რამდენიმე მოსაზრება თსუ-ს რეფორმირებასთან დაკავშირებით

01 აპრილი, 2016
ბოლო თვეებია ყურადღებით ვადევნებ თვალს თსუ-ში მიმდინარე პროცესებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დროის დიდი ნაწილი დღეს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო სკოლას (სადაც სახელმწიფო სკოლის დეკანი ვარ) და GRASS-ს (სადაც დირექტორი ვარ) ხმარდება, თსუ ჩემდა სამწუხაროდ, მაინც ძვირფასია ჩემთვის. ჩემი აზრით, ის სიტუაცია, რაც ახლა თსუ-შია შექმნილი შეიძლება მეტად ავის მომასწავებელი იყოს. რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ ეს კრიზისი შესაძლებლობა იქნება და სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. თუმცა, სამწუხაროდ, ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ.

შესაბამისად, აქ ვწერ ჩემს რამდენიმე მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის შესაცვლელი თსუ-ში და როგორ, სიტუაცია რომ ცოტათი მაინც გაუმჯობესდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან კონტროლის საკითხზე:
1. სუს-მა უნდა გამოაქვეყნოს/გაასაჯაროოს ნებისმიერი კორესპონდენცია რომელიც ეხებოდა თსუ-ს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.
2. ამ ინფორმაციის გასაჯაროების, ასევე ზოგადად უნივერსიტეტში სუს-ის საქმიანობის შესწავლის მიზნით უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი/საპარლამენტო კომისია. მასში ასევე უნდა მონაწილეობდეს “აუდიტორია 115-ის” წარმომადგენელი.
3. ე.წ. “ოდეერების” საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სასწრაფო შეკრება და ინფორმაციის გამოთხოვა შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურიდან და თსუ-სთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციისთვის გრიფი “საიდუმლოს” მოხსნა.
4. იმ ადამიანებს, რომლებიც კავშირში იყვნენ სუს-თან, მანამდე კი კუდ-თან უნდა აეკრძალოთ თსუ-ში ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება მინიმუმ 10 წლით.
მენეჯმენტის სისტემის რეფორმის საკითხზე:
1. უნდა მოხდეს უნივერსიტეტის მენეჯმენტის ძირეული რეფორმა. კერძოდ, უნივერსიტეტის მთავარი ერთეული უნდა გახდეს ფაკულტეტი. ეს ნიშნავს:
a. ფაკულტეტებმა უნდა დაიტოვონ საკუთარი შემოსავლების არანაკლებ 60-70 % (საორიენტაციო პროცენტული მაჩვენებელი). შესაბამისად, ადმინისტრაციის ხარჯები უნდა იყოს არაუმეტეს ფაკულტეტებისგან შესული თანხების 30-40%-სა. ამგვარად, ავიცილებთ იმ პრობლემას, რომ დღეს ფაკულტეტები ადმინისტრაციას უტოვებენ შემოსავლის 50 %-ს, ადმინისტრაცია კი ხშირად პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად ბიუროკატიული წინაღობების შექმნით არის დაკავებული.
b. ფაკულტეტები უნდა შეთანხმდნენ ერთმანეთში არარენტაბელური ფაკულტეტების და ფაკულტეტების შიგნით მიმართულებების დაფინანსების სტრუქტურაზე და ვადებზე არარენტაბელური ფაკულტეტების და მიმართულებების მიერ კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარმოდგენის და წარმატებით შესრულების სანაცვლოდ. ამგვარად, ავიცილებთ ისეთ სიტუაციას, როდესაც, ნამდვილად სუბსიდირების საჭიროების მქონე მიმართულებების პარალელურად, ასევე ხდება არამომგებიანი არაპრიორიტეტული მიმართულებების და პროგრამების სუბსიდირება.
c. ყველა პროგრამას აუცილებლად თან უნდა სდევდეს ფინანსური დასაბუთება.
d. უნდა მოხდეს ფაკულტეტების მენეჯმენტის სისტემის პროფესიონალიზაცია. ამისთვის აუცილებლად შესაცვლელია კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, რომლის მიხედვით, მხოლოდ ფაკულტეტის შიგნიდან პროფესორი შეიძლება გახდეს დეკანი. მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ წამყვან უნივერსიტეტებში დეკანების კონკურსი ყოველთვის გახსნილია და მასში მენეჯმენტის თვისებების მიხედვით ხდება შერჩევა.
e. ფაკულტეტებს უნდა მიეცეთ საკუთარი ბიუჯეტის ხარჯვის და განკარვის უფლება, უნდა ჰქონდეთ საკუთარი საბანკო ანგარიში და შეეძლოთ საკუთარი საშტატო განრიგის, სახელფასო სისტემის, კვლევითი მიმართულების, საერთაშორისო ურთიერთობების, მარკეტინგის მიმართულებების და ა.შ. შექმნა და განვითარება. ამისათვის, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებებიც. უნივერსიტეტის დღევანდელი სსიპ-ის სტატუსი შეუძლებელს ხდის ამგვარ დეცენტრალიზაციას.
f. ფაკულტეტებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი კორპუსები და აუდიტორიები, რომლებიც იქნება მათთვის წინასწარ განსაზღვრული და რომლის სასწავლო პროცესში გამოყენება მათ დამოუკიდებლად შეეძლებათ. ფაკულტეტებს უნდა შეეძლოთ თავად მოიზიდონ დამატებითი დაფინანსება სარემონტო თუ სხვა სამუშაოებისთვის.
g. ფაკულტეტს უნდა მართავდეს ფაკულტეტის საბჭო და დეკანი (ამ თანმიმდევრობით და პრიორიტეტულობით), რომელიც იქნება არჩეული მთლიანად ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის და ფაკულტეტის სტუდენტების მიერ.
2. აკადემიური საბჭო არ უნდა ერეოდეს ფაკულტეტების მიერ წარმოებულ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცესის განმსაზღვრელი უნდა იყოს ფაკულტეტის საბჭო, რომელიც შედგება ფაკულტეტის დეპარტამენტების პროპორციული წარმომადგენლებისგან.
3. აკადემიური საბჭო, შესაბამისად, აღარ უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიღების მთავარი ცენტრი უნივერსიტეტში.
4. ფაკულტეტის საბჭოების და აკადემიური საბჭოს ჩატარების პერიოდულობა უნდა იყოს – “კვირაში ერთხელ”. დღეისათვის აკადემიური საბჭო ორ კვირაში ერთხელ, ფაკულტეტის საბჭო კი თვეში ერთხელ იკრიბება.
5. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს და ფაკულტეტის საბჭოს შორის უნდა იყოს მკვეთრად გამიჯნული ფუნქციები. სასწავლო პროცესის წარმმართველი უნდა იყოს ფაკულტეტის საბჭო. აკადემიურ საბჭოს უნდა ჰქონდეს ისეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლება, რომელიც ეხება მთლიანად უნივერსიტეტს და არ ეხება ფაკულტეტების კომპეტენციას.
6. ფაკულტეტის საბჭო უნდა იყოს მუდმივმოქმედი მობილური წარმონაქმნი, რომელიც იღებს მთავარ გადაწყვეტილებებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. ფაკულტეტის საბჭოში არ უნდა მონაწილეობდეს 15 – 20 ადამიანზე მეტი, რათა არ შეიქმნას უმოქმედო და ბიუროკრატიული ორგანო, როგორიც ის დღეს არის ბევრ ფაკულტეტზე.
7. ფაკულტეტის საბჭოში მონაწილეობა უნდა იყოს როტაციული და ინკლუზიური, რათა დროის მოკლე მონაკვეთში ფაკულტეტზე მყოფი პროფესურის დიდმა ნაწილმა შეძლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.
8. ფაკულტეტის საბჭოს გარდა, უნდა შეიქმნას ფაკულტეტის სენატი, რომელშიც გაწევრიანებული იქნება ფაკულტეტის მთლიანი აკადემიური პერსონალი, მოწვეული ლექტორების ნაწილი და სტუდენტების წარმომადგენლობა.
9. ფაკულტეტის საბჭოში მონაწილე წევრებისთვის სავალდებულო და, სასურველია, ანაზღაურებადი იყოს ფაკულტეტის საბჭოში მონაწილეობა.
10. უნივერსიტეტში უნდა შემოღებული იქნას ელექტრონული დოკუმენტბრუნვა. ამის გაკეთება შეძლება ძალიან მარტივად – მაგალითად, რომელიმე სამინისტროსგან პროგრამის ყიდვით.

