logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ კამპანია იწყება

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2015/10/og-ge.jpg
01 ოქტომბერი, 2015
 0

პირველ ოქტომბერს, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ერთობლივ საინფორმაციო კამპანიას იწყებენ, რომელიც მხარდამჭერთა შემოწირულობებით დაფინანსდება.

ტაბულა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS), Georgian Review, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ფონდი ALPE, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ფორმულა კრეატივი, თავისუფლების ინსტიტუტი, Altervision Group, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS) — ეს ორგანიზაციები კრემლის პროპაგანდასთან გასამკლავებლად ერთიანდებიან.

საქართველოში რუსული ნარატივის მხარდაჭერა იზრდება - ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების იდეას მოსახლეობის 31% იწონებს. იმ ადამიანების წილი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური მისწრაფება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სანაცვლოდ უნდა დათმოს, 19%-დან 26%-მდეა გაზრდილი მხოლოდ 6 თვის განმავლობაში. გაზრდილია პრორუსული და რეაქციული პოლიტიკოსების მხარდაჭერა - მაღალია იმის ალბათობა, რომ ეს ძალები 2016 წლის არჩევნებზე ბარიერს გადალახავენ. მოსკოვი მზადაა, განუსაზღვრელი რესურსი დახარჯოს საკუთარი "სიმართლის" თავსმოსახვევად. "დაიცავი თავისუფლება" აპირებს ყველა რეგიონში ჩასვლასა და დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული კრემლის პროპაგანდისთვის ფაქტების დაპირისპირებას. პლატფორმის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ამისთვის საჭირო იქნება:

— იმ მითების გაფანტვა, თითქოს დასავლეთი ქართულ იდენტობას და ტრადიციებს ასუსტებს.

— იმის ილუსტრირება, თუ რა ხელშესახები შედეგი ექნება ევროინტეგრაციას ქართული საზოგადოებისთვის.

— პრაქტიკული და ტექნიკური რჩევები, როგორ ისარგებლონ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და როგორ აისახება ეს მათ ყოველდღიურობაზე.

— მოსახლეობასთან შეხვედრების ინტენსიური გაშუქება ტაბულას ეთერში.

კამპანიის ფარგლებში გაიმართება საჯარო დებატები, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები. კამპანიის — დაიცავი თავისუფლება — ფარგლებში, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს თითოეულ რეგიონში შედგება ორ-სამდღიანი ვიზიტი. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა შეხვდეს და გაესაუბროს საზოგადოების გამოჩენილ წარმომადგენლებს, მათთან განიხილოს ის პრობლემები, რასაც ყოველდღიურად აწყდება, მოისმინოს ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტები საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის სასარგებლოდ და გაიაზროს, რა გავლენა ექნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მათ ცხოვრებაზე — ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური მიმართულებით.