logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” მიმართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და გენერალურ დირექტორს

no-to-phobia.jpg
24 იანვარი, 2017
 0
გვსურს შეშფოთება გამოვხატოთ იმ ფაქტის გამო, რომ 2017 წლის 17 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერი, არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნულ ერთობას" დაეთმო, რომელიც საკუთარ თავს იტალიური "ნაციონალ-სოციალიზმის” პოლიტ-ეკონომიკურ იდეოლოგიის მიმდევრად აცხადებს.
ორგანიზაციის მიზნების პრეზენტაციისას გადაცემაში „ბრიფინგის დრო" რასისტული, ქსენოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები გაკეთდა. საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის" წარმომადგენელმა გიორგი ჭელიძემ, ორგანიზაცია "იტალიური ნაციონალ-სოციალიზმის” პოლიტ-ეკონომიკურ იდეოლოგიის მიმდევრად წარმოადგინა და განაცხადა, რომ „სამი ეროვნული საუნჯე - მამული, ენა, სარწმუნოება შერწყმული არის პოლიტიკურ იდეოლოგიასთან - რასა, ერი, სახელმწიფო." ამავე ორგანიზაციის წევრმა თემურ ვერულიძემ კი განცხადა, რომ მოძრაობა „ შემგუებელი იქნება ყველა ეთნიკურად განსხვავებული საქართველოს მოქალაქის ტრადიციული, მენტალური, თუ რელიგიური მსოფლმხედველობისადმი იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეურაცხყოფენ მენტალურ ქართულ მსოფლმხედველობას."
აღნიშნული განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან. კერძოდ, 31-ე მუხლის მიხედვით, „მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე."
არხის მიერ ასევე დარღვეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსიც, რომლის პრეამბულა შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: საზოგადობრივი ფასეულობები - "პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ისეთი საკითხების გაშუქებას, რომლებიც საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის შეიძლება საზიანო ან შეურაცხმყოფელი იყოს"; თანასწორობა - "არ დავუშვათ ადამიანთა დისკრიმინაცია რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, გენდერული თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით".
მართალია, გადაცემის "ბრიფინგის დრო” ფორმატი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში, პოლიტიკური პარტიების ბრიფინგების ჩაწერასა და მონტაჟის გარეშე ეთერში განთავსებას ითვალისწინებს, თუმცა ვთვლით, რომ დაუშვებელია საზოგადოებრივი არხის ეთერი ნაცისტური იდეოლოგიის ორგანიზაციებს დაეთმოთ. მოგმართავთ, რათა შეიმუშაოთ შიდა რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ ფორმატში მაუწყებელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსების ანტიდისკრიმინაციული დებულებების დაცვას და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას. მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქმედითი ღონისძიებები გადადგას, რათა მისი ეთერი საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების და რასისტული ჯგუფების პლატფორმად არ იქცეს.
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველო (BBSAG)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საფარი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია ( GRASS )
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
თანასწორობის მოძრაობა