საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგი

 

საქართველოევროკავშირს სავიზო დიალოგი

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა

  1. ზოგადი სტრუქტურა

 

  • ზოგადი ინფორმაცია

ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ემყარება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (PCA), რომელიც ძალაში შევიდა 1999 წლის 1 ივლისს.საქართველო-ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით (ENP), რომელიც 2006 წლის 14 ნოემბერს იქნა მიღებული, განისაზღვრა თანამშრომლობის ურთიერთშეთანხმებული პოლიტიკური პრიორიტეტები. გეგმის ის ნაწილი, რომელიც ეხება სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებს (JFS), ქმნის ამ სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ზოგად ჩარჩოს/სტრუქტურას. აღნიშნული პრიორიტეტების მონიტორინგი რეგულარულად ხორციელდება, განსაკუთრებით სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირ-საქართველოს ქვეკომიტეტის შეხვედრების ფარგლებში.

2009 წლის 30 ნოემბერს, საფუძველი ჩაეყარა საქართველოსა და ევროკავშირს შორის „პარტნიორობას მობილურობისათვის“, ევროკავშირის 16 წევრი სახელმწიფოს მონაწილეობით. პარტნიორობის მიზანს წარმოადგენს მხარეთა შორის თანამშრომლობის განმტკიცებაშემდეგი მიმართულებებით: ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, განვითარებაში მიგრაციის წვლილის მაქსიმიზაცია, არალეგალური იმიგრაციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა, თავშესაფრის პოლიტიკა და საერთაშორისო დაცვა.

უსაფრთხო და გამართულ გარემოში მოქალაქეთა მობილურობის გაზრდის მნიშვნელობა ხაზგასმულ იქნა საბჭოს 2010 წლის 25 ოქტომბრის დასკვნაში„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ.

სამომავლო უვიზო მიმოსვლის მიმართულებით გადადგმულ ეტაპობრივ ნაბიჯს წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებები, რომლებიც ძალაში 2011 წლის 1 მარტს შევიდა. 2006 წლის 1 ივნისიდან  ევროკავშირის მოქალაქეებისათვის საქართველოში მგზავრობისას უვიზო რეჟიმი მოქმედებს.

მობილურობის გაზრდის თაობაზე აღებული ვალდებულებადადასტურებულ იქნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვარშავის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში (2011 წლის 29-30 სექტემბერი), სადაც პოზიტიურად შეფასდა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებების იმპლემენტაცია და აღინიშნა, რომ ამ შეთანხმებების ეფექტიანი განხორციელება წარმოადგენს პირველ ნაბიჯს„უვიზო მიმოსვლის მიმართულებით,რომელიცთითოეულ ქვეყანასთან დამყარდება გამართული და უსაფრთხო მობილურობისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ორ-ფაზიანი სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში“.

საბჭოს 2012 წლის 31 მაისის დასკვნაში პოზიტიურად შეფასდა კომისიის ინიციატივა, საქართველოსთან სავიზო დიალოგის დაწყებისა და მის თითოეულ საფეხურთან საბჭოსა და წევრი სახელმწიფოების მჭიდრო დაკავშირებისშესახებ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, 2012 წლის 3 მაისს, საქართველომ წარმოადგინა განახლებული, დეტალური და ყოვლისმომცველი ანგარიში,სავიზო დიალოგის შესაბამის სფეროებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. ანგარიში 2012 წლის 16 მაისს გადაეცათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, საბჭოს ფარგლებში.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირში  საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლისათვის ყველა შესაბამისი პირობისგადამოწმებას, გაიხსნა 2012 წლის 4 ივნისს, ქ. ბრიუსელში.

2012 წლის 15 ოქტომბერს, საბჭოს დასკვნაში საქართველოს შესახებ, დადასტურებულ იქნა ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულება უვიზო რეჟიმის შემოღების საერთო მიზნისადმი, გამართული და უსაფრთხო მობილურობის პირობების შექმნის შემთხვევაში.

1.2 მეთოდოლოგია

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრისა და თავისუფალი მიმოსვლისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სამოქმედო გეგმის მიზანია, განისაზღვროს საქართველოს მიერ გასატარებელი და განსახორციელებელი ღონისძიებები და მკაფიოდ აღინიშნოს  ის აუცილებელი პირობები, რომელთა შესრულება უნდა მოხდეს. სავიზო დიალოგის კვლევითი ფაზის  პროცესში განხორციელებული „ფაქტების დამდგენი“ ღონისძიებებისა და საქართველოს მიერ წარმოდგენილი დეტალური ინფორმაციისგათვალისწინებით, სამოქმედო გეგმა შეესაბამება საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას და დიალოგის ფარგლებში განსაზღვრულ შესაბამის ფაქტორთა 4 ბლოკთან არის დაკავშირებული: დოკუმენტების უსაფრთხოება (ბიომეტრული პასპორტების ჩათვლით); საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მენეჯმენტი, თავშესაფრის პოლიტიკა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ძირითადი უფლებები. ამჟამინდელი ვითარების არსებითი ცვლილების შემთხვევაში, ევროკომისიას შეუძლია ინიციატივით გამოვიდეს  სამოქმედო გეგმის ხელახალ ადაპტაციასა და გადახედვასთან დაკავშირებით.

