logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

„რუსთავი 2“-თან დაკავშირებული ერთობლივი განცხადებით არასამთავრობოები დიპკორპუსს მიმართავენ

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2015/11/12342479_479719595532808_1863281913066109737_n.jpg
17 ოქტომბერი, 2015
 0

არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 15 ორგანიზაცია დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით არსებული პრობლემების შესახებ საკითხი ხელისუფლების წინაშე დააყენოს.

„არასამთავრობო ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სახელით, რათა გამოვხატოთ განსაკუთრებული შეშფოთება უკანასკნელ პერიოდში მედიის თავისუფლების კუთხით განვითარებული საგანგაშო მოვლენებისა და დამოუკიდებელ კომერციულ სატელევიზიო არხრუსთავი 2-ზე ხელისუფლების მხრიდან განუწყვეტელი შეტევებისა და ზეწოლის გამო.

2015 წლის 5 აგვისტოს და 2015 წლის 1 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომლითაც დააყადაღა რუსთავი 2-ისა და შპს „საქართველოს“ (რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანია) ყველა აქტივი. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა რუსთავი 2-ის ფინანსური მდგრადობა და შეუზღუდა პროგრამების შეძენის, სატელიტური და სხვა სახის მოსახურების მიღების და აღჭურვილობის, ტრანსპორტის თუ სხვა სახის ქონების გაქირავების შესაძლებლობა. რუსთავი 2-ს ასევე აეკრძალა რაიმე სახის ფინანსური ვალდებულების აღება, როგორიცაა საბანკო სესხები, სავაჭრო ოპერაციების განხორციელება და საბანკო გარანტიების ან სხვა სახის ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება, რამაც კომპანიის ფინანსურ ლიკვიდურობას უდიდესი პრობლემები შეუქმნა. მოსალოდნელია, რომ ეს ფინანსური შეზღუდვები ტვ-არხის ეფექტურ ფუნქციონირებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სასამართლო პროცესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში. არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, რომელიც განიხილავს ამ საქმეს, არ აკმაყოფილებს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნებს. 12 ოქტომბერს, ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა აწარმოებს სისხლის სამართლებრივ გამოძიებას მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ, რაც სერიოზულად ზრდის იმის ალბათობას, რომ იგი პოლიტიკურად ტენდენციურ გადაწყვეტილებას მიიღებს. რუსთავი 2 მუდმივ რეჟიმში უშედეგოდ ითხოვდა ამ მოსამართლის საქმიდან აცილებას. ჩვენ უკმაყოფილონი ვართ პროკურატურის მიერ გაკეთებული განმარტებით, რომელმაც დაადასტურა, რომ მოსამართლის დედას ოფიციალურად ბრალი 2015 წლის ოქტომბერში წაუყენეს, მაშინ, როდესაც ინციდენტი მოხდა და გამოძიება დაიწყო 2014 წლის იანვარში.

ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ, რომ რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული ჩანს. ამაზე რამდენიმე ელემენტი მიუთითებს. პირველ რიგში, არსებობს ყველანაირი საფუძველი, რათა ვიფიქროთ, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან საქართველოს კანონმდებლობა ამ დავის შემთხევაში ითვალისწინებს ხანდაზმულობას ერთი წლის ვადით და ამგვარი უთანხმოებების ფარგლებში წარმოშობილი ყველანაირი სარჩელი უნდა ჩაითვალოს ხანდაზმულად იძულების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ.

მეორეც, როდესაც მოსამართლე რუსთავი 2-ის ფინანსური სიცოცხლისუნარიანობის შემზღუდველ შუალედურ ღონისძიებებს მიმართავდა, მან ვერ შეძლო განემარტა, რატომ იყო ეს ღონისძიებები პროპორციული და საჭირო. გარდა ამისა, არ იქნა გათვალისწინებული საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც ძალიან მგრძნობიარე წინასაარჩევნო პერიოდში მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას მოიცავს.

რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს შეშფოთებას, არის ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის შევიწროვების ისტორია. ჯერ კიდევ 2012-13 წლებში, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ბევრჯერ განაცხადეს, რომ რუსთავი 2 უნდა დაუბრუნდეს მის „ნამდვილ მფლობელებს“. ამ განცხადებებს მოჰყვა რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას, აბსურდული ბრალდებების საფუძველზე დაკავება. საქმე ეხებოდა მის საქმიანობას იურიდიულ ფირმაში რუსთავი 2-ში სამუშაოდ გადასვლამდე (რაზეც მოგვიანებით იგი გამართლდა) და რუსთავი 2-ის შენობაში. ცალკე აღნიშვნის ღირსია არალეგალური სათვალთვალო აპარატურის დამონტაჟება (გამოძიებას ჯერ არანაირი შედეგი არ გამოუღია) რუსთავი 2-ის ხელმძღვანელების კაბინეტებში და დეპუტატების, მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და კოალიციის არაფორმალური ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არხის სარედაქციო პოლიტიკასა და დამოუკიდებლობაზე საჯარო შეტევები.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები რეგულარულად გამოთქვამდნენ ძლიერ შეშფოთებას ზემოხსენებული პროცესების გამო. ჩვენ გვჯერა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, აუცილებელია დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნება, რომელიც თითოეულ პოლიტიკურ პარტიას მისცემს ეთერზე წვდომას და გამოხატავს კრიტიკულ მოსაზრებას ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ. ეს მოვლენები განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოში გაუარესებული მედია-გარემოს ფონზე, რომლის შედეგად, ბოლო ხანს, ტელევიზია იმედზე, ტელევიზია მაესტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე პოლიტიკური თოქ-შოუ დაიხურა.

საქართველოში ბოლო დროს გაუარესებული მდგომარეობა დემოკრატიის კუთხით ხშირად მოექცა საერთაშორისო ინსტიტუტების კრიტიკის ქვეშ, რაც განპირობებული იყო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებით, პოლიტიკური ოპონენტების ციხეში მოთავსების მიზნით წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებით და ძლიერ პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს არსებობით. ჩვენ გვსურს განგაშის ზარის შემოკვრა მოცემულ საკითხებთან მიმართებით, რამდენადაც არ გვინდა მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიული პრაქტიკის გაუარესება აღმოჩნდეს ბარიერი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა და სტაბილური განვითარების გზაზე.

შესაბამისად, ამ მიმართვის ადრესატებს ვთხოვთ, დააყენონ ეს საკითხები საქართველოს ხელისუფლების წინაშე და მოითხოვოთ რუსთავი 2-ზე პოლიტიკურად მოტივირებული შეტევების შეჩერება. საქართველოს დემოკრატიულობისთვის აუცილებელია მედიის პლურალიზმის, პოლიტიკური მრავალფეროვნებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება, განსაკუთრებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისკენ მიმავალ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერები:

GRASS - საქართველოს რეფორმების ასოციაცია

TI - საერთაშორისო გამჭვირვალობა

TDI - ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

GDI - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

MDF - მედიის განვითარების ფონდი

GISS - საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი

მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი

სტრატეგიული კომუნიკაციისა და დემოკრატიის ცენტრი

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

იდენტობა

საფარი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

Voice from Georgia - ხმა საქართველოდან

ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი

CIDA - სამოქალაქო განვითარების სააგენტო

წყარო: http://news.ge/ge/news/story/156002-rustavi-2-tan-dakavshirebuli-ertoblivi-gantskhadebit-arasamtavroboebi-dipkorpuss-mimartaven