logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) ვაქცინაციის კამპანია დაიწყო და უკვე 85 ადამიანი აცრა ქვემო ქართლის 5 სოფელში

2-2-1-scaled-69bcc907.jpeg
23 ნოემბერი, 2021
 0

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) ევროკავშირის მხარდაჭერით აცრის კამპანია დაიწყო. ქვემო ქართლში დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების სომხურენოვან, აზერბაიჯანულენოვან და ქართულენოვან დასახლებებში GRASS-ის მხარდაჭერით 18 ნოემბერს მობილური ამცრელი პუნქტები დაორგანიზდა, რომლის ფარგლებში 85 ადამიანი აიცრა.

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) COVID-19 ვაქცინაციისა და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის შესახებ 10 ადგილობრივი ახალგაზრდა გადაამზადა. მოხალისე ახალგაზრდებმა 15, 16, 17 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: შაუმიანი (ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება „გარადოკი“), ახყულა, ხიხანი და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ამამლო და ბეზაქლო, კარდაკარის პრინციპით მოქალაქეებს ვაქცინაციის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

კარდაკარის შემდგომ, 18 ნოემბერს GRASS-ის, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზემოაღნიშნულ სოფლებში მოეწყო მობილური ამცრელი პუნქტები.

GRASS-ის პროექტების მენეჯერის, მარიამ წიწიკაშვილის განცხადებით, „GRASS კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო ვაქცინაციის წახალისების პროცესში და 18 ნოემბერს, ჩვენი მოხალისეების აქტიურობით და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, ქვემო ქართლის 5 სოფელში 85 ადამიანი აიცრა. ეს შედეგი კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ მეტი ვესაუბროთ ჩვენს თანამოქალაქეებს და დავეხმაროთ გააკეთონ არჩევანი სიცოცხლეზე და აიცრან.“

პროექტი „COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ არის 48-თვიანი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ. პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მოხალისეებს: შუქურ ალიევს, რაშა ზიადალიევს, ლიზა ტოროსიანს, ნაშირ ორდუხანოვს, საიდა მამედოვას, თეივა გარიბოვას, ნარმინ აივაზოვას, ჟანა ჩოგანდარიანს, გარიკ გალსტიანს და ედიკ კამალიანს. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვემო ქართლში, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების სომხურენოვან, აზერბაიჯანულენოვან და ქართულენოვან დასახლებებში, ვაქცინაციის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელების პროცესში. მათი წვლილი უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ვაქცინაციის კამპანიის წარმატებაში, რომელიც უამრავ ადამიანს, რომლებსაც არ აქვთ ადგილზე წვდომა ვაქცინაციის ინფრასტრუქტურასთან, ეხმარება საკუთარი და სხვისი სიცოცხლის დაცვაში.