მდგრადი და კარგად დაგეგმილი რეფორმების უზრუნველსაყოფად, სამოქმედო გეგმა  შეიცავს ნიშნულთა ორ ეტაპს: პოლიტიკის ჩარჩოს შესახებ წინასწარი ნიშნულები (კანონმდებლობა და დაგეგმვა), რომლებსაც მოჰყვებასპეციფიური ნიშნულები (შესაბამისი ღონისძიებების ეფექტიანი და მდგრადი იმპლემენტაცია). ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო თითოეული ნიშნულის შესრულების შესახებ რეგულარულად იქნებიან ინფორმირებულნი ევროკომისიის ანგარიშების მეშვეობით, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან წარმოდგენილი ექსპერტების ადგილობრივი დასკვნების მეშვეობით შეფასდება. ამ მიზნით, ევროკომისია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო კონკრეტული შედეგების ადგილზე შესაფასებლად დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენს(სტატისტიკური მონაცემებისა და ფინანსური გეგმების ჩათვლით, სამოქმედო გეგმის მდგრადი გზით იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად). საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის განსაკუთრებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესისადმი ზიანის მიუყენებლად, კომისია იმედოვნებს, რომ საქართველო დიდ ყურადღებას მიაქცევს აღნიშნულ რეგიონებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას, მიგრაციისა და უსაფრთხოების შესაძლო გამოწვევების შესახებ.

გარდა ამისა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების სრული და ეფექტიანი იმპლემენტაცია შესაბამისი ერთობლივი კომიტეტის მონიტორინგის ფარგლებში განხორციელდება. რაც შეეხება საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას (შესაბამისი ერთობლივი კომიტეტის მონიტორინგის ფარგლებში), განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება დამხმარე დოკუმენტების გაყალბების რისკების შემცირებას.

ევროკომისია მუდმივად განახორციელებს  რიგი საკითხების მონიტორინგს, მათ შორისაა: საქართველოში სავიზო უარის დონე; საქართველოს იმ მოქალაქეების საკითხები, რომელთაც უარი ეთქვათ ევროკავშირის საერთაშორისო საზღვრის გადაკვეთაზე ან დაკავებულნი არიან ევროკავშირში უკანონო ბინადრობისათვის; დაბრუნების გადაწყვეტილებებისა და საქართველოში დაბრუნებულთა მაჩვენებელი; საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის დონე; ასევე, სხვა შესაბამისი მაჩვენებლები.  ევროკომისია, ასევე, ნიშნულთა მეორე ფაზის შეფასების გადაცემამდე, უზრუნველყოფს  შესაძლო მიგრაციული და უსაფრთხოებაზე მოქმედი ზეგავლენის შეფასებას ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის შემდგომ ლიბერალიზაციაზე. გამოვლენილი შესაძლო ზემოქმედებები და ღონისძიებები განხილული უნდა იქნას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში.

პროგრესი დაფუძნებული იქნება შესრულებაზე ორიენტირებულ მიდგომასა და   სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ნიშნულების საქართველოს მიერ ეფექტიან და თანმიმდევრულ იმპლემენტაციაზე.  აღნიშნულ პროცესში უნებლიე ქმედებები გამორიცხულია და  ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ თითოეული ნიშნულის შესრულების პროგრესი ყურადღებით შემოწმდება,  ნიშნულთა მეორე ფაზის შეფასების ინიცირებაზე შეთანხმების მიღწევის მიზნით.  ევროკომისია რეგულარულად მიაწვდის ანგარიშს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს, შესაძლო მიგრაციული და უსაფრთხოებაზე მოქმედი გავლენის ღონისძიებების შესრულების ჩათვლით.

საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზის გაუქმების თაობაზე,  #539/2001 რეგულაციის ცვლილების ფარგლებში – რომელიც განსაზღვრულია  ICAO -ს სტანდარტებით გაცემული ბიომეტრული პასპორტების მფლობელთათვის, ევროკომისია    ევროპარლამენტსა და საბჭოში წინადადების წარდგენაზე გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინებს  ევროკავშირსა და საქართველოს შორის  საყოველთაო ურთიერთობებსა და სავიზო ლიბერალიზაციაზე  მოქმედ შესაძლო ფაქტორებს საერთო ტენდენციებზე დაყრდნობით, რომელთა შორისაა: სავიზო უარის დონე; საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი,  რომელთაც უარი ეთქვათ ევროკავშირის საერთაშორისო საზღვრის გადაკვეთაზე ან დაკავებულნი არიან ევროკავშირში უკანონო ბინადრობისათვის; საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი; დაბრუნების გადაწყვეტილებებისა და საქართველოში დაბრუნებულთა რიცხვი და სხვა შესაბამისი მაჩვენელები.

საკანონმდებლო პროცედურის შესრულების შემდეგ, რომელიც განსაზღვრულია ევროკავშირის ფუნქციონირების შეთანხმებაში ამ საკითხებთან დაკავშირებით, ევროკომისიის წინადადების საფუძველზე, ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო მიიღებენ გადაწყვეტილებას.

