logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ განცხადება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე

no-to-phobia.jpg
03 თებერვალი, 2016
 0

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ გამოხატავს უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტისადმი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი მნიშნელოვნად შეზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში და კიდევ უფრო მეტად შეავიწროვებს რელიგიური უმცირესობების მდგომარეობას ქვეყანაში.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დაუჭირა მხარი, რომლის ძირითადი ფუნქციაც სწორედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, დემოკრატიული პრინციპების დაცვის ხელშეწყობა უნდა იყოს.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 1661 მუხლი, რომლის მიხედვითაც, პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია.

განმარტებითი ბარათიდან, ისევე, როგორც 2016 წლის 2 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში პირველი მოსმენის ფარგლებში გამართული დისკუსიიდან, ცალსახად იკვეთება, რომ კანონის მიღების მიზანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებული ჯანსაღი კრიტიკის აკრძალვა წარმოადგენს.

ამგვარად, შემოთავაზებული კანონპროექტი მნიშვნელოვანი საფრთხეების მატარებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში განსხვავებული აზრის არსებობისათვის, რაც საზოგადოების განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. იმთავითვე აშკარაა, რომ კანონის მიღება გამოიწვევს კრიტიკული აზრის ჩახშობას და არანაირად არ შეუწყობს ხელს საზოგადოებაში რელიგიურ მოტივებზე სიძულვილის გაღვივების შეჩერებას. იგი იქნება მორგებული მხოლოდ დომინანტი ჯგუფის ინტერესებზე და კიდევ უფრო გააუარესებს რელიგიური უმცირესობების მდგომარეობას სახელმწიფოში, ხოლო გამოხატვის თავისუფლება და საჯარო დებატები რელიგიურ თემებზე ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ უკანასკნელ წლებში უმცირესობების მიმართ მომხდარ არცერთ კონფლიქტსა თუ ძალადობას (ნიგვზიანი, სამთაწყარო, 17 მაისი და სხვა) არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება სახელმწიფოს მხრიადან და არ დამდგარა სამართალდამრღვევთა პასუხისმგებლობა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ინიციატივა პარლამენტში 2013 წელსაც დაფიქსირდა,რაც მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკაცრად უარყოფითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ კანონის მიღება „გამოხატვის თავისუფლებაზე თვითნებურ და გაუმართლებელ შინაარსობრივ შეზღუდვას დააწესებს და საფრთხეს შეუქმნის თავისუფალ საჯარო დებატებს საზოგადოებაში.“

კანონპროექტის მხარდამჭერები აპელირებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე და საერთო ევროპულ სტანდარტებზე, რომლებიც, მათი აზრით, გამოხატვის თავისუფლების ამ დოზით შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს რამდენიმე გარემოება:

კანონპროექტის ინიციატორთა მიერ ხსენებული ოტო პრემინგერის ინსტიტუტის საქმეზე გადაწყვეტილება ევროსასამართლომ 1994 წელს მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კვლავაც რჩება მნიშვნელოვან პრეცედენტად, მასში დამკვიდრებული სტანდარტების შეცვლისა და გადასინჯვისკენ მოწოდება დღითიდღე იზრდება. მათ შორის, საკუთრივ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამარლეთა მხრიდან[1]. ამასთან, სასამართლო ცალსახად ამბობს იმასაც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული სფერო მოიცავს „არა მხოლოდ იმ ინფორმაციას ან იდეებს, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მათ მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხყოფს, შოკისმომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს.“[2]

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიამ, თავის 2006 წლის ანგარიშში, ხაზი გაუსვა, რომ „შესაძლებელი უნდა იყოს რელიგიური იდეების კრიტიკა, მაშინაც კი, თუკი ასეთ კრიტიკას ზოგიერთი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად აღიქვამს.“ ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ „რელიგიურ პრინციპების ან რელიგიის წარმომადგენლების შეურაცხყოფა აუცილებლად არ გულისხმობს თავად ამ რელიგიის მიმდევართა შეურაცხყოფას“, ხოლო „დემოკრატიული საზოგადოებები არ უნდა გახდნენ რელიგიური მგრძნობელობის მძევლები და ძალადობრივი რეაქციები არ უნდა გახდეს გამოხატვის თავისუფლების უკან დახევის საფუძველი.“[3]

2007 წელს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამერბერგმა მოუწოდა სახელმწიფოებს, არ დააწესონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიის წინააღმდეგ არსებული კრიტიკული შენიშვნების გამო[4]. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კი ცალსახად აღნიშნა, რომ მკრეხელობისათვის პასუხისმგებლობის დაწესების დრო დასრულდა[5]; რელიგურ ჯგუფებს აქვთ ვალდებულება,ტოლერანტულები იყვნენ კრიტიკული საჯარო განცხადებებისა და დებატების მიმართ, რომლებიც მათ აქტივობებს, სწავლებასა და რწმენას ეხება[6].

გამოხატვის თავისუფლების ფართო გაგებას მხარს უჭერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც, რომელმაც ცალსახად განაცხადა: “დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კონსტიტუციით დაცულია კრიტიკული აზრი, მათ შორის, ისეთიც, რომელსაც საზოგადოების ნაწილი შეიძლება ზედმეტად მკაცრად ან არადეკვატურად აღიქვამდეს.“[7]

სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში განხილვის საგანი არა რელიგიური უმცირესობების მიმართ გახშირებულ თავდასხმებზე და რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებზე შესაბამისი რეაგირების გზების ძიება, არამედ საზოგადოების მხრიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჯანსაღი კრიტიკის გაუმართლებელი შეზღუდვა გახდა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი და ამით არ გახდეს ღია და თავისუფალი საჯარო დებატების ჩახშობის ხელშემწყობი, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI

მედიის განვითარების ფონდი MDF

საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS

იდენტობა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI

საფარი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED

საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო TI

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

_________

[1] I. A. v. Turkey Judgment of 13 September 2005, Application No. 42571/98, Joint DissentingOpinion of Judges Costa, Cabral Barreto and Jungwiert,§8 http://hudoc.echr.coe.intg?i=001-70113

[2] Handyside v. the United Kingdom judgment of 7 December 1976, Series A no. 24, p. 23, §49 http://hudoc.echr.coe.intg?i=001-57499

[3]ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიისათვის (ვენეციის კომისია), ანგარიში“გამოხატვის თავისუფლების და რელიგიის თავისუფლებას შორის ურთიერთობის შესახებ”, 17-18 ოქტომბერი 2008, §76, 77, 81 http://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-STD(2010)047-e

[4] ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამერბერგი 11/06/2007 https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=1116551&Site=COE

[5]ევროპული საბჭოს რეკომენდაცია 1805(2007) „მკრეხელობა, რელიგიური შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა ადამიანთა წინააღმდეგ მათი რელიგიის გამო“ §4 http://www.assembly.coe.int/nw/xml/XRef/Xref-XML2HTML-en.asp?fileid=17569&lang=en

[6] Ibid §5

[7]ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, 295; იხ ციტირება: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II.პ.106;