logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

რატომ სჭირდება საქართველოს საელჩოები დასავლეთ ბალკანეთში

http://grass.org.ge/wp-content/uploads/2018/02/13428647_550701885101245_3536400328175569881_n.jpg
14 თებერვალი, 2018
 0

2025 წელს ევროკავშირის კარი დასავლეთ ბალკანეთის რამდენიმე სახელმწიფოსთვის გაიხსნება. ახალი სტრატეგიით, რომელიც სტრასბურგში 6 თებერვალს მიიღეს, ამ კუთხით ყველაზე მეტი შანსი სერბეთსა და მონტენეგროს აქვთ. ამ ფონზე ექსპერტთა ნაწილი დასავლეთ ბალკანეთთან საქართველოს მეტად დაახლოების საჭიროებაზე საუბრობს. “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ხელმძღვანელი პაატა გაფრინდაშვილი კი, რომელსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, მიიჩნევს, რომ ურთიერთობების გასაღრმავებლად ადგილზე დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნაა საჭირო, პირველ ეტაპზე -ბელგრადში. 

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს დიპლომატიური უწყებების გახსნა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, რას მოუტანს ეს ქვეყანას?

მარტივი ჭეშმარიტებაა, რაც მეტი კონტაქტი გაქვს პარტნიორ ქვეყანასთან და მისგან ღირებულ გამოცდილებას სწავლობ, უკეთესია. როცა ვსაუბრობთ ბალკანეთის ქვეყნებზე, გარდა იმისა, რომ ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს და უნდა ვცდილობდეთ მათ გაღრმავებას, აღსანიშნავია მათი მნიშვნელობა ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით. ევროკავშირის ახალი სტრატეგიის (პროექტის ) მიხედვით, 2025 წლისთვის იგეგმება სერბეთისა და მონტენეგროს მიღება გაერთიანებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირთან ურთიერთობის სრულიად ახალ ეტაპზე გადადიან. ბუნებრივია, მათთან ურთიერთობებს დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა უკეთესს გახდიდა.

დასავლეთ ბალკანეთის EU-ს არაწერვრი ქვეყნები. საქართველოს ამ ქვეყნებში საელჩოები არ აქვს და ამ ტერიტორიას სხვა ქვეყნებში (საბერძნეთი, უნგრეთი, თურქეთი) გახსნილი დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ფარავს. საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს © DW

გარდა ამისა, როცა საქმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და არაღიარების პოლიტიკის წინსვლას ეხება, აქაც მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ ამ ქვეყნებთან.  გვახსოვს, რომ არაღიარებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ვიზიტით იმყოფებოდა რამდენიმე ქვეყანაში. შესაბამისად, დიპლომატიური წარმომადგენლობები ამ კუთხითაც გააღრმავებდა თანამშრომლობას.

როგორ გამოადგება ქვეყანას დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოთა გამოცდილება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე? რამდენად მნიშვნელოვანია მათი მიღწევები ამ კუთხით?

გარდა იმისა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უახლოვდებიან ევროკავშირში წევრობას, არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც. ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გარეშე, ინტეგრაცია შეუძლებელია.  ამ ქვეყნების გამოცდილების შესწავლა მნიშნელოვანია. ასევე უნდა ითქვას, რომ როცა ქვეყანა კანდიდატის სტატუსით სარგებლობს, მას პროგრამის შემუშავება ევალება, რომელიც საკუთარ კანონმდებლობას ევროკავშირთან შესაბამისობაში მოიყვანს. ამ ქვეყნებს ეს გამოცდილება უკვე გააჩნიათ და რამდენიმე წელია, ამას აკეთებენ. სერბეთმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდეც კი დაიწყო ეს საქმიანობა, რათა, ერთი მხრივ, დაეჩქარებინა ევროკავშირთან ინტეგრაცია და მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით უწყებათაშორისი კოორდინაცია და რეფორმების ხარისხი აემაღლებინა. გამოცდილება და სასწავლი ბევრია. მართალია, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქოლგის ქვეშ განიხილება, მაგრამ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ იძლევა გარანტიას, რომ ქვეყანა [საქართველო] ოდესმე ევროკავშირის წევრი გახდება. შესაბამისად, საჭიროა დამატებითი ფორმატები და დამატებითი ინსტრუმენტები.

