logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ფაქტ-მეტრი უმუშევრობის სტატისტიკაზე

Capture.JPG
12 ივნისი, 2019
 0

გადაცემაში "თავისუფალი ხედვა" ფაქტ-მეტრის ანალიტიკოსი ეგნატე შამუგია საუბრობს უმუშევრობის სტატისტიკაზე

სტატია აღნიშნულ საკითხზე იხილეთ მითითებულ ბმულზე:https://bit.ly/2IDAbSy

უმუშევრობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა, რომელიც საპარლამენტო თუ სხვა საჯარო სივრცეებს აქტიურად იკავებს. თუმცა, რიგ შემთხვევებში, ამ საკითხზე საუბარი ზედაპირულია და მხოლოდ მშრალ რიცხვებს ეფუძნება.

ფაქტ-მეტრის რუბრიკის დღევანდელი თემა პრემიერ-მინისტრის საპარალამენტო მოხსენების ის ნაწილია, რომელიც უმუშევრობის დონეს ეხება. მამუკა ბახტაძის საპარლამენტო მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორის განვითარებასთან ერთად, უმუშევრობის დონე მცირდება“.

დიახ, უმუშევრობის დონე 2009 წლის შემდეგ ყოველწიურად იკლებს და 2018 წელს სამუშაო ძალაში უმუშევართა წილმა 12.7% -შეადგინა. თუმცა, მთავარი საკითხი არა უშუალოდ ფარდობითი მაჩვენებლის პროცენტული გამოხატულების ცვლილებაშია, არამედ იმ მიზეზებში, თუ რამ გამოიწვია მისი შემცირება. ეს კი ორი ძირითადი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: პირველი, უმუშევრის სტატუსის მქონე პირებმა იპოვეს სამუშაო და შესაბამისად, დასაქმებაც გაიზარდა. ან მეორე, ეს პირები ეკონომიკურად არააქტიურთა კატეგორიაში გადავიდნენ, ანუ ისინი სამსახურს აღარ ეძებენ და უმუშევრობის დონის განსაზღვრაში მონაწილეობას აღარ იღებენ. 2018 წელს უმუშევრობის დონის შემცირება სწორედ მეორე ფაქტორით არის გამოწვეული. რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმება კი არ გაიზარდა, არამედ, იმ ხალხის რიცხვი შემცირდა, ვინც სამსახურის მაძიებელთა სიაში აღარ არიან.

სინამდვილეში, 2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 12.4 ათასი პირით შემცირდა. შესაბამისად, უმუშევრებიც და მანამდე დასაქმებულებიც სამუშაო ძალის გარეთ გავიდნენ. ეს ნიშნავს, რომ შრომის სტატისტიკისთვის ამ პირებს მუშაობის სურვილის არმქონეთა სტატუსი გააჩნიათ. თუმცა, მთავარი კითხვა სწორედ შემდეგში მდგომარეობს: არის თუ არა ეს რეალურად ასე და სურთ თუ არა ამ პირებს სინამდვილეში სამუშაო? ხომ არ უკავშირდება აღნიშნული ფაქტი ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელის“ ზრდას, რომლებმაც სამუშაოს ძებნაზე ხელი ჩაიქნიეს? ამის ცალსახად თქმა რთულია, თუმცა ერთი რამ ფაქტია, გასულ წელს ქვეყანაში დასაქმებულთა ჯამური რიცხვი შემცირდა.

ამ ფონზე, პრემიერის მოხსენებაში ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებაზეა საუბარი, რომლის დასტურად უმუშევრობის დონის შემცირებაა დასახლებული მაშინ, როცა სტატისტიკური მაჩვენებლებისთვის დამატებით ორი წუთის დათმობის შემთხვევაში სულ სხვა სურათს, პრობლემის გაზრდილ მასშტაბებს, აღმოვაჩენთ. შესაბამისად, პრემიერის განცხადება მეტწილად მცდარია.