logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

Facebook-ი GRASS-ის „ფაქტ-მეტრთან“ ფაქტების გადამოწმების პარტნიორობას სომხურ ენაზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად აფართოებს

Untitled-2.png
01 ივნისი, 2021
 0

Facebook-ი სომხურ ენაზე Facebook-სა და Instagram-ზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად „ფაქტ-მეტრთან“ (FactCheck Georgia), როგორც დამოუკიდებელ ფაქტების გადამმოწმებელ პლატფორმასთან, პარტნიორობას აფართოებს. GRASS-ის „ფაქტ-მეტრი“ (FactCheck Georgia) ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) მიერ სერთიფიცირებულია და მომავალი ორი თვის განმავლობაში (ივნისი-ივლისი 2021) ითანამშრომლებს ადგილობრივ სომხურ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის ინიციატივების ცენტრთან“ (MIC) Facebook-სა და Instagram-ზე გავრცელებული პოსტების შინაარსის გადასამოწმებლად.

Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 80-ზე მეტ პარტნიორს აერთიანებს და ფაქტებს 60-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე ამოწმებს. აღნიშნული პარტნიორები ვირუსულად გავრცელებულ დეზინფორმაციის იდენტიფიცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. როდესაც ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია ინფორმაციას ყალბ ამბად აფასებს, Facebook-ი მის შინაარსს გამაფრთხილებელი ვერდიქტით ნიშნავს და მის გავრცელებას მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე, გვერდებსა და დომეინებს, რომლებიც განმეორებითად აზიარებენ ყალბ ამბებს, გვერდის მთლიანი გავრცელება და მონეტიზაციისა და რეკლამირების უფლება ეზღუდებათ.

იქიდან გამომდინარე, რომ Facebook-ი მხოლოდ IFCN-ის მიერ სერტიფიცირებულ ფაქტების გადამმოწმებლებთან თანამშრომლობს და პრიორიტეტს ანიჭებს ადგილებს, სადაც არჩევნებია მოახლოებული და სადაც დეზინფორმაციამ შეიძლება რეალური რისკები გამოიწვიოს, Facebook-მა გადაწყვიტა, რომ გააფართოვოს თანამშრომლობა „ფაქტ-მეტრთან“ (FactCheck Georgia) სომხეთში.

„ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია გავაფართოვოთ თანამშრომლობა „ფაქტ-მეტრთან“ (FactCheck Georgia) სომხეთში. ამ განცხადების გაკეთებამდე ჩვენ გავითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც გაანალიზდა ფაქტების გადამოწმების პროგრამის დაწყებამდე. სომხეთში, ადგილობრივ პარტნიორთან, მედიის ინიციატივების ცენტრთან (MIC) თანამშრომლობა და მათი უმნიშვნელოვანესი მუშაობა ჩვენს პლატფორმაზე სომხურ ენაზე არსებული დეზინფორმაციის გავრცელების შემცირებაში დაგვეხმარება“ - სოფი აიერსი, Facebook-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მენეჯერი.

Facebook-ს დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგია სამი ნაწილისგან შედგება:

• პოსტის შინაარსზე მომხმარებელთათვის მეტი ინფორმაციისა და კონტექსტის მიწოდება

• ყალბი ამბების და არაავთენტური შინაარსის მქონე ინფორმაციის ხილვადობის შემცირება

• იმ შინაარსის პოსტების წაშლა, რომელიც არღვევს Facebook-ისა და Instagram-ის საზოგადოებრივ სტანდარტებს და რეკლამების პოლიტიკას

აღნიშნული სტრატეგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლისას. პანდემიის დაწყების დღიდან, Facebook-მა 18 მილიონზე მეტი ისეთი შინაარსის შემცველი პოსტი წაშალა, რომლებიც COVID-19–თან და ვაქცინების დეზინფორმაციასთან დაკავშირებით Facebook-ის წესებს არღვევდა. 167 მილიონზე მეტი პოსტი გამაფრთხილებელი ვერდიქტით მოინიშნა. როდესაც პოსტი გამაფრთხილებელი ვერდიქტით ინიშნება, 95% შემთხვევაში მომხმარებლები პოსტის შინაარს აღარ ნახულობენ.

დამატებითი ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების პროგრამასთან დაკავშირებით ხელმისავდომია ამ ბმულზე. ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელსა და მის ძირითად პრინციპებზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს: ბმული 1, ბმული 2.