პაატა გაფრინდაშვილი. ფოტო: GRASS

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ოფიციალური ვიზიტებითა და სხვა გზებით არ მიიღწევა? რა საჭიროა მაინცდამაინც დიპლომატიური უწყებების გახსნა, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს?

საელჩო ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ბუნებრივია, მაღალი დონის ვიზიტები ხორციელდებოდა და ხორციელდება. ბუნებრივია, მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კომუნიკაცია. თუმცა ეს ყველაფერი ერთმანეთის შემავსებელი კომპონენტებია. ურთიერთობების დამატებითი გაღრმავებისთვის ადგილზე დიპლომატიური უწყებების გახსნა კიდევ ერთი კომპონენტი იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცალმხრივი ვალდებულება აიღო, დაიწყოს მუშაობა ევროკავშირში გაწევრების სამოქმედო გეგმაზე, რასაც სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის “საქართველოს რეფორმების ასოციაცია”, დიდი ხანია მხარს უჭერს. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა საკმაოდ ადრე მიიღეს ე.წ.  ევროპული პერსპექტივა, რაც საქართველოს არ აქვს.  საქართველო ევროპულ ქვეყნად ევროკავშირის მიერ აღიარებულია, თუმცა ეს ტერმინი [ევროპული პერსპექტივა], რომელიც უკვე გაუტოლდა ევროკავშირში გაწევრების დაპირებას, საქართველოს არ გააჩნია. სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სადაც გამოცდილების გაზიარებაა საჭირო.

ტაქტიკურად, დასავლეთ ბალკანეთის რომელ სახელმწიფოზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება თავდაპირველად [საელჩოს გახსნის თვალსაზრისით]?

მიზანშეწონილი იქნებოდა, რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო მოგვეცვა, თუმცა, ვინაიდან საუბარია ევროკავშირში უპირველესად სერბეთისა და მონტენეგროს გაწევრების რეალურ პერსპექტივაზე, პრიორიტეტებიც შესაბამისად უნდა გადანაწილდეს. უფრო კონკრეტულად, კარგი იქნებოდა, დაგვეწყო სერბეთიდან, რომელიც უდიდესი დასავლეთ ბალკანური ქვეყანაა.

როგორც დასავლეთ ბალკანეთის მაგალითზე გამოჩნდა, ევროკავშირი გაფართოების პოლიტიკას განაგრძობს. აქვს ამ ფაქტს რაიმე არსებითი მნიშვნელობა საქართველოსთვის?

ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, ვინაიდან 1-2 წლის წინ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება იყო. ეს არ იყო რიტორიკული გამონათქვამები, ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, ერთგვარ პოლიტიკადაც ჩამოყალიბდა. ამით გამოირჩეოდა ევროკომისიის პრეზიდენტი იუნკერიც, რომელიც სკეპტიციზმის ერთგვარი ლოკომიტივი იყო, რომ ევროკავშირის გაფართოება კიდევ დიდხანს არ მოხდებოდა და ა.შ. ეს გამოწვეული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზით, შიდა კრიზისული განვითარებებით: საიმიგრაციო კრიზისი, “ბრექსიტთან” დაკავშირებული კრიზისი, ევროსკეპტიციზმის გაზრდილი ტალღა, ულტრამემარჯვენეთა პოლიტიკის განმტკიცება და ა.შ. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ  ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა დამუხრუჭდა. თუმცა  2017 წელს აღინიშნა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა მათთვის, ვინც ამას იმსახურებს. სწორედ ამ პოლიტიკის გამოვლინება იყო ის, რომ ბალკანეთზე საუბარი გააქტიურდა. ესაა ფანჯარა, რომელიც არ უნდა დავკარგოთ და შესაბამისი რეფორმებით, დემოკრატიის განმტკიცებითა და ევროკავშირთან შესაბამისი თანამშრომლობის გაღრმავებით მივდიოთ.

 

წყარო