logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ფაქტ-მეტრი საზოგადოებრივ მაუწყებელთან იწყებს თანამშრომლობას

Capture.JPG
05 ივნისი, 2019
 0

GRASS -ის პროექტი ფაქტ-მეტრი და საზოგადოებრივი მაუწყებელი (პირველი არხი) თანამშრომლობას იწყებენ. ამიერიდან, ყოველ სამშაბათს, გადაცემაში "თავისუფალი ხედვა", ფაქტ-მეტრის კვლევებზე დაყრდნობით მომზადებული რუბრიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გავა. პირველ ერთობლივ გადაცემაში ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ვისაუბრეთ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებას საქართველოს სახელმწიფოსა და მისი ხალხისათვის ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - არანაკლები, ვიდრე თავის დროზე ნავთობ და გაზსადენებს ჰქონდათ, რამაც თავის მხრივ საქართველოდ წოდებული გეოგრაფიული ადგილის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

ის ფაქტი, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა არ გახლავთ მორიგი და ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული პროექტი და ის განსაკუთრებულია, საქართველოს კონსტიტუციაც აღიარებს.

შთამბეჭდავი და ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა პორტის სიმძლავრე და შესაძლებლობები: პორტის სიღრმე 16 მეტრი იქნება (სწორედ ამიტომ ჰქვია ღრმაწყლოვანი), რაც მას 10 ათას კონტეინერიანი გემების მიღების საშუალებას მისცემს. ასეთი საშუალება ქართულ პორტებს არ გააჩნიათ და ამიტომაც, საქართველო დიდი ოდენობის ტვირთებს და შემოსავალს კარგავს.

პორტის პირველი ფაზის მშენებლობა 2021 წლისთვისაა ნავარაუდები. პორტი სულ 9 ფაზად განვითარდება და ჯამში 2.5 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება. პირველი ფაზის განხორციელებისათვის კი, 620 მლნ დოლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ ანაკლიის აკვატორიაში ასეთი მასშტაბური პორტის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ „საბჭოთა“ საქართველოს დროიდან მოდის. ნავსადგურის მშენებლობის პირველი მცდელობა 60-იანი წლების ბოლოსკენ იყო, თუმცა, დღემდე ვერა და ვერ მოხერხდა ამ საშვილიშვილო იდეის რეალიზება. ხან მოსკოვი ბლოკავდა, ხან რუსული აგრესიის წინააღმდეგ სამამულო ომებში ჩართულ საქართველოს აღარ ჰყოფნიდა ძალა და რესურსი, ხანაც ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლი ხდებოდა.

დღეს, გარკვეული თვალსაზრისით, პარადოქსული სიტუაციაა შექმნილი. ერთის მხრივ, თითქოს როგორც არასდროს, ახლოს ვართ საქართველოს თაობების საოცნებო პროექტის განხორცილებასთან:

საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წელს გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში 2016 წელს გამარჯვება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მოიპოვა“ და მასშტაბური „საჯარო და კერძო თანამშრომლობის“ ფორმის პროექტის განხორციელებაც დაიწყო. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიხედვით, მათ უკვე განახორციელეს 70 მლნ დოლარის ინვესტიცია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით კი, მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 300 მლნ-ის გამოყოფის და ასევე, 100 მლნ ფინანსური შენატანის შესახებ ვალდებულება აიღო, ხოლო 60 მლნ, ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, უკვე დახარჯა ანაკლიაში მიწების გამოსყიდვისთვის.

მეორეს მხრივ, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება დიდი წინააღმდეგობის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს და სამწუხაროდ, ის არაერთხელ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ანაკლიის პორტს ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავს. მისი „ბუნებრივი“ მოწინააღმდეგე რუსეთია - მას რა თქმა უნდა არ სურს საქართველოში მორიგი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტის განხორციელება, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურად გააძლიერებს და დასავლეთთან კიდევ უფრო დაახლოებს. ანაკლიის პორტს მოწინააღმდეგეები ჰყავს ქვეყნის შიგნით ე.წ. ადგილობრივი „დინოზავრების“ სახით, რომლებიც ებრძვიან პროგრესს და არაჯანსაღი და არასამართლიანი ეკონომიკური ინტერესები გააჩნიათ.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პროექტში ერთი მხარეა და შესაბამისად, მიზანიც ერთი უნდა ჰქონდეთ. რბილად რომ ვთქვათ, შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ხელისუფლება მუდმივად თავს იზღვევდა, თავის მართლების ან გადაბრალების რეჟიმში იყო პროექტის განხორციელების შესაძლო შეფერხების ან გადავადების გამო. სკეპტიკურპოზიცია დააფიქსირა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. მისი განცხადებით, კერძო კომპანიას გაუჭირდება ასეთი დიდი და კომპლექსური პროექტის განხორციელება. მეორე მხრივ, თითქოს, გარკვეული იმედის საფუძველი შექმნა პრემიერ ბახტაძის განცხადებამ, რომ მთავრობის პრიორიტეტი ამ პროექტის კვლავაც კერძო სექტორის მიერ განხორციელება რჩებოდა.

მიმდინარე წლის 21 მაისს მსხვილ საერთაშორისო დონორებთან გამართული მორიგი მოლაპარაკებების შედეგები საკმაოდ საიმედოდ გამოიყურებოდა. მხარეებმა მოილაპარაკეს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და დარჩენილია რთული, მაგრამ საკმარისი ნების არსებობის შემთხვევაში, მაინც მოლაპარაკებადი პირობა ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევის შესახებ.

თუმცა, ამ იმედის მომცემი მოლაპარაკებების შედეგს სერიოზული ზიანი მიაყენა ეკონომიკის სამინისტროს 2 მაისის ბრძანებამ, რომლის აღსრულებასაც შეიძლება მოჰყოლოდა სახელმწიფოს „ჩათრევა“ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უტოპიურ წამოწყებაში. ბრძანების არსებობის შესახებ საერთაშორისო ინვესტორებმა და საზოგადოებამ მხოლოდ 21 მაისის შემდეგ შეიტყვეს.

ამ ეტაპზე ეკონომიკის ახალი მინისტრი შეეცადა ეს ზიანი ფორმალური თვალსაზრისით მყისიერად გამოესწორებინა და ბრძანება გააუქმა. უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ იმედი შეიძლება ვიქონიოთ, რომ ანაკლიის პორტის მნიშვნელობას მართლაც ბოლომდე გააცნობიერებს მისი ყველა გულწრფელი მხარდამჭერი, ისტორიის სწორ მხარეს დადგება და მის მშენებლობას საფრთხე აღარ შეექმნება.