,,რატომ ევროპა? – ეთნიკური უმცირესობები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად”

დასრულებული

2014 წლის 23 ივნისიდან საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) დაიწყო პროექტის „რატომ ევროპა? – ეთნიკური უმცირესობები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად“ განხორციელება.

პროექტი მიმდინარეობს 2014 წლის 23 ივნისიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელშეწყობით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).

პრობლემის ანალიზი

2014 წლის ივნისში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივა უფრო აქტუალური თემა გახდა. საზოგადოება, ზოგადად დადებითად არის განწყობილი ევროინტეგრაციის მიმართ, თუმცა პარალელურად მოსახლეობაში ჩნდება ნეგატიური განწყობები ევრო-ატლანტიკურ პოლიტიკასთან მიმართებით. ამ პროცესების ფონზე დადგა საჭიროება მოსახლეობას მკაფიოდ განემარტოს ევროინტეგრაციის პროცესები, პოლიტიკა და ინსტრუმენტები. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც მოსახლეობას ნაკლებად მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული სარგებლისა და ვალდებულებების შესახებ.

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია მოხდეს ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის პოლიტიკის შესახებ, საქართველოს ორ რეგიონში: სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.

პროექტის სპეციფიური მიზნებია:

1) სამიზნე ჯგუფების (მასწავლებლები, ადგილობრივი ორგანიზაციები, საჯარო მოხელეები, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ადგილობრივი მას მედია, რელიგიური ჯგუფები და ექიმები) ცოდნის ამაღლება ევროკავშირი/ნატოს ინსტიტუტების, პოლიტიკის და საქართველო-ევროკავშირის/საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ;
2) ევროკავშირსა და ნატოს შესახებ არსებული მითების გაქარწყლება ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში;
3) უმცირესობების მმართველობის შესახებ ევროპული გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო სამართლის კუთხით;
4) საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატოს ურთიერთობების მიმოხილვა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების გაცნობა პოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით.

partners