logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

“საქართველოს რეფორმების ასოციაცია” (GRASS) აცხადებს ვაკანსიას „ფაქტ-მეტრის“ (Factcheck.ge) მთავარი რედაქტორის პოზიციაზე.

74460866_1244857619018998_5460622992092430336_n.png
30 ივნისი, 2020
 0

ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) არის მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი, რომელიც დაარსდა 2012 წლის ოქტომბერში. GRASS-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს საქართველოს საგარეო, უსაფრთხოების, საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროს კვლევასა და მის სიღრმისეულ ანალიზს; საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებასა და მათი ადვოკატირებას; ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას.

„ფაქტ-მეტრი“ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ინოვაციური მედიაპროექტია საქართველოში, რომელიც მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.com, www.factcheck.org) შესაბამისად 2013 წელს შეიქმნა. ის მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენას. გარდა ამისა, „ფაქტ-მეტრის“ მიზანს წარმოადგენს დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, მედიაში/ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყალბი ამბების გადამოწმება და საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. www.factcheck.ge არის მიუკერძოებელი პლატფორმა, რომელიც მკითხველს გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას შესაბამისი კვლევების სახით, ქართულ და ინგლისურ ენებზე აწვდის. 2017 წლიდან „ფაქტ-მეტრი“ არის საერთაშორისო Fact-Checker-თა ქსელის (International Fact-Checking Network - IFCN) წევრი.

ძირითადი მოვალეობები:

• „ფაქტ-მეტრის“ თანამშრომლებს შორის ყოველდღიური კოორდინაციის უზრუნველყოფა და ანალიტიკოსებისთვის მიმართულების მიცემა;

• საჯარო პირების/პოლიტიკოსების განცხადებების მონიტორინგის მენეჯმენტი და გადასამოწმებლად შერჩეული თემების განხილვა;

• ვებგვერდის, სამუშაო ფოლდერის (dropbox), ფეისბუქ გვერდის, ბრიფების და სხვა რესურსების რეგულარული მონიტორინგი;

• მომზადებული სტატიების საბოლოო რედაქტირება და „ფაქტ-მეტრის“ სტატიის თუ სხვა შესაბამისი მასალის ვებგვერდზე განთავსება;

• ინგლისურად სათარგმნი სტატიების ამორჩევა, მათი მიწოდება თარჯიმნისთვის და ამ პროცესის მონიტორინგი;

• „ფაქტ-მეტრის“ კვლევების გაშუქების მიზნით სხვადასხვა ფორმატში მედიასთან კომუნიკაცია;

• Fact-Checker-თა საერთაშორისო ქსელთან (IFCN) კომუნიკაცია და შესაბამის აქტივობებში მონაწილეობის მიღება;

• ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ერთად „ფაქტ-მეტრის“ სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა;

• მედია-პროექტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

• ქართული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა;

• ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ცოდნა. კვლევითი გამოცდილება საჯარო პოლიტიკის, ასევე ეკონომიკურ საკითხებზე, უპირატესობად ჩაითვლება;

• მედიაგამოცემაში, არასამთავრობო ორგანიზაციაში ან კვლევით ცენტრში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა, ქართულ ან ინგლისურ ენაზე უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი მისამართზე: [email protected], სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მთავარი რედაქტორი.

სამოტივაციო წერილში, გამოკვეთილი უნდა იყოს პოზიციისთვის შესაბამისი გამოცდილება, კანდიდატის პროფესიული შესაბამისობა აღნიშნულ ვაკანსიასთან და ხედვა მომავალი კონტრიბუციის შესახებ.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა არის 10 ივლისი.

სამუშაოს დაწყების სავარაუდო თარიღი: 3 აგვისტო, 2020.

შენიშვნა: გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.