logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ევროკავშირის მხარდაჭერით ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას აგრძელებს

264766352_612193633425645_8008164392699093406_n.png
14 დეკემბერი, 2021
 0

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას განაგრძობს. კამპანიის ფარგლებში, რომელიც მოიცავდა კარდაკარის პრინციპით მოქალაქეებთან შეხვედრას, შემდეგ კი ამცრელი პუნქტის მათსავე სოფლებში დაორგანიზებას, ამ დროისთვის გაკეთდა 212 აცრა - 73 ადამიანი აცრა ორჯერადად, ხოლო 139 ერთი დოზით.

ვაქცინაციის წასახალისებლად GRASS-მა აღნიშნული პროექტი 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში COVID-19-ის ვაქცინებზე გავრცელებულ დეზინფორმაციის აღმოჩენის, გამოაშკარავებისა და გადამოწმების შესახებ საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) 6-7 ნოემბერს ახალგაზრდებისთვის ტრენინგები ჩაატარა. გადამზადებული ახალგაზრდები ქვემო ქართლის აზერბაიჯანულენოვან, სომხურენოვან და ქართულენოვან დასახლებებში მოქალაქეებს კარდაკარის პრინციპით ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას აწვდიან და მიღებულ ცოდნას უზიარებენ.

15, 16 და 17 ნოემბერს, ასევე 8 და 9 დეკემბერს, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) გადამზადებულმა მოხალისეებმა, ქვემო ქართლის 2 მუნიციპალიტეტის მარნეულისა და დმანისის სოფლებში მოსახლეობასთან ვაქცინაციის ხელშემწყობი კარდაკარ კამპანია გამართეს.

კარდაკარის კამპანიის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა, ერთი მხრივ, მოსახლეობას მიეღო ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით და, მეორე მხრივ, ადგილობრივების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა მათსავე სოფლებში მომხდარიყო.

15 და 16 ნოემბერს მოხალისეთა ერთი ჯგუფი იმყოფებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქეებით დასახლებულ სოფელ შაუმიანში, ასევე შაუმიანში არსებულ დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში და ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეებით დასახლებულ ახლომდებარე სოფელ ახყულაში. მარნეულის სოფლებში, კარდაკარის კამპანიაში, ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სოფლის ექიმი, ისევე როგორც ადგილობრივი სათემო ცენტრის ხელმძღვანელი.

16-17 ნოემბერს მოხალისეთა მეორე ჯგუფი იმყოფებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში - ამამლო და ბეზაქლო, სადაც, როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივი მოსახლეობას ჰქონდა საკმაოდ მწირი ინფორმაცია, როგორც ზოგადად ვაქცინაციის პროცესის, ისე თავად ვაქცინების შესახებ. კარდაკარის პროცესში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც დმანისის მერიიდან, ასევე სოფლის რწმუნებულები და ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი.

18 ნოემბერს, ქვემო ქართლში დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების სომხურენოვან, აზერბაიჯანულენოვან და ქართულენოვან დასახლებებში GRASS-ის ჩართულობით მობილური ამცრელი პუნქტები დაორგანიზდა, რომლის ფარგლებშიც 85 ადამიანი აიცრა. (43 ადამიანი აიცრა დმანისის მუნიციპალიტის სოფლებში ამამლო და ბაზაქლო, ხოლო 42 ადამიანი მარნეულის მუნიციპალიტეტების სოფებში შაუმიანი და ახყულა).

კარდაკარის შემდეგი კამპანიები იმავე ლოკაციებზე გაიმართა 8 და 9 დეკემბერს (8 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამამლო და ბაზაქლო, და 9 დეკემებერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში შაუმიანი და ახყულა). კარდაკარის მიზანი იყო, ერთი მხრივ, პირველი დოზით აცრილი ადგილობრივებისთვის მეორე დოზის შეთავაზება და, მეორე მხრივ, ვაქცინაციაში ჩართულიყვნენ ის მოქალაქეები, რომლებიც კამპანიის პირველ ეტაპზე არ აცრილან.

8 და 9 დეკემბერს, დმანისსა და მარნეულში ხელახლა დაორგანიზდა მობილური ამცრელი პუნქტების განთავსება. 8 დეკემბერს ამამლოსა და ბაზაქლოში კიდევ დამატებით გაკეთდა 70 აცრა (37 მეორე დოზა და 33 პირველი დოზა), ხოლო 9 დეკემბერს შაუმიანსა და ახყულაში 57 აცრა განხორციელდა (36 მეორე დოზა, 21 პირველი დოზა). ჯამში მარენულსა და დმანისში, 18 ნოემბერს და 8-9 დეკემებრს, ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში სულ გაკეთდა 212 აცრა - 73 ადამიანი აცრა ორჯერადად, ხოლო 139 ერთი დოზით.

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებსა და სოფლებშიც გეგმავს კამპანიის გაგრძელებას.

საქართველოს რეფორმების ასოციაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროექტში ჩართულ მოხალისეებს, რომელთა ჩართულობის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა აცრის წამახალისებელი კამპანიის ჩატარება.

მოხალისეები: შუქურ ალიევი, რაშან ზიადალიევი, ლიზა ტოროსიანი, ნაშირ ორდუხანოვი, საიდა მამედოვა, თეივა გარიბოვა, ნარმინ აივაზოვა, ჟანა ჩოგანდარიანი, გარიკ გალსტიანი, ედიკ კამალიანი, ალინა ალიევა, გიოზალ გუსეინოვა.

პროექტი „COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ არის 48-თვიანი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ. პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა.