logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება თბილისში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/10/ngos.jpg
05 ოქტომბერი, 2016
 0

ჩვენ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ 2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, გივი თარგამაძის ავტომანქანა სამშაბათს საღამოს ორბელიანის მოედანთან ააფეთქეს. გივი თარგამაძისა და მისი მძღოლის გარდა სამწუხაროდ დაშავებულთა შორის არის ხუთი ადამიანი, რომელთაგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

აღნიშნული ქმედება მიმართულია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, არამედ მიზნად ისახავს ქართული დემოკრატიისა და სახელმწიფოებრივი საფუძვლების შერყევას.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისის ცენტრში მსგავსი ტიპის თავდასხმის მთავარი ამოცანა საყოველთაო არეულობისა და დაძაბულობის შემოტანაა.

ვინც არ უნდა იდგეს აღნიშნული ტერაქტის უკან, მისი შესაძლო სავალალო შედეგები და დესტაბილიზაცია ხელს აძლევს საქართველოს მტერს, კერძოდ რუსეთის ფედერაციას, რომელიც ოკუპაციის გარდა აწარმოებს მასშტაბურ ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ.

ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიიღოს ადეკვატური ზომები და გამოიყენოს ყველა მათ ხელთ არსებული საშუალება, რათა გამოძიება უმოკლეს დროში დასრულდეს და დამნაშავენი წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. აღნიშნული ტერაქტის ეფექტური და დროული გამოძიება უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია დაზარალებულთათვის. ის ასევე აუცილებელია სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებისა და დაცვისთვის, ვინაიდან ტერაქტის დროული და ეფექტური გამოძიება ხელს შეუწყობს საქართველოს წინაშე მდგარი სერიოზული რისკებისა და საფრთხეების მაქსიმალურად განეიტრალებას.

საქართველოს რეფორმების ასოციაცია ( GRASS )

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ( GDI )

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველო

მედიის განვითარების ფონდი ( MDF )

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ( OSGF )

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ( EPRC )