საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში სოციალური მეცნიერებების სფეროში კვლევის ხელშეწყობის საშუალებების ანალიზი

დასრულებული

2014 წლის 1 იანვრიდან G-PAC-მა და საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) დაიწყეს პროექტის „საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში სოციალური მეცნიერებების სფეროში კვლევის ხელშეწყობის საშუალებების ანალიზის“ განხორციელება.

პრობლემის ანალიზი

საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები კვლავ იმყოფებიან გარდამავალ პერიოდში, რასაც ახასიათებს რომელიმე მიმართულების, კერძოდ, კი სოციალურ მეცნიერებების სფეროში კვლევის არასათანადო განვითარება, აკადემიური ჟურნალებისა და სამეცნიერო ნაშრომების მცირე რაოდენობა. შესაბამისად, აუცილებელია ხარისხიანი სოციალური კვლევის ხელშეწყობა გაზრდილ აკადემიურ მოთხოვნებთან შესაბამისად. მეორე მხრივ, კვლევის შედეგად მიღებული ცოდნის გამოყენება შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სეგმენტში ეფექტური გადაწყვეტილების მიღების დროს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისათვის.

კვლევის მიზანი 

კვლევის მთავარი მიზანია, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სოციალურ მეცნიერებათა სფეროში კვლევის სიმცირის გამომწვევი მიზეზების დადგენა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებისთვის, კვლევითი ინსტიტუტებისთვის, დონორი ორგანიზაციებისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტისთვის სტრატეგიული რეკომენდაციების შემუშავება კვლევის განვითარების ხელშეწყობის ალტერნატიული გზების შესახებ. 

პროექტის მოკლე აღწერა 

პროექტის ფარგლებში 7 მკვლევარი შეისწავლის სოციალურ მეცნიერებებში კვლევის არსებულ მდგომარეობას, შეაფასებს ბოლო 4 წლის განმავლობში მიღწეულ პროგრესს, მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებს; ამის შედეგად კი შეიმუშავებს რეკომენდაციებს შესაბამისი უწყებებისათვის. 

პროექტის ფარგლებში გამოკვლეული იქნება სოციალური მეცნიერებების შემდეგი მიმართულებები: სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა/ მასობრივი კომუნიკაციები, საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერებები. თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით (კითხვარები, ფოკუს ჯგუფები, სიღრმისეული ინტერვიუები) მკვლევარები შეისწავლიან საქართველოს 5 ქალაქში არსებულ 15 უნივერსიტეტს, უმაღლესი განათლების დაწესებულებებთან აფილირებულ კვლევით ცენტრებსა და სხვა კვლევით ინსტიტუტებს, 7 დონორ ორგანიზაციას, კვლევის განვითარების სტრატეგიებს სახელმწიფო უწყებებში. გარდა ამისა, სპეციალისტები გამოიკვლევენ კვლევის მეთოდების სასწავლო სილაბუსებს. ასევე, გაკეთდება შედარებითი ანალიზი 2009 წელს კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის (ASCN) მიერ ჩატარებულ კვლევასთან “საქართველოში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სფეროში კვლევის შესაძლებლობების შეფასება”. პროექტის ძირითადი პროდუქტი იქნება ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც ასახავს სოციალურ მეცნიერების სფეროში კვლევის ახლანდელ მდგომარეობას და მიაწოდებს კვლევის ხელშეწყობისთვის საჭირო რეკომენდაციებს დაინტერესებულ მხარეებს. კვლევის შედეგების გაცნობა მოხდება პროექტის სამიზნე ჯგუფებთან.