1.3. სამომავლო სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო შედეგების თავდაპირველი შეფასება

საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის კვლევითმა ფაზამ შესაძლებელი გახადა სამომავლო სავიზო ლიბერალიზაცის შესაბამისი ფაქტორების საწყისი შეფასება.  შესაბამისი ფაქტორების 4 ბლოკიდან თითოეულზე სიტუაციის ამგვარი დეტალური შეფასება განსაზღვრულია სავიზო დიალოგის ტექნიკურ დავალებაში (ToR) (დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრული პასპორტების ჩათვლით; საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მენეჯმენტი, თავშესაფრის პოლოტიკა; საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ძირითადი უფლებები), რის საფუძველზეც შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები ევროკავშირთან საქართველოს მოქალაქეების სამომავლო  უვიზო მიმოსვლისათვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად.

ამგვარი შეფასების დასკვნის საფუძველზე დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის მდგრადი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შესაძლებელია დაწესდეს მხოლოდ შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, სავიზო ლიბერალიზაცია განპირობებული უნდა იყოს: საქართველოს მიერ რეფორმების გაგრძელებით, რომლებიც მიზნად ისახავს დოკუმენტების მაღალი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ბიომეტრული პასპორტების, პირადობის მოწმობების, სამოქალაქო სტატუსისდოკუმენტებისჩათვლით; სასაზღვრო და მიგრაციის მენეჯმენტისა და ასევე, თავშესაფრის პოლიტიკის გაძლიერებით; საზოგადო წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროში რეფორმებითა და კოორდინაციით (ტრეფიკინგის საკითხებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჩათვლით); ადამიანთა გადაადგილებასთან დაკავშირებით, საგარეო ურთიერთობების საკითხებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების გათვალისწინებით (ადამიანის უფლებებისა და უმცირესობათა დაცვის ჩათვლით). შეფასებაში ხაზგასმულია საქართველოს მიერ სავიზო დიალოგის კუთხით შესაბამის სფეროებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ამგვარი რეფორმებისა და განვითარების კურსის გაგრძელების შედეგად, ინსტიტუციონალური დონის გათვალისწინებით, უნდა იქნეს მიღწეული მაღალი დონის ეფექტურობა ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

გარდა ამისა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული „ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივებისა“ და „ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ” შეთანხმებების  სრული და ეფექტიანი განხორციელება (შესაბამისი ერთობლივი კომისიის მიერ რეგულარულად ტარდება მონიტორინგი) კვლავ რჩება სავიზო დიალოგის გაგრძელების წინაპირობად და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა  მდგრადი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დასაწესებლად. რეადმისიის საკითხებზე მომუშავე ევროკავშირი-საქართველოს ერთობლივი კომისია 2011 წლის მარტის შემდგომ 3-ჯერ შეიკრიბა, უკანასკნელად კი – 2012 წლის მარტში და დაასკვნა, რომ რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულება მიმდინარეობს ეფექტიანი და ქმედითი გზით ორივე მხარის ინტერესების დაკმაყოფილების პირობებში.მსგავსი შეფასება გაკეთდა საქართველო-ევროკავშირის „ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების“ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებითაც. ერთობლივი კომისია შეიკრიბა, ასევე, მესამედ 2012 წლის მარტში.

სამომავლო სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო შედეგების პირველადი შეფასების კუთხით, აღსანიშნავია, რომ ვიზის მიღებაზე უარის მაჩვენებელი  კვლავ მაღალია, თუმცა  2009-2011 წლებში დაიკლო 17,2%-დან 14,8%-მდე, იმ დროს როდესაც გაცემული ვიზების საერთო ჯამი ამ პერიოდში გაიზარდა მიახლოებით 12%-ით. მრავალჯერადი ვიზების გაცემის გაზრდილი მაჩვენებელი კეთილსინდისიერი (bona fide) ქართველი მოგზაურებისათვის, ასევე აღსანიშნავია.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში დაკავებული არარეგულარულად მყოფი (apprehended irregularly staying) საქართველოს მოქალაქეების რიცხვი უკანასკნელ წლებში ურყევად იკლებს, 2009 წელს 7170-დან 2011წლისათვის 4275-მდე (5320 – 2010წ.) ევროკავშირში  თავშესაფრის მსურველი ქართველების  რიცხვი, ასევე, შემცირდა  2009 წელს 10490 დან – 2011 წლისათვის 7060-მდე  (6865 -2010 წ.) (ევროსტატის მონაცემებით).

სამოქმედო გეგმის ელემენტები

2.1. ბლოკი 1: დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრული პასპორტების ჩათვლით

I ფაზა (საკანონმდებლო და პოლიტიკური სტრუქტურა/ ჩარჩო):

  • საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს კონსოლიდაცია, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა სტატუსისა და მოქალაქეთა რეგისტრაციის პროცესის ერთიანობასა და უსაფრთხოებას, საქართველოს მოქალაქეების გაერთიანებულ და უსაფრთხო ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის ჩათვლით, სათანადოდ უზრუნველყოფილი დაცვის ზომებით, რამდენადაც საქმე ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის უმაღლეს სტანდარტებს;
  • საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს კონსოლიდაცია მანქანაკითხვადი ბიომეტრული პასპორტების გამოშვების მიზნით, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებთან და   იდენტიფიკაციის მართვის უსაფრთხოების საფუძველზე (სამოქალაქო რეგისტრაციისა დასამოქალაქო სტატუსის დოკუმენტები) რეკომენდირებულ პრაქტიკებთან, „ერთი პირი-ერთი დოკუმენტის“ პრინციპის დაცვით, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების ჩათვლით;
  • მკაფიო ვადის დაწესება ბიომეტრული პასპორტების სრული მასშტაბით გამოყენებისთვის, მათ შორის საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოებში, და ასევე, იმ პასპორტების ხმარებიდან ეტაპობრივად ამოღებისათვის, რომლებიც არ შეესაბამება ICAO-ს სტანდარტებს;
  • ეთიკის კოდექსისა და ტრეინინგის პროგრამების შემუშავება კორუფციასთან ბრძოლის, პირადი დოკუმენტების უსაფრთხო მართვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საჯარო უწყებების წარმომადგენელთათვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება პასპორტებს, პირადობის დამადასტურებელ მოწმობებსა და სხვა სამოქალაქო სტატუსის დოკუმენტებს.

II ფაზა (ეფექტიანი იმპლემენტაციის ნიშნულები):

  • შესაბამისი სატრეინინგო პროგრამების საშუალებით დოკუმენტთა უსაფრთხოების საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ეფექტიანი იმპლემენტაცია, საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფის ჩათვლით;
  • ბიომეტრული პასპორტების ეტაპობრივი გაცემა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) უმაღლეს სტანდარტებთან და რეკომენდირებულ პრაქტიკებთან სრულ შესაბამისობაში და იმ პასპორტების ხმარებიდან სრულად ამოღება, რომლებიც არ შეესაბამება ICAO-ს სტანდარტებს, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოების ჩათვლით;
  • დოკუმენტთა გამოყენების, პასპორტების პერსონალიზაციისა და განაწილების პროცესის ერთიანობისა და უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ამასთანავე უზრუნველყოფს, დოკუმენტების სათანადოდ დაცულ ადგილებზე შენახვასა და მრავალჯერადი პასპორტების, პირადობის დამადასტურებელი მოწმობებისა და სხვა სამოქალაქო სტატუსის, შესაბამისად, თითო პირზე გაცემის თავიდან აცილებას;
  • ინტერპოლი/LASP-ის მონაცემთა ბაზის დაუყოვნებლივ და სისტემატურად ინფორმირება დაკარგული და მოპარული პასპორტების თაობაზე;
  • პასპორტის ნიმუშების, სავიზო ფორმებისა და ყალბი დოკუმენტების თაობაზე ინფორმაციის რეგულარული გაცვლა და დოკუმენტების უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ევროკავშირთან.

2.2. ბლოკი 2: საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის პოლიტიკა

2.2.1. საზღვრის ინტეგრირებული მართვა

I ფაზა(საკანონმდებლო და პოლიტიკური სტრუქტურა/ ჩარჩო):

  • საზღვრის მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს კონსოლიდაცია, ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს საზღვრის მართვის სფეროში  ჩართულუწყებებს შორის ეფექტიან თანამშრომლობას, კერძოდ  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, სასაზღვრო პოლიციასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის;
  • ეროვნული ინტეგრირებული საზღვრის მართვის (IBM) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, რომელშიც ასახული იქნება კანონმდებლობის, ორგანიზაციის, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსების შემდგომი განვითარების ვადები და სპეციფიური მიზნები, საზღვრის მართვის სფეროსა და ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობაში;
  • ეთიკის კოდექსისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება, მათ შორის კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, თავშესაფრის მიღების პროცედურების და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ღონისძიებების თაობაზე, რომლებიც სპეციალურად მიმართული იქნება საზღვრის დაცვის, საბაჟოსა და სხვა ნებისმიერ ოფიციალურ პირებზე, რომლებიც ჩართულნი არიან საზღვრის მართვასა და /ან მეთვალყურეობაში.

IIფაზა(ეფექტიანი იმპლემენტაციის ნიშნულები):

  • ეროვნული ინტეგრირებული საზღვრის მართვის (IBM) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისეფექტიანი იმპლემენტაცია და განახლება, მათ შორის სასაზღვრო კონტროლის კანონმდებლობის, , სათანადო სასაზღვრო შემოწმებების, სასაზღვრო მეთვალყურეობის პროცედურების და ოპერატიული ეფექტიანობისასევე, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების საშუალებით, რისკების ანალიზის, დაზვერვისა და მონაცემთა ნაკადების მართვის, ამასთან, შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო მონაცემთა ბაზებზე პირდაპირი წვდომისა და კონსულტაციების ჩათვლით;
  • უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით მუშაობის გაგრძელება (მათ შორის, საზღვრის მართვაში ჩართულ ყველა უწყებასშორის მონაცემთა ურთიერთგაცვლა, განსაკუთრებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, სასაზღვრო პოლიციას, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს შორის, საბაჟოს ჩათვლით);
  • სათანადო ინფრასტრუქტურის, ტექნიკური აღჭურვილობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების, ფინანსური და ადამიანური რესურსების უზრუნველყოფა IBM-ის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისშესაბამისად, და ასევე გადამზადების პროგრამებისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანი იმპლემენტაცია;
  • საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესების გაგრძელება, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობისა და ევროკავშირის გარე საზღვრებზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საზღვრის დაცვის ღონისძიებათა კოორდინაციის სააგენტოსთან (FRONTEX) სამუშაო შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაცია.

2.2.2. მიგრაციის მართვა

I ფაზა(საკანონმდებლო და პოლიტიკური სტრუქტურა/ ჩარჩო):

  • მიგრაციის პოლიტიკის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს კონსოლიდაცია ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის ლეგალური/შრომითი მიგრაციის სფეროში, ასევე, უცხოელების ინტეგრაციისა და საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის (ნებაყოფლობით, თუ იძულებით დაბრუნებულთა) მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა (მათ შორის, არალეგალური მიგრანტების წარმოშობის და/ან ტრანზიტის ძირითად ქვეყნებთან რეადმისიის შესახებ შეთანხმებების გაფორმებისა და არალეგალური მიგრანტების ადგილზე აღმოჩენის კუთხით მუშაობის გაგრძელება);
  • მიგრაციის პოლიტიკის სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით მიგრაციის ეროვნული სტრატეგიის და ასევე, შესაბამისი სამოქმედო გეგმის მიღება, რომელშიც ასახულ იქნება ვადები, სპეციფიური მიზნები, ქმედებები, შედეგები, შესრულების მაჩვენებლები და პირობები საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსებისათვის;
  • მიგრაციული ნაკადების მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც შესაძლებელს გახდის საქართველოს მიგრაციული სურათის რეგულარულ განახლებას, გაერთიანებული ელექტრონული მონაცემთა ბაზის საშუალებით, რომელიც შეიცავს მონაცემებს, როგორც არალეგალურ და ლეგალურ მიგრაციაზე, ასევე თავშესაფრის მაძიებლებზე/ლტოლვილებზე; და ასევე, აღნიშნული მონაცემების ეფექტიან შეგროვებასა და ანალიზზე პასუხისმგებელი ორგანოების დაარსება.

II ფაზა(ეფექტიანი იმპლემენტაციის ნიშნულები):

  • ევროკავშირსა და -საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების, ისევე როგორც, მესამე ქვეყნებთან რეადმისიის შესახებ საქართველოს შეთანხმებების და საქართველოს მოქალაქეების (ნებაყოფლობით, თუ იძულებით დაბრუნებულთა) მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების ეფექტიანი იმპლემენტაციის გაგრძელება;
  • მიგრაციის მართვის სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანი იმპლემენტაცია, მიგრაციის მართვის ყველა ასპექტში კონკრეტულად განსაზღვრული კომპეტენციების მქონე ადმინისტრაციული სტრუქტურების შექმნის ჩათვლით, რომელიც აღჭურვილი იქნება სათანადო ადამიანური და ფინანსური რესურსებით; ასევე, შესაბამის უწყებებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა;
  • საქართველოს მიგრაციული სურათის შექმნა და რეგულარული განახლება, ასევე მიგრაციული ნაკადების შესახებ მონაცემების ეფექტიანი ანალიზი;
  • არალეგალურ მიგრანტთა შიდა გამოვლენის შესახებ მეთოდოლოგიის თანმიმდევრული იმპლემენტაცია, რისკების ანალიზი (სათანადო უწყებების ინფორმირებისა და ყველა ადმინისტრაციულ დონეზე ანალიზის წარმოების ჩათვლით) და ორგანიზებული, გამარტივებული არალეგალური მიგრაციის შემთხვევების გამოძიება, სათანადო უწყებებს შორის ეფექტიანითანამშრომლობის ჩათვლით;
  • შესაბამისი ინფრასტრუქტურის (დაკავების ცენტრების ჩათვლით) უზრუნველყოფა და პასუხისმგებელი ორგანოების გაძლიერებაევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მიგრანტთა უფლებების სრული პატივისცემით, რათა უზრუნველყოფილ იქნას არალეგალურად მობინადრე და/ან ტრანზიტით მყოფი მესამე ქვეყნების მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიიდან გაძევება;

2.2.3. თავშესაფრის პოლიტიკა

I ფაზა(საკანონმდებლო და პოლიტიკური სტრუქტურა/ ჩარჩო):

  • ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, თავშესაფრის პოლიტიკის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს კონსოლიდაცია, არ-გაძევების პრინციპის სრული დაცვით, რომელიც უნდა მოიცავდეს დამატებით დაცვის მექანიზმს, სტატუსის განსაზღვრის სამართლიან პროცედურებზე ეფექტიანი წვდომის, უფლებათა დაცვის (გადაადგილების თავისუფლება, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, სხვა შრომითი და სოციალური უფლებები) და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების თაობაზე კანონმდებლობის მიღების საშუალებით, ლტოლვილთა, თუ საერთაშორისო დაცვის სხვა ფორმებით მოსარგებლე პირების ინტეგრაციის, ისევე როგორც, მოწყვლად ჯგუფებზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის ჩათვლით.

II ფაზა (ეფექტიანი იმპლემენტაციის ნიშნულები):

  • თავშესაფრის პოლიტიკის შესახებ კანონმდებლობის ეფექტიანი იმპლემენტაცია, შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფისა და პასუხისმგებელი ორგანოების (პერსონალი, დაფინანსება, სატრეინინგო პროგრამები) გაძლიერების ჩათვლით, განსაკუთრებით თავშესაფრის პოლიტიკასთან დაკავშირებული პროცედურების, ასევე, თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის საჭიროების ქვეშ მყოფ სხვა პირთა მიღების კუთხით; ამასთან, ჩამოთვლილ პირთა უფლებებისა და ღირსების დაცვა, ისევე როგორც, ლტოლვილთა და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტეგრაცია, მათთვის იმ სათანადო შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რომელიც საჭირო იქნება დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის, საჯარო მომსახურებებსა და სოციალურ უფლებებზე წვდომისა და საქართველოში ინტეგრაციისთვის (სამგზავრო დოკუმენტებზე წვდომის ჩათვლით, როგორც ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული).

2.3. ბლოკი 3: საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

2.3.1. ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლადა მათი პრევენცია

I ფაზა(საკანონმდებლო და პოლიტიკური სტრუქტურა/ ჩარჩო):

  • ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პრევენციისსამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს კონსოლიდაცია, ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან ერთად, მკაფიო ვადების, სპეციფიური მიზნების, ღონისძიებების, შედეგების, შესრულების მაჩვენებლებისა და საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსების გათვალისწინებით;
  • ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს კონსოლიდირება,  აგრეთვე შესაბამისი ეროვნულ სამოქმედო გეგმის მიღება, მკაფიო ვადების, სპეციფიური მიზნების, ღონისძებების, შედეგების, შესრულების მაჩვენებლებისა და საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსების გათვალისწინებით;
  • ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს კონსოლიდირება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სფეროში, ისევე როგორც ეროვნული ანტი-კორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, მკაფიო ვადების, სპეციფიური მიზნების, ღონისძებების, შედეგების, შესრულების მაჩვენებლებისა და საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსების გათვალისწინებით. ასევე, ისეთი ანტი-კორუფციული ორგანოების მიერ ანტი-კორუფციული კოორდინაციისაკენ მიმართული ძალისხმევა, როგორიცაა უწყებათაშორისო ანტი-კორუფციული საკოორდინაციო საბჭო (ACICC),რომლის მიზანია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელი ორგანოების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა და მათ შორის ინფორმაციის გაცვლის გაძლიერება. ამასთან, ჯანსაღისაკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოსა და საჭირო კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის, რომლებიც ხელს უწყობენ, როგორც მაღალ დონეზე, ისე  საერთაშორისო ტრანზაქციებისას კორუფციის აღმოფხვრასა და პრევენციას,  და სახელმწიფო უწყებების ფარგლებში ერთიანი სტანდარტების დაწესებას; GRECO-ს (ევროპის საბჭოს ქვეყნების ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ- Council of Europe Group of States Against Corruption) რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
  • ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს კონსოლიდაცია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის საკითხებზე, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებაზე ევროკავშირისა და ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF Financial Action Task Force) მიერ შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. ასევე, შესაბამისი ეროვნული სტრატეგიის რეგულარული განახლება; ფინანსური დაზვერვის სამსახურის დაფუძნება და შესაბამისი რესურსებითა და უფლებამოსილებით კონსოლიდირება;
  • ნარკოტიკებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, მკაფიო ვადების სპეფიციკური მიზნების, ღონისძიებების, შედეგების, მაჩვენებლებისა და საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსების მითითებით;
  • ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ყველა ზემოთ აღნიშნულ საკითხზე გაეროსა და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების დაოქმების ხელმოწერა, რატიფიცირება და მათი ეროვნულ კანონმდებლობაში  ასახვა მათ შორის: “დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლის ლეგალიზაციის, მოძიების, ამოღების, კონფისკაციისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ 2005 წლის ევროპის საბჭოს კონვენცია; ჰააგის კონვენცია ბავშვთა დაცვის შესახებ (1996 წლის კონვენცია იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, ცნობა, აღსრულებისა და თანამშრომლობის შესახებ, მშობლების პასუხისმგებლობის და ბავშვთა დაცვის საშუალებების საკითხებზე); ევროპის საბჭოს 2007 წლის კონვენცია „სექსუალური ექსპლოატაციის და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“; კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის ევროპის საბჭოს კონვენციის დამატებითი ოქმი;

II ფაზა ( ეფექტიანი იმპლემენტაციის ნიშნულები):

  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის საკითხებზე სამოქმედო გეგმის, კანონმდებლობისა და ეროვნული სტრატეგიის განხორციელება, მათ შორის, შესაბამის ორგანოებს შორის ეფექტიანი კოორდინაცია, ასევე ეფექტიანიგამოძიება, სამართლებრივი დევნის წარმოება და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების კონფისკაცია , და;
  • ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის საკითხებზე სამოქმედო გეგმის, კანონმდებლობისა და ეროვნული სტრატეგიის განხორციელება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანოებს შორის ეფექტიანი კოორდინაცია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვა, განსაკუთრებით ბავშვების, ასევე ეფექტიანი სადამსჯელო ზომების გატარება ადამიანებით მოვაჭრეთა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების მომხმარებელთა მიმართ; სათანადო ინფრასტრუქტურისა და ფონდების უზრუნველყოფა ტრეფიკინგის მსხვერპლთა ღირსების, მათი უფლებების დაცვისა და ღირსეული მიღებისათვის; ამასთან, მათი სოციალური და პროფესიული რეინტეგრაციის მხარდაჭერა;
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის საკითხებზე საკანონმდებლო ჩარჩოს, ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტიანი შესრულება, ანტი-კორუფციული ორგანოების, მათ შორის, ანტი-კორუფციული უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დამოუკიდებელი და ეფექტიანი ფუნქციონირების  უზრუნველყოფისათვის (ანალიტიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით). კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ზომების განხორციელება ყველაზე მოწყვლად სფეროებში/სექტორებში (რისკების შეფასებები);  კორუფციული შემთხვევების დამაჯერებელი მონაცემების შენარჩუნება (დაწყებული პროკურორებისა და დამთავრებული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებით), მაღალ დონეზე ჩადენული კორუფციის შემხვევების ჩათვლით, ასევე ინტერესთა კონფლიქტებისა და უკანონო დოვლათის გამოვლენა და სანქცირება; ეფექტიანი ეთიკის კოდექსის შემუშავება რომელიც დააწესებს სანქციებს საჯარო მოხელეების მიმართ (არჩეული და დანიშნული). განსაკუთრებით იმ არჩეული საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებიც მუშაობენ  ცენტრალურ და ადგილობრივი, აგრეთვე სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებში.  სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოებისთვის, კორუფციის შემთხვევებთან ეფექტიანი მეთოდებით ბრძოლის მიზნით, სათანადო შესაძლებლობების, ტრეინინგების და სპეციალიზაციის უზრუნველყოფა.
  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, მათ შორის ინფორმირმაციის გადაცემის ვალდებულების, საკითხებზე კანონმდებლობის იმპლემენტაცია.; დამნაშავეთა აქტივების გამოვლენაზე, გაყინვაზე, ყადაღის დადებასა და კონფისკაციაზე შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაცია (სასაზღვრო საკითხების ჩათვლით);
  • ანტი-ნარკოტიკული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სათანადო მუშაობის უზრუნველყოფა; სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ნარკოტიკების ამოღებასა და დაკავშირებულ პირთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ნარკოტიკების სფეროში შესაბამის საერთაშორისო ორგანოებთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარება და ინფორმაციის გაცვლა; ნარკოტიკებისა და ნარკომანიისთვის ევროპული მონიტორინგის ცენტრთან (EMCDDA) თანამშრომლობის დამყარება;
  • ევროპის საბჭოს და გაეროს კონვენციების და ზემოხსენებულ სფეროებში GRECO-ს რეკომენდაციების სრულყოფილად განხორციელება;
  • საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა, სათანადო ტრეინინგების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ზომების ეფექტიანად გასატარებლად.

2.3.2. სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების სფეროში თანამშრომლობა

I ფაზა(საკანონმდებლო და პოლიტიკური სტრუქტურა/ ჩარჩო):

  • სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოს კონსოლიდაცია სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ;
  • შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებისა და ოქმების, კერძოდ, სისხლის სამართლის საკითხებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის ხელმოწერა, რატიფიცირება და ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა.

II ფაზა ( ეფექტიანი იმპლემენტაციის ნიშნულები):

  • სისხლის სამართლის და ბავშვთა დაცვის საკითხებზე სასამართლო დახმარებისა და სასამართლო თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო კონვენციების (განსაკუთრებით ევროპის საბჭოს კონვენციების) სრულყოფილი განხორციელება;
  • სისხლის სამართლის საკითხებზე (ექსტრადიციის ჩათვლით) მოსამართლეთა და პროკურორთა სასამართლო თანამშრომლობის ეფექტიანობის მაღალი დონის უზრუნველყოფა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მესამე ქვეყნებთან;
  • EUROJUST-ის გადაწყვეტილებით მიღებული პროცედურების შესაბამისად, EUROJUST-თან შეთანხმების ან სამუშაო ღონისძებების დამთავრება, საერთო შემთხვევებზე ინფორმაციის გაცვლისა და პირად მონაცემთა დამუშავების ჩათვლით.

2.3.3. სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა

I ფაზა(საკანონმდებლო და პოლიტიკური სტრუქტურა/ ჩარჩო):

  • შესაბამისეროვნულ უწყებებს შორის კოორდინაციის სათანადო მექანიზმის შემუშავება და ერთიან მონაცემთა ბაზაზე პირდაპირი წვდომის უზრუნველყოფა შესაბამისი თანამდებობის პირებისთვის.

II ფაზა (ეფექტიანი იმპლემენტაციის ნიშნულები):

  • სამართალდამცავი სამსახურების ოპერატიული და სპეციალური საგამოძიებო შესაძლებლობის მაღალი დონის უზრუნველყოფა და მისი თანმიმდევრული და ეფექტიანი გამოყენება ტრანს-სასაზღვრო დანაშაულთან საბრძოლველად;
  • სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის ეფექტიანობის მაღალი დონის უზრუნველყოფა შესაბამის ეროვნულ უწყებებს შორის – განსაკუთრებით საზღვრის დაცვის, პოლიციის და საბაჟო სამსახურებში, ასევე სასამართლო ორგანოებში;
  • სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი ოპერატიული თანამშრომლობის შეთანხმებების და სამუშაო მოქმედებების გაძლიერება, კერძოდ, ინტერპოლთან.სათანადო ინფორმაციის დროულად გაზიარება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მესამე ქვეყნების კომპეტენტურ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ერთობლივი მოქმედებებისა და გამოძიების წარმოება მონაცემთა დაცვის მოთხოვნების შესაბამისად და სათანადო არხების მეშვეობით;
  • EUROPOL-თან ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა მონაცემთა დაცვის სათანადო დონის უზრუნველსაყოფად;

2.3.4. პერსონალურ მონაცემთა დაცვა

I ფაზა(საკანონმდებლო და პოლიტიკური სტრუქტურა/ ჩარჩო):

