logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

Facebook-ი პარტნიორებთან ერთად საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გაუშვებს

facebook cooperation.png
17 სექტემბერი, 2020
 0

დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, Facebook-ი მსოფლიოს მასშტაბით ფაქტების გადამოწმების არაერთ პლატფორმასთან თანამშრომლობს. ეს ორგანიზაციები კონტენტის სიზუსტეს განიხილავენ, შეფასებას აძლევენ და შემდეგ ამ ინფორმაციას Facebook-ს აწვდიან.

ამიერიდან, Facebook-ი მსგავს პროგრამას, FactCheck Georgia-სა და მითების დეტექტორთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოშიც აამოქმედებს. მითების დეტექტორი, ისევე, როგორც FactCheck Georgia სერტიფიცირებულია ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის მიერ.

აღნიშნული პროგრამის გაშვების შედეგად, ინფორმაციას, რომელსაც ფაქტების გადამოწმების პლატფორმა სიყალბედ შეაფასებს, Facebook-ი საინფორმაციო ველის (News feed) ქვედა ნაწილში განათავსებს. ეს ნიშანდობლივად შეამცირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და, ასევე, შემცირდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომლებსაც, შესაძლოა, დეზინფორმაცია მიეწოდოს.

გვერდებსა და ანგარიშებს, რომლებიც პერიოდულად ეცდებიან, გააზიარონ ცრუ ინფორმაცია, ავტომატურად შეეზღუდებათ მონეტიზაციისა და რეკლამის განთავსების შესაძლებლობები.

დამატებით, ფაქტების გადამოწმების პლატფორმის მიერ ცრუ ინფორმაციად შეფასებულ პოსტებს Facebook-ი თვალსაჩინოდ მონიშნავს. ამით, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, გაარჩიონ, სიმართლეა თუ არა პოსტი, რომელსაც ხედავენ, ან რომლის გაზიარებაც სურთ.

„გვიხარია, რომ FactCheck Georgia-სა და მითების დეტექტორთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გავუშვებთ. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვეკიდებით. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, გამოვნახოთ გზები, რომ ხელი შევუშალოთ ჩვენს პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას,“ - აცხადებს Facebook-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მენეჯერი, სოფი აიარსი.

აღნიშნული პროგრამა Facebook-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგია ახალი ამბების ავთენტურობის დადგენასა და მათი ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. სტრატეგიის მიხედვით, Facebook-ი აუქმებს ანგარიშებს და შლის კონტენტს, რომელიც არღვევს კომპანიის მიერ დაწესებულ სტანდარტებს, ან სარეკლამო პოლიტიკას. შედეგად, მცირდება ცრუ ინფორმაციისა და არაავთენტური კონტენტის გავრცელების შანსი.

"დაარსების დღიდან, 2013 წლიდან, FactCheck Georgia ცდილობს, გაზარდოს ანგარიშვალდებულება, გამოააშკარავოს დეზინფორმაცია, ხელი შეუწყოს საინფორმაციო სივრცეში სიმართლის გავრცელებასა და საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. Facebook-თან პარტნიორობა არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რაც ჩვენს მუშაობას ბევრად უფრო ეფექტურს გახდის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, მივწვდეთ საქართველოში Facebook-ის ათასობით მომხმარებელს, რომლებიც, შესაძლოა, დეზინფორმაციის სამიზნე იყვნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი პარტნიორობა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შედგა. ეს კი დაგვეხმარება, რომ სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის ვირუსული გავრცელება უფრო ეფექტურად შევამციროთ და, შესაბამისად, არჩევნების დემოკრატიულ საფუძვლებიც უკეთ დავიცვათ,”- აცხადებს პაატა გაფრინდაშვილი, FactCheck Georgia-ს დამფუძნებელი.

„მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ფაქტების გადამოწმებისა და მითების გამოვლენის პლატფორმა „მითების დეტექტორი“ 2014 წელს, სიმართლის და ფარული დღის წესრიგის გამოსავლენად, ასევე დეზინფორმაციის გავლენის შესახებ საზოგადოებისა და ინსტიტუტების ინფორმირების მიზნით შექმნა. როდესაც ხდება პლურალისტური პლატფორმების და ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტის, როგორიც მედიაა, ბოროტად გამოიყენება, ჩვენი, როგორც ფაქტების გადამოწმების პლატფორმის მოვალეობაა, ამის შესახებ საზოგადოებას შევატყობინოთ და ამავდროულად სანდო მედია პლატფორმების მიმართ საზოგადოების ნდობა შევინარჩუნოთ. დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩვენ გვჭირდება დეზინფორმაცია სიმართლისგან განვასხვაოთ, რათა საბოლოოდ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შევძლოთ. საპარლამენტო არჩევნების წინ Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის საქართველოში ამოქმედება ამ მიზნის მისაღწევად და საარჩევნო პროცესის საინფორმაციო დაბინძურებისგან დასაცავად, უაღრესად მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნავს „მითების დეტექტორის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ კინწურაშვილი.

დღეისათვის, Facebook-ს მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს, რომლებიც 50 ენაზე ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობენ. კომპანია განაგრძობს ინვესტიციების ჩადებას, რათა ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მასშტაბური გახადოს.