმატება საქართველოში და უკრაინაში (ამ ქვეყნებში, სირიის მსგავსად, რუსეთს არაერთი სამხედრო ბაზა აქვს განლაგებული) განხორციელებულ აგრესიებთან ერთად რუსეთის სახელმწიფოს დღევანდელი მოდელის არსებობის ერთ-ერთი უმთავრესი მკვებავი წყაროა. რუსეთში, სადაც პუტინის და მისი, ამ ეტაპზე ერთგული მაიორების ავტორიტარული რეჟიმია დამყარებული და სწორედ ავტორიტარიზმის ინსტიტუციაა ყველაზე მყარი ინსტიტუტი, სხვა სტრატეგიულ ზრახვებთან ერთად, საგარეო ასპარეზზე აგრესიები საშინაო არასტაბილურობის და პრობლემების შეკავების მთავარ მექანიზმად რჩება.
დრო გვიჩვენებს, შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის იმპერიის მორიგი რღვევის კატალიზატორი უფრო სირია იქნება თუ უკრაინა. თუმცა ამ ეტაპზე მოცემულობა უფრო არასახარბიელოა.
– ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 2016 წელს ოფიციალურად განაცხადა რუსეთის მიმართ შეკავების პოლიტიკის გატარების შესახებ და იმაზე, რომ ნატო პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში 4 საერთაშორისო ბატალიონს განათავსებს და შავ ზღვაში მუდმივმოქმედ ფლოტილიას შექმნის, მაგრამ 25 აპრილს ესტონეთის ავიაბაზა ”ემარიში” ახალი ამერიკული F-35A ბომბდამშენების გამოჩენა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. CNN – ის ცნობით, ამავე ტიპის ბომბდამშენების ნაწილი ასევე რუმინეთში განთავსდება. იმის გათვალისწინებით, რომ ბალტიის ქვეყნებზე რუსული აგრესიის საფრთხე თითქოს აღარ არსებობს, თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ამერიკული ბომბდამშენების ესტონეთში გამოჩენა?
– თეთრ სახლში 12 აპრილს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მან ადრე ნატოს მოძველებული უწოდა. თუმცა, მისი განცხადებით, ნატო არ არის მოძველებული ორგანიზაცია. ტრამპის პოზიციით, ნატო არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი დასაყრდენი და ამასთან, ნატოსთვის, რომელმაც კომუნიზმი დაამარცხა და ცივი ომისგან დატყვევებული ერები გაათავისფლა, ალიანსის წევრების საერთო უსაფრთხოება ნომერ პირველ ამოცანად რჩება. იქვე აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მან ხელი მოაწერა ნატოს 29-ე წევრის მონტენეგროს ალიანსში შესვლის პროტოკოლს.
ნატო ვარშავის 2016 წლის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ”ცივი ომის” დასრულების შემდეგ კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი გაძლიერების იმპლემენტაციის პროცესშია ევროპის კონტინენტზე. აღნიშნულის ნაწილია სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში ოთხი საბრძოლო ქვედანაყოფის შეყვანა. ამასთან, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე ათასიანი ამერიკული ქვედანაყოფები განლაგდა ევროპაში, მათ შორის, რუმინეთში. ესტონეთში ამერიკული უახლესი გამანადგურებლების გამოჩენაც ერთი მხრივ, ამ პოლიტიკის – კოლექტიური თავდაცვის, საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის დემონსტრირებაა და მეორე მხრივ, სტრატეგიული გზავნილია რუსეთისთვის.

 


რაც შეეხება არსებობს თუ არა რუსული აგრესიის საფრთხე, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნების წინაააღმდეგ, სანამ რუსეთი, განსაკუთრებით მმართველობის ამ ფორმით იარსებებს, ეს საფრთხეც მუდმივად იქნება – უბრალოდ ის ხან გაიზრდება და ხან შედარებით შემცირდება. ამჟამად ამ საფრთხის არსებობა აღიარებულია როგორც ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მთავრობების მიერ, ასევე ნატოს ალიანსის მიერაც.
– აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ტილერსონის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ პოლიტიკას გაატარებს აშშ უკრაინის მიმართ?
– პრეზიდენტმა ტრამპმა მდივან ტილერსონის მოსკოვში ვიზიტს წარმატებული უწოდა. თუმცა, იქვე დაამატა, რომ შედეგი შეიძლება ძალიან დიდი ხნის შემდეგ დადგესო. იქვე მან განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით აშშ-რუსეთის ურთიერთობები ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და შეიძლება არც არაფერი გამოვიდესო ურთიერთობების დალაგების მცდელობიდან.
შესაბამისად, აშშ-ს უკრაინულ პოლიტიკაში რამე ცვლილებას, ვგულისხმობ უკრაინის საწინააღმდეგოდ და რუსეთის სასარგებლოდ პოზიციის შეცვლას, არ უნდა ველოდოთ. უფრო მეტიც, არაა გამორიცხული, რომ რეალურად დადგეს დღის წესრიგში უკრაინისათვის აშშ-ს მიერ საბრძოლო შეიარაღების გადაცემის საკითხი.

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/interviu/429566-paata-gafrindashvili-thavdacvis-strategiuli-mimokhilvis-dokumenti-tsina-versiaze-ukethesia-thumca-masshi-gansazghuli-araa-ra-nabijebith-ra-finansebith-unda-iqnas-mightseuli-miznebi-da-amocanebi.html