აკადემიური პერსონალის ანაზღაურების სისტემის საკითხზე
1. უნდა მოხდეს აკადემიური პერსონალის ანაზღაურების სისტემის ძირეული ცვლილება. დღეს არსებული სისტემა არის დისკრიმინაციული – პროფესორს აქვს უფლება უფრო ნაკლები საათები წაიკითხოს, ვიდრე ასოცირებულ პროფესორს, რომელიც, თავის მხრივ, უფრო მეტ საათს კითხულობს, ვიდრე ასისტენტ პროფესორი. შესაბამისად, დღეს არსებული სისტემით უნივერსიტეტი ეფუძნება “იაფ მუშახელს” – ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც კვირაში 8 საათის სანაცვლოდ თვეში დაახლოებით 800-1000 ლარის ანაზღაურებას იღებენ და მოწვეულ ლექტორებს, რომელთა საათობრივი ანაზღაურება საშუალოდ საათში 15 ლარია (სემესტრში ერთი საგნის წაკითხვის შემთხვევაში, საშუალო მოწვეულ ლექტორს თვიური ანაზღაურება გამოუდის 120-150 ლარი). ეს სისტემა უნდა ფუნდამენტურად ტრანსფორმირდეს. გადასადგმელია შემდეგი ნაბიჯები:
a. საათობრივი დატვირთვა ყველა ტიპის პროფესორისთვის უნდა გახდეს თანაბარი (საშუალოდ 6-8 საათი კვირაში ყოველ სემესტრში); განსხვავება უნდა იყოს საათობრივ ანაზღაურებაში. ზეგანაკვეთური დატვირთვა უნდა ანაზღაურდეს.
b. თსუ-ს კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, უარი უნდა ეთქვას იმ დისკრიმინაციულ პრაქტიკას, რომლის მიხედვით დღეს აკადემიური პერსონალის “ა” კატეგორიის (სრული) ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი სხვაგან არ მუშაობს. შესაბამისად, შეუძლებელია ისეთი კარგი ასისტენტ პროფესორის მოძებნა, რომელიც 16 საათის თსუ-ში ლექციის სანაცვლოდ დაეთანხმება 1500 ლარიან ხელფასს. ამგვარი მიდგომით თსუ ვერასოდეს გახდება კონკურენტუნარიანი.
c. მოწვეული ლექტორების ხელფასი უნდა გაიზარდოს ისე, რომ თითქმის გაუტოლდეს დღეს ასისტენტ პროფესორის ხელფასს. ეს საშუალებას მისცემს უნივერსიტეტს, რომ მოიწვიოს საუკეთესო კადრები, რომლებიც დღეს სხვა უნივერსიტეტების მიერ მოიწვევა, ან რომლებიც დღეს პრაქტიკოსები არიან.
d. ფაკულტეტების ყველა მიმართულებას უნდა გამოეყოს დამოუკიდებელი ბიუჯეტი უცხოეთიდან მუდმივად მინიმუმ ერთი პროფესორის მოსაწვევად ყოველ სემესტრში.

სტუდენტური თვითმმართველობის საკითხზე
1. უნდა მოხდეს თვითმმართველობის სისტემის ფუნდამენტური გარდაქმნა, კერძოდ:
a. თვითმმართველობას არ უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური უფლება იყოს წარმოდგენილი ფაკულტეტის საბჭოებში და სენატში.
b. უნდა შეიქმნას სტუდენტური კლუბები, რომელთა შექმნა იქნება რეგლამენტირებული, მაგრამ რომლებსაც ექნებათ საშუალება კონკურენტულ პირობებში მიმართონ ფაკულტეტის ადმინისტრაციას სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად.
c. თვითმმართველობის და სხვადასხვა სტუდენტურ კლუბებთან ერთად ასევე ინდივიდუალურ საინიციატივო ჯგუფებსაც უნდა მიეცეთ საშუალება, რომ განახორციელონ პროექტები, რომლებიც მიზნად დაისახავს სტუდენტების ჩართულობის გაზრდას უნივერსიტეტის საქმიანობაში და სტუდენტებში სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას.

d. თვითმმართველობაში არ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ისეთი სტუდენტები, რომლებიც იღებენ ბაკალავრიატის, ან მაგისტრატურის დამატებით სემესტრებს, ასევე არ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი დოქტორანტები, თუ ისინი მაგისტრობის, ან ბაკალავრობის დროს ასევე იყვნენ თვითმმართველობაში. ამგვარად, თავიდან ავიცილებთ ისეთ სიტუაციას, როდესაც თვითმმართველობაში გვყავს ბაკალავრიატის ოთხი წლის, ან/და მაგისტრატურის ორი წლის გასვლის შემდეგ “დარჩენილი” სტუდენტები, რომლებიც მხოლოდ იმისთვის რჩებიან უნივერსიტეტში, რომ თვითმმართველობაში იყონ.
უნივერსიტეტისთვის კომერციული საქმიანობის საკითხზე

1. უნივერსიტეტს უნდა გააჩნდეს საშუალება აწარმოოს კომერციული საქმიანობა თავისი შემოსავლების გაზრდის მიზნით. ამ მიზნით აუცილებელია სსიპ-ის სტატუსის შეცვლა სხვა სტატუსზე. საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება, რადგან არც ააიპ და არც სსიპ სტატუსები უნივერსიტეტს არ აძლევს ამ ტიპის საქმიანობის განხორციელების უფლებას. შესაძებელია მოდელად აღებული იყოს თურქული გამოცდილება. კერძოდ, ბევრი თურქული უნივერსიტეტი არის მნიშვნელოვანი კორპორაციის დამფუძნებელი და დღეს დაფინანსების ნაწილს ამ კომერციული შემოსავლებით იღებენ.

2. ამ მიზნით, საჭიროა, რომ უნივერსიტეტში შეიქმნას სპეციალური ბორდი/კომისია, რომელიც წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობის განვითარების გეგმას და პასუხისმგებელი იქნება მის შესრულებაზე.

რექტორის არჩევნების საკითხზე
1. თუ მოხდება ფაკულტეტების დონეზე მენეჯმენტის დეცენტრალიზაცია, მაშინ რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეიძლება იყონ უფრო წარმომადგენლობითი პროცესის შედეგად შერჩეული, ვიდრე ეს დღესაა
2. კერძოდ, რექტორი შეიძლება არჩეული იყოს 4 წლის ვადით უნივერსიტეტის მთელი აკადემიური პერსონალის მიერ. ეს 4-წლიანი ვადა აღარ უნდა იყოს გაგრძელებადი.
3. რექტორს უნდა გააჩნდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი და ძირითადად უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ფუნქცია.

აკადემიური საბჭოს არჩევის საკითხზე
1. დღევანდელი კანონის მიხედვით უმაღლესი განათლების შესახებ აკადემიურ საბჭოში უნდა მონაწილეობას იღებდნენ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებიც 2016 წლის 1 ივლისიდან. ეს ნიშნავს, რომ თსუ-ს აკადემიური საბჭო გახდება დისფუნქციური, თუ მასში შევა 30-40 ადამიანზე მეტი.

2. შესაბამისად, კანონში უნდა გაკეთდეს ჩანაწერი, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები (არა ყველა ინსტიტუტის) უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, ოღონდ მათ უნდა ჰქონდეთ აკადემიური საბჭოში არაუმეტეს ¼-სა.
3. თსუ-მ თავად უნდა გადაწყვიტოს ინსტიტუტების წარმომადგენლების კვოტის განსაზღვრის წესი აკადემიურ საბჭოში.
4. სასურველია რომ ფორმულა იყოს: სულ: 20 წევრი: მათ შორის, 1 რექტორი, 2-წევრი შვიდივე ფაკულტეტიდან, 5 წარმომადგენელი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიდან.

5. უნდა შეიცვალოს თსუ-ს წესდების მუხლი (მუხლი 7.6.დ), რომლის მიხედვით აკადემიური საბჭოს წევრობისთვის აუცილებელია, რომ წევრი არ იყოს დაკავებული სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ მოხდეს უნივერსიტეტის მენეჯმენტისგან იმ კვალიფიცირებული, განსაკუთრებით ახალგაზრდა კადრების გარიყვა, რომლებიც ასევე დაკავებული არიან სხვა უნივერსიტეტებში, ძირითადად, შემოსავლის გაზრდის მიზნით.

პ.ს. მოხარული ვიქნები, თუ ამ იდეებს გაიზიარებს ნებისმიერი მხარე, მაგალითად, რექტორობის კანდიდატები, სტუდენტები, საინიციატივო ჯგუფები, განათლების სამინისტრო და ასე შემდეგ. თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ, ციტირების და ჩემი ხსენების გარეშე. ეს მხოლოდ ჩემი კერძო იდეებია, რომლებიც თსუ-ში გატარებული ათწლიანი “მწარე გამოცდილების” და “ტკბილი მოგონებების” შედეგია. სერგი კაპანაძე,
საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი