logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესაძლო ანექსიას საგანგებო განცხადებით ეხმაურება და ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2014/10/470_0720-georgia-borders_58982b8f613921.jpg
31 ოქტომბერი, 2014
 0

საქართველოს რეფორმების ასოციაცია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესაძლო ანექსიას საგანგებო განცხადებით ეხმაურება და ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს. განცხადების ტექსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სერგი კაპანაძემ და ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გააცნეს.

რუსეთის მხრიდან აფხაზეთის მიმართ შეთავაზებული ე.წ. “ხელშეკრულება” წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის შელახვის ახალ ეტაპს. აღნიშნული ხელშეკრულებით რუსეთი საკუთარი გეოპოლიტიკური ზრახვების რეალიზაციისთვის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიას ახორციელებს. ეს სრულიად ახალი ეტაპია რუსეთის და საქართველოს ურთიერთობებში, რასაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ყურადღება და ახალი ანტი-ანექსიურისტრატეგია ესაჭიროება.

რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია ასევე მიზნად ისახავს:

  • საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლას;
  • საქართველოს ევრაზიული ინტეგრაციის პროცესებში ჩართვას;
  • აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან ნდობის აღდგენის ღონისძიებების მაქსიმალურად გართულებას;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უკიდურესად გართულებას.

აღნიშნული ხელშეკრულების “შეთავაზება” სოხუმისთვის ანექსიური პროცესის ერთ-ერთი და არა ერთადერთი შემადგენელი ნაწილია. ანალოგიური პროცესი ასევე მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონთან მიმართებაშიც და თუ ამ პროცესს ხელი დროულად არ შეეშლება, მოსალოდნელია ორივე ოკუპირებული ტერიტორიის სრულად და ფორმალურად რუსეთის ფედერაციის სუბიექტებად ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა, ეს ხელშეკრულება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მყისიერ, კოორდინირებულ და ეფექტიან რეაგირებას მოითხოვს, თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ქვეყანას ახალი, უფრო ფართო და გრძელვადიანი ანტი-ანექსიური სტრატეგია ესაჭიროება.

2008 წლიდან დღემდე საქართველო ატარებდა საკმაოდ წარმატებულ არ-აღიარების პოლიტიკას და ახორციელებდა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის დიპლომატიურ სტრატეგიას. ამ სტრატეგიის შედეგად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა ოკუპაციად შეფასებული აქვს თითქმის ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზიციას და პარტნიორს. არ-აღიარების წარმატებული პოლიტიკის შედეგად კი რუსეთმა მხოლოდ ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს მიმხრობა მოახერხა, ხოლო ტუვალუს და ვანუატუს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელახლად იქნა აღიარებული.

რუსეთის მხრიდან ოკუპაციიდან ანექსიის ეტაპზე გადასვლა საქართველოს მხრიდან თვისობრივად ახალი ანტი-ანექსიური სტრატეგიის ჩამოყალიბებას მოითხოვს. ანტი-ანექსიური სტრატეგია, ჩვენი აზრით, შემდეგი ელემენტებისგან უნდა შედგებოდეს:

  • რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში საქმის აღძვრისთვის პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლის მომზადება;
  • თანმიმდევრული, კოორდინირებული და აქტიური დიპლომატიური და პოლიტიკური ქმედებები პარტნიორების მოსამზადებლად ანექსიის შემთხვევაში რუსეთზე საერთაშორისო სანქციების დაწესების მიზნით;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მრავალმხრივი სამართლებრივი, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და სხვა ბერკეტების რეგულარულად ამოქმედება;
  • მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგსავაჭრო და სხვა სახის ბერკეტებისა და ინსტრუმენტების ამუშავება, რისთვისაც, პირველ რიგში, აუცილებელია რუსეთს და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ამოქმედება, რომელიც დღემდე არაა იმპლემენტირებული, მათ შორის, საქართველოს მთავრობის პასიურობის გამო;
  • რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირება;
  • საქართველოს უსაფრთხოების სისტემის, თავდაცვის სტრატეგიის და სტრატეგიული დოკუმენტების გადახედვა ანექსიიდან მომდინარე ახალი საფრთხეების გათვალისწინებით;
  • საერთაშორისო აზრის ფორმირების მიზნით საერთაშორისო პრესასთან აქტიური მუშაობა;
  • ანექსიიდან გამომდინარე ახალი საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ტერმინოლოგიის დანერგვა;
  • სოხუმის და ცხინვალის მოსახლეობის მიმართ ახალი, რეალისტური და ქმედითი ინიციატივების ჩამოყალიბება, მათ შორის, სადაც შესაძლებელია სტატუს-ნეიტრალური მიდგომის გამოყენებით.

ბუნებრივია, ამ ქმედებების გატარების დროს რუსეთის ფედერაციასთან დღეს არსებული ურთიერთობები ვერ შენარჩუნდება. მიგვაჩნია, რომ მთავრობა, ახალი საფრთხეებიდან გამომდინარე, მზად უნდა იყოს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები განსხვავებული სტრატეგიით აწარმოოს.

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ შეიმუშავა ანტი-ანექსიური სტრატეგიის სამუშაო კონცეფცია, რომელიც შეთავაზებული იქნება მთავრობისთვის და ის უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. საქართველოს რეფორმების ასოციაცია მზადაა ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან საქართველოს მიერ ანტი-ანექსიური სტრატეგიის შემუშავების და მისი განხორციელების მიზნით.

სტატიის ბმული