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინსტიტუციონალური და სამართლებრივი ჩარჩოს კონსოლიდაცია ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მათ შორის, პროცედურების, ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების, ინსტრუქციებისა და დირექტივების მიღება;
  • შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების, ოქმების და რეკომენდაციების ხელმოწერა, რატიფიკაცია და მათი ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა, მათ შორის:  პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს  კონვენციის (108) 2001 წლის დამატებითი ოქმი, საზედამხედველო ორგანოებსა და ტრანს-სასაზღვრო მონაცემთა ნაკადებთან დაკავშირებით;  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია R (87) 15 პოლიციის სექტორში პერსონალურ მონაცემთა გამოყენების შესახებ;
  • მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს ჩამოყალიბება სათანადო უფლებამოსილებითა და ვალდებულებებით;

II ფაზა (ეფექტიანი იმპლემენტაციის ნიშნულები):

  • პირად მონაცემთა დაცვის საკითხებზე კანონმდებლობის იმპლემენტაცია კერძო და საჯარო სექტორებში;
  • მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საჯარო და კერძო სექტორებში, ასევე, საჭირო ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფა;
  • სასწავლო პროგრამების (მათ შორის ანტი-კორუფციული) განხორციელება და მონაცემთა დაცვის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება, მათ შორის, შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირთათვის ეთიკის კოდექსებისა და სახელმძღვანელოების შემოღება.

 

 

 

 

2.4. ბლოკი 4: საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ძირითადი უფლებები

2.4.1. საქართველოს შიგნით/ფარგლებში გადაადგილების თავისუფლება

I ფაზა(საკანონმდებლო და პოლიტიკური სტრუქტურა/ ჩარჩო):

  • კანონიერად მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოს კონსოლიდაცია უსამართლო შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით.

II ფაზა (ეფექტიანი იმპლემენტაციის ნიშნულები):

  • უზრუნველყოფა, რომ საქართველოს მოქალაქეების, ლეგალურად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების საქართველოს ფარგლებში თავისუფალიგადაადგილებაარ იყოს არასამართლიანი შეზღუდვების საგანი, ნებისმიერი დისკრიმინაციული ხასიათის ღონისძიებების ჩათვლით, როგორიცაა სქესი, რასა, კანის ფერი, ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობა, გენეტიკური მახასიათებლები, ჯანმრთელობის მდგომარეობა (HIV/AIDS-ის ჩათვლით), ენა, რელიგია ან რწმენა, პოლიტიკური თუ სხვა სახის შეხედულებები, ეროვნული უმცირესობის წევრობა, ქონებრივი მდგომარეობა, დაბადება, შეზღუდული შესაძლებლობები, ასაკი ან სექსუალური ორიენტაცია.

2.4.2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის პროცედურები და პირობები

I ფაზა(საკანონმდებლო და პოლიტიკური სტრუქტურა/ ჩარჩო):

  • სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოს კონსოლიდაცია სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე დისკრიმინაციის გარეშე სრული და ეფექტიანი წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, ქალების, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, იძულებით გადაადგილებული პირთა, უმცირესობების წარმომადგენელთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ჩათვლით.

II ფაზა (ეფექტიანი იმპლემენტაციის ნიშნულები):

  • საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე სრული და ეფექტიანი წვდომის უზრუნველყოფა, მათ შორის ქალების, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, იძულებით გადაადგილებულ პირების, უმცირესობის წარმომადგენლებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

2.4.3. მოქალაქეთა უფლებები უმცირესობათა დაცვის ჩათვლით

I ფაზა(საკანონმდებლო და პოლიტიკური სტრუქტურა/ ჩარჩო):

  • დისკრიმინაციის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი კანონის მიღება, გაეროსა და ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების შესაბამისი რეკომენდაციების თანახმად, დისკრიმინაციისაგან ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად;
  • დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გაერო-სა და ევროპის საბჭოს შესაბამისი ინსტრუმენტების ხელმოწერა, რატიფიკაცია და ეროვნულ კანონმდებლობაში დანერგვა, მათ შორის მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ გაეროს კონვენციისა და რეგიონალურ ან უმცირესობათა ენების ევროპულ ქარტიასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს რეგულარული რეკომენდაციების გათვალისწინებით;
  • სამართლიანი და გამჭვირვალე პირობების შექმნა საქართველოს მოქალაქეობის მიღებისათვის;
  • ყოვლისმომცველი ეროვნული ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება გაეროს შესაბამისი ორგანოების, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციათა შესაბამისი რეკომენდაციები განსაკუთრებით ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელების, უმცირესობათა, პირადი ცხოვრებისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით.

II ფაზა (ეფექტიანი იმპლემენტაციის ნიშნულები):

  • ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ეფექტიანი იმპლემენტაცია, ეფექტიანი იურიდიული დახმარებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ჩათვლით; გაერო-სა და ევროპის საბჭოს შესაბამისი ინსტრუმენტების იმპლემენტაცია;
  • ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ღონისძიებების ეფექტიანი იმპლემენტაცია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით (შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყოფის ჩათვლით); ზოგადი ინფორმირებულობის დონის ამაღლება რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის სხვა ფორმების წინააღმდეგ მიმართული კამპანიების საშუალებით; ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკისა და რასიზმთან, ქსენოფობიასა და დისკრიმინაციის სხვა ფორმებთან ბრძოლის კუთხით პასუხისმგებელი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება.